აჭრილ-დაჭრილი რეკორდმაისტერი

AutoSharing Option
დაძაბა თუ არა გერმანიის ჩემპიონატი „ბაიერნის“ მარცხის შემდეგ რეალურად, ამას მომდევნო ტურებში გავიგებთ. ახლა კი ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ მიუნხენურმა გრანდმა ჰანოვერში განცდილი მარცხით დორტმუნდის „ბორუსიას“ სამი ქულის დისტანციაზე მიახლოვების საშუალება მისცა, ჟერომ ბოატენგის გაძევებას კი გერმანიაში უდიდესი დისკუსია მოჰყვა.

ამასობაში, მიუნხენური გრანდის კონკურენტად უკვე „შალკეც“ უნდა ჩაითვალოს. ის, რომ „ვერდერმა“ და „გლადბახმა“ მოწინავე პოზიციები დაკარგეს, საერთო ჯამში ორი ადამიანის დამსახურებაა - ვგულისხმობთ „ჰოფენჰაიმის“ ფორვარდ ვედად იბიშევიჩსა და „აუგსბურგის“ მეკარე სიმონ იენტცშს.

თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის მე-10 ტურის გამოხმაურება.

აურზაური
ბოატენგის წითლის გამო
გარდა იმისა, რომ „ჰანოვერისა“ და „ბაიერნის“ მატჩმა გერმანიის ჩემპიონატი ცოტათი მაინც დაძაბა, გულშემატკივრებისთვის ამ შეხვედრის ყურება ერთი სიამოვნება იყო. შეხვედრა იმდენად დაძაბული და დრამატული გამოვიდა, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, თვით რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესიც კმაყოფილი იყო - მიუხედავად წაგებისა. „ამ წაგებისგან ჩვენ უფრო მეტი რამ მივიღეთ და ვისწავლეთ, ვიდრე რამდენიმე დიდი ანგარიშით მოგებული თამაშიდან,“ - თქვა „დონ იუპმა“.

ბავარიელები მხოლოდ ერთი მომენტით დარჩნენ უკმაყოფილოები - ჟერომ ბოატენგის გაძევება მიუნხენში უსამართო გადაწყვეტილებად მიაჩნიათ. განსაკუთრებით მწარე განცხადება „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გააკეთა: „სერჟიო პინტუ სამარცხვინო კაცია. წლებია, მსახიობობს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველამ იცის, სიმულანტობა დღემდე გასდის. მე რომ ჰოლივუდის რეჟისორი ვიყო, პინტუს სერიოზულ ფილმში მთავარ როლს მივცემდი,“ - ამბობდა აჭარხლებული ული.

რაფინიასთან ორთაბრძოლის შემდეგ, პინტუ აღარ წამომდგარა და სწორედ ამიტომ დაეტაკნენ ერთმანეთს ბოატენგი და შულცი, რასაც რეკორდმაისტერის მცველის გაძევება მოჰყვა. მატჩის შემდეგ თვით „ჰანოვერის“ მწვრთნელმა მირკო სლომკამაც აღიარა, მსაჯს მოედნიდან არავინ უნდა გაეძევებინაო. შეგახსენებთ, მეორე ტაიმში მოედანი ჰანოვერელ სტივ ჩერუნდოლოსაც დაატოვებინეს.

ფინკის მეტ-ნაკლებად წარმატებული დებიუტი
„ჰამბურგის“ ხელმძღვანელები ტორსტენ ფინკის დათანხმებას ისე ზეიმობდნენ, თითქოს ტიტული მოიგეს, ერთ-ერთმა ბულვარულმა გაზეთმა „ბაზელიდან“ გადმოსულ მწვრთნელს მესიაც უწოდა, თავად ფინკმა კი გერმანიის თასის მოგებაზე ილაპარაკა. მოკლედ, „ჰამბურგი“ ოპტიმიზმით აღივსო, რაც მართლაც სასიამოვნოა იმის ფონზე, რომ ბუნდესლიგის უკანასკნელი დინო ამ ტურამდე აუტსაიდერი გახლდათ.

ფინკის სადებიუტო თამაში კი საშინლად დაიწყო: სტარტიდან ზუსტად 65 წამის შემდეგ, „ვოლფსბურგი“ უკვე იგებდა. თუ ამ გოლს არ ჩავთვლით, „ჰამბურგმა“ ახალი მწვრთნელის ხელში საკმაოდ კარგად ითამაშა და მართალია, საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშიდან გამომდინარე, ჰამბურგელებს ოპტიმიზმის უფლება ნამდვილად აქვთ. ასე რომ, მომდევნო ტურებში HSV-ს თამაშის ყურება ძალიან საინტერესო იქნება.

ისევ ის, მსუბუქი ბორუსია
„ოლიმპიაკოსთან“ განცდილი კრახიდან ზუსტად სამ დღეში, გამწარებულმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ „კიოლნი“ გამოიჭირა და სულ კუდით ქვა ასროლინა. მოქმედი ჩემპიონის 5:0 პირველ რიგში იმის მაუწყებელია, რომ იურგენ კლოპის შეგრიდები იმ სიმსუბუქეს იბრუნებენ, რაც გასულ სეზონში ჰქონდათ.

შინჯი კაგავასა და მარსელ შმელცერის სახით კი გოლები სწორედ პრობლემატურმა მოთამაშეებმა გაიტანეს - იაპონელი ბოლო დროს კრიტიკის უმთავრესი ობიექტი იყო, შმელცერი კი საშინელ შეცდომებს უშვებდა. რაც ყველაზე საინტერესოა, დორტმუნდელებს კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ.

მოკლედ, ბუნდესლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაშის მოგების შემდეგ, „ბორუსია“ მეორე ადგილზეა და შეიძლება ითქვას, რომ გუნდში ყველაფერი კარგადაა - თუ არ ჩავთვლით ჩემპიონთა ლიგას, რომელსაც დორტმუნდელები, როგორც ჩანს, ამ სეზონში ფეხებზე დაიკიდებენ. პრინციპში, სხვა გზა აღარც აქვთ...

კაცი ხარ, სიმონ!
„აუგსბურგის“ მეკარე სიმონ იენტცშმა „ვერდერთან“ ძალიან კარგად ითამაშა და მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ბუნდესლიგის დებიუტანტმა ფავორიტად შერაცხულ ბრემენულ კლუბთან არ წააგო (1:1). თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სიმონს მარჯვენა ხელის არათითი ჰქონდა მოტეხილი, „აუგსბურგის“ კიპერი ტურის გმირის სტატუსსაც იმსახურებს.

„თითი მტკიოდა, მაგრამ თამაში ძალიან მინდოდა,“ - ამბობს იენტცში. ექიმებმა ტკივილი შპრიცით გაუყუჩეს და ისე შეუხვიეს, რომ დისკომფორტი არ შექმნოდა. ამას სიმონის უდიდესი მოტივაციაც დაემატა და შედეგი სახეზეა: მისი კარის დალაშქვრა მხოლოდ კლაუდიო პისარომ შეძლო და ისიც ერთადერთხელ. და რაკი გოლი „აუგსბურგმაც“ გაიტანა (ბელინგჰაუზენი), აკაკი გოგიას გუნდმა მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

სიმონ იენტცშის კარგმა თამაშმა „ვერდერს“ ერთობ საინტერესო დასკვნა გააკეთებინა: „დღეს დამტკიცდა, რომ „ბაიერნის“ კონკურენტები არ ვართ,“ - თქვა საფინალო სასტვენის შემდეგ ბრემენელთა მარჯვენა მცველმა კლემენს ფრიტცმა.

ვედო დაბრუნდა
ვედად იბიშევიჩი დაბრუნდა და პირველივე მატჩში გაიტანა გოლი, რომლითაც „ჰოფენჰაიმმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ დაამარცხა. ბოსნიელს ამ სეზონში არცერთი თამაში არ ჰქონდა ჩატარებული და შესაბამისად, უბედნიერესი იყო. „პირველ რიგში ის გამიხარდა, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე. ორმაგად სასიხარულოა ის, რომ გამარჯვების გოლიც გავიტანე,“ - თვალები უბრწყინავდა ვედოს.

