მაგათის ახალი ჯეკო

AutoSharing Option
"ვოლფბსურგის" ახლო და მოულოდნელად ძალიან წარმატებული წარსული ედინ ჯეკოს, გრაფიტესა და ზვიეზდან მიშიმოვიჩის სახელებთან ასოცირდება.

დაგვეთანხმებით, ამ სამეულიდან ყველაზე მეტად ბოსნიელი თავდამსხმელი ჯეკო გამოირჩეოდა, რომელიც მერე "მანჩესტერ სიტიში" 40 მილიონ ევროდ გაიყიდა. დღესდღეობით "ვოლფსბურგში" დაახლოებით ასეთივე ფიგურად ყალიბდება 25 წლის ხორვატი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი, რომელმაც ფელიქს მაგათი და "მგლების" გულშემატკივრები არც გასულ უქმეებზე გააწბილა და "ჰამბურგს" გოლი მეორე წუთზე გაუტანა.

"როცა "ვოლფსბურგში" დავბრუნდი, პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ჩემი მთავარი თავდამსხმელი სწორედ მარიო მანჯუკიჩი იქნებოდა," - ეს თვით "დესპოტი ფელიქსის" სიტყვებია.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მარიომ უდიდესი პროგრესი განიცადა და თუკი თავიდან თავს მაინც უცხოდ გრძნობდა, ახლა უკვე ბოლომდე გაშინაურებულია. ამ სეზონში მანჯუკიჩმა უკვე 6 გოლის გატანა მოასწრო და ბომბარდირებშიც გამოჩნდა, ბოლო 17 თამაშში კი 14 გოლი აქვს გატანილი. ბუნდესლიგის მასშტაბით ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ მარიო გომესს აქვს.

"ვიცი, რომ ედინ ჯეკოს მადარებენ და ხშირად წერენ იმაზე, რომ "ვოლფსბურგისთვის" ახალი ჯეკო ვარ, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. ყველამ მომიტევოს, მაგრამ ამგვარი შედარებები ჩემი აზრით უაზრობაა და არც იმას ვითვლი, რამდენი გოლი გავიტანე მას მერე, რაც "ვოლფსბურგში" ვთამაშობ. უბრალოდ ასეთი ვარ, ციფრებს არ დავსვდევ. რაც შეეხება "ჰამბურგის" კარში გატანილ გოლს, პატრიკ ოხსმა იმდენად კარგად ჩააწოდა, რომ უშუალოდ ამ გოლს ყველა ნორმალური თავდამსხმელი გაიტანდა," - თავმდაბლობა გამოიჩინა მარიომ "ჰამბურგთან" მატჩის შემდეგ.

არადა ფაქტია, რომ დღესდღეობით ხორვატი თავდამსხმელი "ვოლფსბურგისთვის" წარმატებისა და ზოგადად სიცოცხლის უმთავრესი გარანტიაა - თუ გახსოვთ, გასულ სეზონში "ვოლფსბურგი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას სწორედ მანჯუკიჩმა გადაარჩინა - ბოლო ტურში, "ჰოფენჰაიმთან" შესრულებული დუბლით.

"მარიოს ამბავი ძალიან მაგონებს ჯეკოს ჯეკოს ვოლფსბურგულ კარიერას. თავის დროზე, ჩვენთან ედინმაც ასე დაიწყო და მერე მსოფლიო დონის ტოპ-თავდამსხმელად ჩამოყალიბდა. მასაც ისეთივე გენიალური პარტნიორი რომ ჰყავდეს, როგორიც ჯეკოს ჰყავდა გრაფიტეს სახით, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა," - ეს მარსელ შეფერის სიტყვებია.

მართლაც: მანჯუკიჩს მეწყვილეები არ უვარგა, რის გამოც მაგათი უმეტესად ერთი ცენტრფორვარდით თამაშობს ხოლმე. სრდიან ლაკიჩი ჯერჯერობით უგოლოდაა, პატრიკ ჰელმესს კი სამადლოდ მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული