რეკორდმაისტერი დღეს თამაშობს: ბავარიელები ლევან კობიაშვილის „ჰერტას“ ხვდებიან. „ჰოფენჰაიმი“ სამხრეთ-დასავლურ დუელში „შტუტგარტს“ გამოიწვევს, „გლადბახი“ „ლევერკუზენს“ დაუხვდება. კრიზისში მყოფი „ჰამბურგი“ ხვალ ფრაიბურგში ჩადის.
ბაბელი მიუნხენში: კრაფტით, ოტლით და კობიაშვილით
წინა ტურში „ბაიერნმა“ ექვსმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, მაგრამ მანუელ ნოიერმა კარი მაინც მშრალად შეინახა - რეკორდმაისტერმა „ჰოფენჰაიმთან“ უგოლო ფრე გააგორა. ბავარიელები ამჯერად
ეს მატჩი ბერლინელთა თავკაც მარკუს ბაბელისთვის განსაკუთრებულია, რადგან კარიერის საუკეთესო წლები მას სწორედ „ბაიერნში“ აქვს გატარებული. შეხვედრა არანაკლებ მნიშვნელოვანია „ჰერტას“ ორი ფეხბურთელისთვისაც: საყრდენი ნახევარმცველი ანდრეას ოტლი და მეკარე თომას კრაფტიც ყოფილი ბაიერნელები არიან. „ბაიერნი“ „ჰერტასთან“ ისედაც ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა მაინც უნდა გამოვყოთ: „ჰერტამ“ მიუნხენში ბოლოს 34 წლის წინათ, 1977 წლის 29 ოქტომბერს მოიგო (2:1).
მაინცი თუ აუგსბურგი: რომელი გამოვა კრიზისიდან?
გუნდს, რომელიც შარშან ამ დროს ბუნდესლიგის ლიდერი იყო, ახლა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს: „მაინცი“ ვეღარ მაინცობს, თუმცა თომას ტუხელის ბიჭებმა წინა ტურში, „ნიურნბერგთან“ მიღწეული ფრით (3:3) სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს და ეს უკვე პოზიტივია. ბუნდესლიგის დებიუტანტ „აუგსბურგთან“ საშინაო მატჩში მაინცელთა მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა - ტუხელი ამბობს, თუ „აუგსბურგსაც“ ვერ დავამარცხებთ, ეს უკვე კატასტროფა იქნებაო. ლოგიკურია, რადგან აკაკი გოგიას გუნდს ამ სეზონში ერთი მატჩიც არ მოუგია, „მაინცს“ კი საკუთარ მოედანზე ბოლო სამივე თამაში წაგებული აქვს. აუგსბურგელები წინა ტურში დორტმუნდში 0:4 განადგურდნენ...
ჰოფენჰაიმი შტუტგარტში ვაისთან ერთად
„ჰოფენჰაიმი“ შტუტგარტში გმირის სტატუსით ჩადის, რადგან წინა ტურში „სოფლელებმა“ „ბაიერნს“ ორი ქულა დააკარგვინეს, რაც ამ სეზონში დასაფასებელი მიღწევაა. აღსანიშნავია, რომ „ჰოფენჰაიმს“ ბუნდესლიგაში „შტუტგარტთან“ არასდროს მოუგია. „ჰოფეს“ შვაბენლანდში „შტუტგარტის“ სამი ყოფილი მოთამაშე მიჰყვება: შიპლოკი, რუდი და ბეკი. დიდი შანსია, რომ ორთვენახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მოედანზე კვლავ ვიხილოთ „ჰოფენჰაიმის“ ლიდერი და კიდევ ერთი ყოფილი შტუტგარტელი ტობიას ვაისიც.
ჰლების დებიუტი ვოლფსბურგში?
„ვოლსბურგმა“ ბელორუსი ნახევარმცველი ალიაკსანდრ ჰლები აგვისტოს ბოლოს დაიმატა, მაგრამ ამ უკანასკნელს „მგლების“ შემადგენლობაში ჯერ ერთი თამაშიც კი არ აქვს ჩატარებული, რადგან მუხლის ტრავმა აწუხებდა. ახლა კი შესაძლოა, ფელიქს მაგათის გუნდში დებიუტი ჰქონდეს, რადგან ტკივილები აღარ აწუხებს და ვარჯიშიც დაწყებული აქვს. თუ ჰლებს ათამაშებს, გამოვა, რომ მაგათი ამ სეზონში უკვე 26-ე ფეხბურთელს გამოცდის, რაც 9 ტურის კვალობაზე ძალიან ბევრია - ამდენ ფეხბურთელს ამ სეზონში ბუნდესლიგის სხვა არცერთ კლუბში არ უთამაშია. „დესპოტმა ფელიქსმა“ ცოტა ხნის წინ პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა ახალგაზრდა მცველ თიოლკესაც, რომელსაც დაცვაში შექმნილი პრობლემების გამო (კირიაკოსი და რუსი დისკვალიფიცირებულები არიან), ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის კარგი შანსი აქვს. „ვოლფსბურგის“ მეტოქე „ნიურნბერგია“, რომელსაც წამყვანი ფეხბურთელის, მარცხენა მცველ პინოლას გარეშე მოუწევს თამაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრანკებს ძალიან ახალგაზრდული დაცვის ხაზი ეყოლებათ: 23 წლის კლოზე პინოლას შემცვლელ პლატენჰარდტთან, ვოლშაიდთან და ჩანდლერთან შედარებით ხომ „ვეტერანი“ ფეხბურთელია.
ფავრის თავსატეხი: შტრანცლი თუ ბრუვერსი?
„გლადბახი“ მესამე ადგილზეა და მიუხედავად წინა ტურში განცდილი მარცხისა, გუნდის შვეიცარიელი თავკაცი ლუსიენ ფავრი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. „ლევერკუზენთან“ უმწვავესი შეხვედრის წინ, მიონხენგლადბახელთა დამრიგებელს ერთი თავსატეხი აქვს: ვინ უნდა ათამაშოს დაცვის ცენტრში დანტეს გვერდით - შტრანცლი თუ ბრუვერსი? გადაწყვეტილების მიღწებისას ფავრს დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან „ლევერკუზენის“ შემტევები ძალიან კარგ ფორმაში არიან: ანდრე შიურლემ გერმანიის ნაკრების მაისურით გაიტანა (ბელგიასთან), ერენ დერდიოკმა და შტეფან კისლინგმა კი ბუნდესლიგის წინა ტურში (ვოლფსბურგთან) იხეირეს და თანაც, დერდიოკის გოლი ულამაზესი იყო. „ლევერკუზენს“ რენატო აუგუსტო აკლია, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და საერთოდ, გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე მისთვის უკვე დასრულებულია.
დამშვიდებულები: შალკე და კაიზერსლაუტერნი
ორი კვირის წინ „შალკესა“ და „კაიზერსლაუტერნში“ დიდი აურზაური იყო, ახლა კი ყველაფერი მოგვარებულია. გელზენკირხენულმა კლუბმა მოულოდნელად გადამწვარ-გადამდგარი რალფ რანგნიკის ნაცვლად ჰუუბ სტევენსი დანიშნა და ამ მწვრთნელმა ლევან ყენიას გუნდს ორივე თამაში მოაგებინა, „კაიზერსლაუტერნში“ კი ჟურნალისტების მიერ ჩემოდნებზე შემოსულმა მწვრთნელმა მარკო კურცმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. დღეს საღამოს „შალკე“ და „ლაუტერნი“ ერთმანეთს ხვდებიან და აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ გასულ სეზონში „წითელი ეშმაკები“ „შალკეს“ მთავარი გამამწარებლები იყვნენ: „ლაუტერნმა“ წინა სეზონში „შალკეს“ ორივე თამაში მოუგო და არცერთი გოლი არ გაატანინა (ბურთების შეფარდება ორი თამაშის ჯამში: 6:0). გელზენკირხენელთა რიგებში შესანიშნავ ფორმაშია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საუკეთესო ბომბარდირი კლაას-იან ჰუნტელაარი (12 გოლი), ჯეფერსონ ფარფანის ასპარეზობა კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
რას დაუტოვებს არნესენი ფინკს?
„ჰამბურგს“ სანაკრებო პაუზის აქტიურად გამოყენება სურდა იმისათვის, რომ ახალი მწვრთნელი დაენიშნა, რაც ჩრდილოგერმანელებმა მოახერხეს კიდეც, მაგრამ არა ისე, როგორც უნდოდათ: მართალია, უკვე დანიშნული ტორსტენ ფინკი სასურველი კანდიდატი იყო, მაგრამ ამ ტურში გუნდს მაინც სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი უხელმძღვანელებს, ფინკი კი საქმეს ორშაბათიდან მიხედავს.
„ფრაიბურგისა“ და „ჰამბურგის“ ჯახი კრიზისში მყოფი გუნდების დუელია და შეიძლება ძალიან საინტერესო გამოვიდეს. მართალია, ჰამბურგელთა ახალწვეულმა ივო ილიჩევიჩმა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, მაგრამ ტრავმა აწუხებს და მისი დებიუტი ფაქტობრივად გამორიცხულია. სამაგიეროდ, „ფრაიბურგში“ დებიუტი ექნება ახალწვეულ ანდრეას ჰინკელს, რომელიც უკლუბოდ იყო. აღსანიშნავია, რომ „ფრაის“ „ჰამბურგი“ საკუთარ მოედანზე 2000 წლის შემდეგ აღარ დაუმარცხებია.
ტურს ხვალ საღამოს „კიოლნისა“ და „ჰანოვერის“ დაპირისპირება დახურავს. გაგახსენებთ: შარშან „თხებმა“ „წითლები“ 4:0 გაანადგურეს. იმ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკას პოდოლსკი გახდა, მილოვოე ნოვაკოვიჩმა კი დუბლი შეასრულა.
ბუნდესლიგა. IX ტური
დღეს
ბაიერნი-ჰერტა 17:30
ტრავმა: ბრენო, რობენი (ორივე ბაიერნი)
მაინცი-აუგსბურგი 17:30
ტრავმა: სალაი - დე იონგი, ვერჰეგი, ბა, მ. ნდიენგი, ნებელი, სინკალა, ს. ჰაინი, იორლი
შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 17:30
ტრავმა: ბიჩაქჩიჩი, დელპიერი, ნიდერმაიერი, აუდელი, კუჟმანოვიჩი, შიბერი - გულდე, იაისლე, სალიჰოვიჩი
ვოლფსბურგი-ნიურნბერგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჰიტცი, კირიაკოსი, რუსი (სამივე ვოლფსბურგი)
ტრავმა: კალენბერგი - რაკოვსკი, რ. შეფერი, ნილსონი, პინოლა, დიდავი, კლემენტი
ბორუსია (მ)-ლევერკუზენი 17:30
ტრავმა: დე კამარგო - ადლერი, ბარნეტა, ორტეგა, რენატო
შალკე-კაიზერსლაუტერნი 20:30
ტრავმა: ჰუგლანდი, უჩიდა, ყენია, მარიკა - ორბანი, შიმუნეკი
ხვალ
ფრაიბურგი-ჰამბურგი 17:30
ტრავმა: ფერატი, მუიჯა - შტეპანეკი, არსლანი
კიოლნი-ჰანოვერი 19:30
დისკვალიფიკაცია: სობიეხი (ჰანოვერი)
ტრავმა: ჟერომელი, მატუშიკი, პეტიტი - მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 8 6 1 1 21:1 19
2. ვერდერი 8 5 1 2 16:10 16
3. ბორუსია (მ) 8 5 1 2 9:4 16
4. შალკე 8 5 0 3 17:13 15
5. ჰანოვერი 8 4 3 1 11:10 15
6. ბორუსია (დ) 8 4 1 3 13:7 13
7. შტუტგარტი 8 4 1 3 12:6 13
8. ჰოფენჰაიმი 8 4 1 3 12:7 13
9. ლევერკუზენი 8 4 1 3 10:11 13
10. ჰერტა 8 3 3 2 12:9 12
11. ნიურნბერგი 8 3 2 3 9:10 11
12. კიოლნი 8 3 1 4 13:18 10
13. ვოლფსბურგი 8 3 0 5 9:15 9
14. მაინცი 8 2 2 4 12:18 8
15. ფრაიბურგი 8 2 1 5 13:22 7
16. კაიზერსლაუტერნი 8 1 2 5 5:12 5
17. აუგსბურგი 8 0 4 4 6:16 4
18. ჰამბურგი 8 1 1 6 9:20 4
ბომბარდირები: 8 - გომესი (ბაიერნი); 7 - ჰუნტელაარი (შალკე); 6 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი), პისარო (ვერდერი); 5 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ); 4 - ბაბელი (ჰოფენჰაიმი), ჰარნიკი (შტუტგარტი), პოდოლსკი (კიოლნი), რაული (შალკე), რობერტო ფირმინიო (ჰოფენჰაიმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"