ოქროს ფარფანი
„ვერდერისა“ და „გლადბახის“ სახით, „ბაიერნს“ ორი მდევარი ჩამოშორდა, მაგრამ „დორტმუნდთან“ ერთად, ეს სტატუსი მე-10 ტურის შემდეგ „შალკემაც“ მიიღო. გელზენკირხენულმა კლუბმა კვირას ძალიან საინტერესო თამაშის მოგება შეძლო - 1:0 ლევერკუზენში. შეხვედრა ისე წარიმართა, რომ მასპინძლებსაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ სამი ქულა ბოლოს სტუმრებს დარჩათ, რაც პირდაპირ ვთქვათ, ჯეფერსონ ფარფანის დამსახურებაა, რომელიც ბუნდესლიგაში მე-100 შეხვედრას ატარებდა.

მართალია, საფინალო სასტვენის შემდეგ ლევერკუზენელები კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, მერამდენედ ჩიოდნენ, მსაჯმა დაგვჩაგრაო და ამაში იმას გულისხმობდნენ, რომ ფარფანმა გოლამდე შიურლესთან ორთაბრძოლისას თამაშის წესები დაარღვია, მაგრამ გოლი ჩათვლილია, შედეგი კი დაფიქსირებული და „შალკეს“ შემტევიც ქებას იმსახურებს. ბუნდესლიგისთვის კი მისი გოლი იმას ნიშნავდა, რომ „ბაიერნს“ ახლა რურის ორი წარმომადგენელი, დორტმუნდის „ბორუსია“ და „შალკე“ მისდევენ.

მე-10 ტურის სიმბოლური ნაკრები (4-2-2-2, კიკერი)
რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი, 1) - ლუკაშ პიჟჩეკი (ბორუსია დ, 1), ფილიპ ვოლშაიდი (ნიურნბერგი, 2), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ, 3), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ, 1) - სვენ ბენდერი (ბორუსია დ, 2), სებასტიან კელი (ბორუსია დ, 1) - ჯეფერსონ ფარფანი (შალკე, 2), კრისტიან პანდერი (ჰანოვერი, 2) - როპბერტ ლევანდოვსკი (ბორუსია დ, 2), ვედად იბიშევიჩი (ჰოფენჰაიმი, 1)

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, წესით არავის უნდა გაუკვირდეს ის, რომ „კიკერმა“ მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ექვსი დორტმუნდელი შეიყვანა.

ტურის გმირი
რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი)
ამ სეზონში დიდი იშვიათობაა ის, რომ „ბაიერნმა“ ერთ გოლზე მეტი ვერ გაიტანოს და გასულ უქმეებზე სწორედ ასეთი გამონაკლისის მომსწრენი გავხდით. ის ფაქტი, რომ მარიო გომესმა მოედანი უგოლოდ დატოვა, პირველ რიგში სწორედ „ჰანოვერის“ კიპერ რონ-რობერტ ცილერის დამსახურებაა, რომელმაც გერმანიის წინა და მიმდინარე ჩემპიონატი საუკეთესო ბომბარდირს რამდენიმე „მკვდარი ბურთი“ აუღო. დავიდ ალაბას გოლის მომენტში კი 22 წლის მეკარე უკვე უძლური იყო.

საუკეთესო ფეხბურთელები
10 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. დანიელ ვან ბუიტენი ბაიერნი 2.30
2. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.31
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.35
4. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.50
5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.55
6. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.55
7. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.55
8. ანდრე ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 2.60
9. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.63
10. სიმონ იენტცში აუგსბურგი 2.65

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 10 4 8 12
2. მარიო გომესი ბაიერნი 9 10 1 11
3. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 10 7 4 11
4. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 10 7 3 10
5. კლაუდიო პისარო ვერდერი 9 7 3 10
6. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 9 6 4 10
7. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 10 8 1 9
8. მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 10 6 3 9
9. მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 7 7 1 8
10. რაული შალკე 10 4 3 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული