გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ, მაგრამ ძალიან ამბიციურ კლუბთან ფინკი კონტრაქტს 2014 წლამდე გააფორმებს, გუნდის გაწვრთნას კი ორშაბათიდან შეუდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უქმეებზე, "ფრაიბურგთან" შეხვედრაში "ჰამბურგს" სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი გაწვრთნის.
"ტორსტენ ფინკი ჩვენთვის ყველაზე სასურველი სპეციალისტი იყო და მისთვის
"შეიძლება ახლა ეს ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ "ჰამბურგი" ბავშვობიდან მომწონდა. ამ გუნდს ჯერ კიდევ მაშინ ვქომაგობდი, როცა ჰამბურგელები ევროპაში ბრწყინავდნენ. მერეც, როცა "კარლსრუეს" ან მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას ვიცავდი, "ჰამბურგს" ყოველთვის ვქომაგობდი ხოლმე.
"ბაზელში" სამი შესანიშნავი წელი გავატარე, ახლა კი დროა, რომ სამწვრთნელო კარიერაში პროგრესული ნაბიჯი გადავდგა - "ჰამბურგის" გაწვრთნას ამიტომაც დავთანხმდი. ფაქტია, რომ ბევრი საქმე მექნება. გუნდი ბოლო ადგილზეა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ "ჰამბურგი" ელიტიდან არ გავარდეს. ეს არასდროს მომხდარა და მჯერა, რომ არც ახლა მოხდება," - ეს თავად ფინკის სიტყვებია.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ჩრდილოგერმანულმა კლუბმა "ბაზელს" ფინკის სანაცვლოდ ერთი მილიონი ევრო გადაუხადა. ტორსტენი დებიუტი 22 ოქტომბერს, "ვოლფსბურგთან" საშინაო შეხვედრაში შედგება.
ტორსტენ ფინკის სამწვრთნელო კარიერაში "ჰამბურგი" პირველი ბუნდესლიგური კლუბი იქნება. მანამდე, "ბაიერნის", "კარლსრუესა" და "ვატენშაიდის" ყოფილი ფეხბურთელი "ბაზელის" გარდა, ავსტრიაში ზალცბურგის "რედ ბულს", გერმანიაში კი მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "ინგოლშტადს" წვრთნიდა, საიდანაც 2009 წელს ზედიზედ 11-მატჩიანი მოუგებელი სერიის გამო გაათავისუფლეს.
ცოტა ხნის წინ, მისმა "ბაზელმა" ჩემპიონთა ლიგაში უდიდესი სენსაცია გამოაცხო - შვეიცარიელებმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" "ოლდ ტრეფორდზე" 3:3 ითამაშეს. "ბაზელში" ფინკს სავარაუდოდ შვეიცარიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მურატ იაკინი შეცვლის, რომელიც ახლა "ლუცერნს" ავარჯიშებს, კარიერის საუკეთესო წლები კი სწორედ "ბაზელში" აქვს გატარებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"