"დორტმუნდისგან" რეაქციას ველით!

AutoSharing Option
გერმანიაში ყველა და ყველაფერი ისევ „ბაიერნის“ გარშემო ტრიალებს - ყველა იმის მოლოდინშია, როდის დაკარგავს რეკორდმაისტერი ქულებს, რათა მდევრებს მიახლოვების შანსი გაუჩნდეთ. არადა, მიუნხენური გრანდის მდევართაგან ვერცერთი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე.

9 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე მყოფ „გლადბახს“ სათვალავში ჯერაც არავინ აგდებს, რაც ლოგიკურიცაა და ამ ეტაპზე ყველას ისევ „დორტმუნდის“ იმედი აქვს, რომელიც ამ ტურამდ მესამე პოზიციაზე იყო. არადა, მოქმედი ჩემპიონიც ვერ დგას თავის სიმაღლეზე - მართალია, „ბორუსიამ“ ბუნდესლიგაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობები იურგენ კლოპის გუნდს მაინც დაღს
ასვამს.

მიონხენგლადბახელებს ამ ტურში ჰოფენჰაიმთან გასვლით მატჩში მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ სათვალავში ჩასაგდებები არიან, დორტმუნდელები კი კარგ ფორმაში მყოფ „კიოლნს“ მასპინძლობენ.

ამ ტურის საინტერესო მოვლენაა ტორსტენ ფინკის დებიუტი „ჰამბურგის“ მწვრთნელის რანგში (ვოლფსბურგთან), „ლევერკუზენი“ ხვალ „შალკეს“ უმასპინძლებს, ხოლო თვით „ბაიერნი“ კი ჰანოვერში ჩადის.

დორტმუნდი: სრული კონცენტრაცია ბუნდესლიგაზე
საბერძნეთში წაგებული თამაშის შემდეგ, რომლის წყალობითაც გერმანიის ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის შანსი საგრძნობლად შეუმცირდა და მხოლოდ თეორიულიღა ეთქმის, დორტმუნდის „ბორუსია“ ვალდებულია, ბუნდესლიგაში პროგრესი განაგრძოს.

ფაქტია, რომ წინა ტურში „ვერდერთან“ გამარჯვებამ კლოპის გუნდი საჩემპიონო მარათონში დააბრუნა, დღეს კი „შავ-ყვითლებს“ „კიოლნთან“ ექნებათ საქმე. კლოპი ივან პერიშიჩს ვერ გამოიყენებს - ხორვატი „ვერდერთან“ გააძევეს და დისკვალიფიცირებულია. თავის მხრივ, საკმაოდ კარგ ფორმაშია „კიოლნიც“, რაც „თხებმა“ წინა ტურში, „ჰანოვერთან“ გამარჯვებით (2:0) დაამტკიცეს.

შესანიშნავად გამოიყურება გუნდის ლიდერი ლუკას პოდოლსკი, რომელმაც ხსენებულ მატჩში დუბლი შეასრულა და იმდენი მოახერხა, რომ მწვრთნელისგან საუკეთესო ეპითეტები დაიმსახურა - სტალე სოლბაკენმა კვირის დასაწყისში „პრინცი პოლდი“ თვით ლეო მესის შეადარა. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა: პოდოლსკი „კიოლნისთვის“ იგივეა, რაც მესი „ბარსელონასთვისო“.

აღსანიშნავია, რომ „თხების“ ფლანგის მცველმა ანდრეზინიომ უმძიმესი ტრავმა მიიღო და გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე მისთვის უკვე დამთავრებულია.

შტუტგარტი ნიურნბერგში, ფრაიბურგს უჭირს
ტრავმიანობაა „ნიურნბერგშიც“. ფრანკებს ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა, აიგლერი დაუშავდათ - ეს უკანასკნელი ვოლფსბურგში 1:2-ზე წაგებულ შეხვედრაში გოლის გატანის შემდეგ მოედნიდან საკაცით გაიტანეს. ზოგადად, „ნიურნბერგი“ ფორმიდან ამოვარდა - ფრანკებმა სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ აგერ უკვე ოთხი ტურია, არ მოუგიათ. ახლა კი კარგ ფორმაში მყოფ „შტუტგარტს“ მასპინძლობენ.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნიურნბერგს“ მომდევნო ტურში „ბაიერნთან“ ბავარიული დერბის სახით ურთულესი თამაში ელის.

„შტუტგარტში“ კი შესანიშნავი განწყობაა: ბრუნო ლაბადიას ბიჭებმა წინა ტურში „ჰოფენჰაიმი“ 2:0 დაამარცხეს და საუკეთესო ოთხეულში მოკალათდნენ. თვალშისაცემია შვაბთა სტაბილურობა დაცვაში: „შტუტგარტს“ „ბაიერნის“ შემდეგ ყველაზე ძლიერი უკანა ხაზი ჰყავს.

„კაიზერსლაუტერნისა“ და „ფრაიბურგის“ დუელი გადარჩენისთვის ბრძოლაა. „ეშმაკებმა“ ერთი კვირის წინ „შალკეს“ დამარცხება (2:1 გელზენკირხენში) მოახერხეს და ძალიან კარგ ხასიათზე არიან, „ფრაიმ“ კი კონკურენტ „ჰამბურგთან“ წააგო და ბოლოსწინა ადგილზე დამკვიდრდა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბრაისგაუელებს ამ სეზონში სტუმრად ოთხ თამაშში ოდენ ერთი ქულა აქვთ მოპოვებული.

დამაინც: რა შეუძლია გლადბახს?
ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი „ჰოფენჰაიმისა“ და „გლადბახის“ დაპირისპირებას ტურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩად მიიჩნევს, რადგან „ჰოფე“ ის გუნდია, რომელსაც ნებისმიერის გამწარება შეუძლია, „ბაიერნს“ კი 2 ქულა დაატოვებინა, მიონხენგლადბახელები კი ჯერ კიდევ სენსაციურად კარგად თამაშობენ და მეორე ადგილზე არიან.

„ჰოფე“ წინა ტურში „შტუტგარტთან“ დამარცხდა (0:2) და თანაც, „სოფლელებს“ უკვე სამი თამაშია, გოლი არ გაუტანიათ. მთავარ მწვრთნელ ჰოლგერ სტანისლავსკის ახლა გოლეადორი ვედად იბიშევიჩის იმედი აქვს, რომელიც ბოლოს და ბოლოს გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

„გლადბახს“ წინა ტურში „ლევერკუზენი“ უნდა დაემარცხებინა და დაამარცხებდა კიდეც, გუნდის ლიდერ მარკო როისს არაერთი რეალური საგოლე მომენტი რომ არ გაენიავებინა - შედეგად, მატჩი 2:2 დამთავრდა. „გლადბახი“ ოფიციალურად „ბაიერნის“ ნომერ პირველი მდევარია და რაც დრო გადის, მით უფრო მძიმე წნეხის ქვეშ ექცევა, თუმცა ლუსიენ ფავრის შეგირდები ჯერჯერობით თავისუფლად თამაშობენ.

მიონხენგლადბახელებს ორი საკადრო პრობლემა აქვთ: თავდამსხმელები დე კამარგო და ბობადილია ტრავმირებულები არიან.

„ჰერტა“ მიუნხენში უშანსოდ იყო და 0:4 დამარცხდა, თუმცა ბერლინელებმა ისედაც დაგეგმილი წაგება უკვე დაივიწყეს და ახლა საშინელ ფორმაში „მაინცთან“ სამი ქულის მოპოვებით, წარმატებულ გზაზე დაბრუნებას გეგმავენ.

„ამ ტურში აუცილებლად კარგად უნდა ვითამაშოთ და გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რომ „ბაიერნთან“ მხოლოდ იმიტომ გავნადგურდით, რეკორდმაისტერი ძალიან კარგ ფორმაში რომ არის,“ - ეს ლევან კობიაშვილის თანაგუნდელის, პატრიკ ებერტის სიტყვებია.

უკეთ თამაში და წარმატებულ გზაზე დაბრუნება „მაინცის“ მოტივაციაცაა: თომას ტუხელის გუნდმა ერთი კვირის წინ საკუთარ მოედანზე „აუგსბურგთან“ წააგო, რაც „მაინცისთვის“ დიდი სირცხვილია. ზოგადად, ტუხელის ბიჭებს შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და ბოლო ადგილს მხოლოდ ერთი ქულაღა აშორებთ.

ფინკის დებიუტი ჰამბურგში
შაბათის საღამოს მატჩი უდიდეს ინტერესს მხოლოდ იმიტომ იწვევს, რომ ტორსტენ ფინკი „ჰამბურგს“ პირველად ათამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა დროებითი მწვრთნელის რანგში ჩრდილოგერმანულ კლუბს ფრაიბურგში მოაგებინა (2:1), ჰამბურგელები მაინც ბოლო ადგილზე დარჩნენ, ახლა კი, ფინკისთვის სადებიუტო მატჩში „ვოლფსბურგს“ მასპინძლობენ - ფელიქს მაგათზე უკეთეს გამომცდელს ტორსტენი ვერც ინატრებდა.

თავის მხრივ, „მგლებმა“ წინა ტურში „ნიურნბერგი“ დაამარცხეს, განსაკუთრებით კარგ ფორმაშია მარიო მანჯუკიჩი, რომელმაც ფრანკებს დუბლი შეუსრულა და ბომბარდირთა რეიტინგშიც გამოჩნდა (5 გოლით). „ვოლფებს“ დისკვალიფიკაციამოხდილი კირიაკოსი და რუსი დაუბრუნდნენ, სამაგიეროდ, ალექსანდერ მადლუნგი დაშავდა.

შალკე შიურლეს უნდა უფრთხილდეს
ხვალ, პირველი თამაში ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „ლევერკუზენისა“ („ფარმაცევტებმა“ „ვალენსია“ 2:1 დაამარცხეს და „დორტმუნდისგან“ განსხვავებით მერვედფინალს უმიზნებენ) და ევროპის ლიგელი „შალკეს“ (5:0 „ლარნაკასთან“) დაპირისპირებაა. „ბაიერში“ ანდრე შიურლე ბოლოს და ბოლოს გაიხსნა და გოლების გატანა დაიწყო - შესაბამისად, გელზენკირხენელი მცველები სწორედ მას უნდა უფრთხილდნენ.

„შალკეს“ კარს ისევ ლარს უნერშტალი დაიცავს, რადგან ძირითადი მეკარე რალფ ფერმანი დისკვალიფიცირებული და ტრავმირებულია.

ნუთუ ჰანოვერსაც გადაუვლიან?
ტურს მიუნხენის „ბაიერნის“ ჰანოვერში სტუმრობა დახურავს. რეკორდმაისტერმა ოფიციალურ მატჩებში 1147-წუთიანი მშრალი სერია კი შეწყვიტა, მაგრამ მანუელ ნოიერს გოლი ისევ თანაგუნდელმა გაუტანა - ჰოლგერ ბადშტუბერის ავტოგოლის გამო ბავარიელებმა ნეაპოლში ქულა დატოვეს. ბუნდესლიგაში კი, მიუნხენური გრანდი რვამატჩიან მშრალ სერიას აგრძელებს.

საინტერესო ის არის, რომ „ჰანოვერს“ საკუთარ კედლებში ჯერ ერთი თამაშიც კი არ წაუგია და საკუთარი პუბლიკის თვალწინ 11 გოლი აქვს გატანილი. ევროპის ლიგაში მირკო სლომკას გუნდმა „კოპენჰაგენთან“ მხოლოდ ფრე ითამაშა - იქნებ „წითლებმა“ ძალები „ბაიერნთან“ ბრძოლისთვის დაზოგეს? აბა, ვნახოთ, რა შეუძლია „ჰანოვერს“...

ბუნდესლიგა. X ტური
გუშინ
აუგსბურგი-ვერდერი 1:1

დღეს
ბორუსია (დ)-კიოლნი 17:30
დისკვალიფიკაცია: პერიშიჩი (ბორუსია დ)
ტრავმა: კოხი, ოვომოიელა, ზიდანი - ვარვოდიჩი, ანდრეზინიო, ჟერომელი, მაკენა, პეტიტი

ნიურნბერგი-შტუტგარტი 17:30
ტრავმა: რაკოვსკი, რ. შეფერი, ნილსონი, პინოლა, დიდავი, აიგლერი - ბიჩაქჩიჩი, დელპიერი, ნიდერმაიერი, აუდელი, შიბერი

კაიზერსლაუტერნი-ფრაიბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: როდნი (კაიზერსლაუტერნი)
ტრავმა: შიმუნეკი - მუიჯა

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ) 17:30
ტრავმა: შტარკე, გულდე, იაისლე, სალიჰოვიჩი, ვაისი - ბობადილია, დე კამარგო

ჰერტა-მაინცი 17:30
ტრავმა: კარიუსი, გოპკო, შიონჰაიმი, სვენსონი, სალაი (ორივე მაინცი)

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 20:30
ტრავმა: შტეპანეკი, არსლანი, კასტელენი, ილიჩევიჩი - მადლუნგი

ხვალ
ლევერკუზენი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: კასტრო - ფერმანი
ტრავმა: ბარნეტა, ორტეგა, ადლერი, რენატო - ჰუგლანდი, ყენია, ფერმანი

ჰანოვერი-ბაიერნი 19:30
ტრავმა: მილერი, რადლინგერი, ანდრეასენი, კარლიტოსი - ბრენო, რობენი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 9 7 1 1 25:1 22
2. ბორუსია (მ) 9 5 2 2 11:6 17
3. ვერდერი 10 5 2 3 17:13 17
4. ბორუსია (დ) 9 5 1 3 15:7 16
5. შტუტგარტი 9 5 1 3 14:6 16
6. შალკე 9 5 0 4 18:15 15
7. ჰანოვერი 9 4 3 2 11:12 15
8. ლევერკუზენი 9 4 2 3 12:13 14
9. ჰოფენჰაიმი 9 4 1 4 12:9 13
10. კიოლნი 9 4 1 4 15:18 13
11. ჰერტა 9 3 3 3 12:13 12
12. ვოლფსბურგი 9 4 0 5 11:16 12
13. ნიურნბერგი 9 3 2 4 10:12 11
14. კაიზერსლაუტერნი 9 2 2 5 7:13 8
15. მაინცი 9 2 2 5 12:19 8
16. აუგსბურგი 10 1 5 4 8:17 8
17. ფრაიბურგი 9 2 1 6 14:24 7
18. ჰამბურგი 9 2 1 6 11:21 7

ბომბარდირები:
10 - გომესი (ბაიერნი); 8 - ჰუნტელაარი (შალკე); 7 - სისე (ფრაიბურგი); 6 - აბდელაუ (ჰანოვერი), პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 5 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ), მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული