HSV გადარჩენას დენის აოგოს უნდა უმადლოდეს, "ბორუსია" კი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს. დორტმუნდის "ბორუსიამ" დრეზდენის დინამოს ბარიერი საკმაოდ იოლად გადალახა.
ტრირი-ჰამბურგი 1:1 (1:2 დ.დ.)
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - ვესტერმანი, მანსიენი (46. სკიელბრედი), რაიკოვიჩი, აოგო - ტეშე, იაროლიმი (46. გერერო) - დიკმაიერი, ლამი - ბერგი, სონი (117. რინკონი).
გოლები: 1:0 კულაბასი (8), 1:1 ბერგი (62), 1:2 აოგო (110)
"ჰამბურგი" გერმანიის თასის ფინალში გასვლას
გერმანიის ნაკრების მცველმა ხსენებულ დროს საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. მანამდე, ტრირელები ელიტელ მეტოქეს კულაბასის გოლით უგებდნენ და ბუნდესლიგის ისედაც გასაჭირში მყოფი "უკანასკნელი დინო" ძალიან დიდხანს ანერვიულეს. ანგარიში ჰამბურგელთა შვედმა ფორვარდმა მარკუს ბერგმა 62-ე წუთზე გაათანაბრა და რაკი ძირითად დროში გოლი აღარ გასულა, დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც "ჰამბურგს" აოგოს ჯარიმამ უშველა.
ჰაიდენჰაიმი-ბორუსია (მ) 0:0 (3:4-პენ)
პენალტების გაიტანეს: ზაუტერი, კრებსი, შიტენჰელმი - დემსი, დანტე, ნორდტვეიტი, შტრანცლი
პენალტები ვერ გაიტანეს: შპანი, ტაუზენდპფუნდი (ორივე ჰაიდენჰაიმი)
მთელი 120 წუთის განმავლობაში სენსაციის სუნი ასდიოდა მესამე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "ჰაიდენჰაიმისა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" თამაშსაც. გერმანიის თასის სამგზის მფლობელმა გაცილებით სუსტ მეტოქეს ვერც ძირითად და ვერც დამატებით დროში ვერაფერი მოუხერხა და მხოლოდ პენალტების სერიითღა მოუგო.
თუმცა "ჰაიდენჰაიმი" არცისე ხელწამოსაკრავი გუნდია - რაც არ უნდა იყოს, ამ გუნდმა პირველ წრეში გერმანიის თასიდან თვით ბრემენის "ვერდერი" დაიფრინა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "გლადბახის" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ორი გმირობა ჩაიდინა, ექს-ბორუსიელი ანდრეას შპანისა და ფლორიან ტაუზენდპფუნდის დარტყმები მოიგერია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიონხენგლადბახელთა წარმატება პირველ რიგში მისი დამსახურებაა.
ბორუსია (დ)-დინამო (დ) 2:0
ბორუსია დ. (4-2-3-1): ლანგერაკი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - გიოტცე (89. ბლაშჩიკოვსკი), კაგავა (72. ბარიოსი), გროსკროიტცი (61. პერიშიჩი) - ლევანდოვსკი.
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (31), 2:0 გიოტცე (65)
დორტმუნდის "ბორუსიამ" "საშინაო დავალება" ზედმეტი დაძაბვის გარეშე შეასრულა, დრეზდენის "დინამო" 2:0 დაამარცხა და თასის მერვედფინალში გავიდა. არადა, "დინამო" ის გუნდია, რომელიც პირველ წრეში "ლევერკუზენთან" 0:3-ს აგებდა, საბოლოოდ კი 4:3 მოუგო.
თუმცა ის, რაც ვიცე-ჩემპიონებთან გამოუვიდათ, დრეზდენელებმა ჩემპიონთან ვეღარ შეძლეს. იურგენ კლოპმა ფაქტობრივად ძირითადი შემადგენლობა ათამაშა, თუ არ ჩავთვლით რომან ვაიდენფელერის დასვენებას - დორტმუნდელთა კარს მიტჩელ ლანგერაკი იცავდა.
ფიურტი-პადერბორნი 4:0
გოლები: 1:0 პეკოვიჩი (4), 2:0 ნიოთე (28), 3:0 ოკეანი (35), 4:0 პექთურქი (78)
მეორე ბუნდესლიგის ლიდერმა "ფიურტმა" თავი არც გერმანიის თასზე შეირცხვინა, თანალიგელი "პადერბორნი" 4:0 გაანადგურა და მერვედფინალში უპრობლემოდ გავიდა. სხვათა შორის, გერმანიის თასის მერვედფინალში გასვლისთვის საფეხბურთო კავშირი თითოეულ კლუბს 600 000 ევროს აძლევს ხოლმე, რაც "ფიურტისთვის" მშვენიერი შემოსავალია.
ჰოფენჰაიმი-კიოლნი 2:1
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): ჰაასი - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ბრააფჰაიდი - კაიზერი, ვილიამსი - ობასი ოგბუკე, ბაბელი (70. მლაპა) - მუსონა (83. ჯონსონი), შიპლოკი (90. იბერტსბერგერი).
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, სერენო, ჯემალი, აიხნერი (80. მატუშიკი) - ლანიგი, რიტერი - კლემენსი (80. ფრაისი), ჟაჟალო, პეჟკო (90. პეცონი) - პოდოლსკი.
გოლები: 0:1 ჟაჟალო (6), 1:1 ობასი ოგბუკე (40), 2:1 მუსონა (50)
სამშაბათს გერმანიის თასს პირველი ბუნდესლიგიდან ერთადერთი კლუბი გამოეთხოვა და ისიც იმიტომ, რომ ასევე პირველი ბუნდესლიგის წარმომადგენელს ეთამაშებოდა: ზინსჰაიმში, "ჰოფენჰაიმმა" "კიოლნი" 2:1 დაამარცხა. არადა, ანგარიში "თხებმა" გახსნეს და მთელი პირველი კარგად თამაშობდნენ. პირველი ნახევრის მიწურულს კი "ჰოფე" გამოცოცხლდა და ჩინედუ ობასი ოგბუკემ ანგარიში გაათანაბრა. "სოფლელები" შესვენებიდანაც აღგზნებულები დაბრუნდნენ, მეორე ტაიმის პირველივე წუთებში ეკვეთნენ მეტოქის საჯარიმოს, რასაც 50-ე წუთზე მუსონას გოლი მოჰყვა. "კიოლნი" ბევრს ეცადა, მაგრამ გათანაბრება ვეღარ შეძლო - ამ წაგებამ "თხების" მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი "ჩემოდნებზე შემოსვა".
ლაიპციგი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ბრინკმანი (62)
"აუგსბურგის" სასტარტო შემადგენლობას მთლად მეორე გუნდი არ ეთქმოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ ძირითადი შემადგენლობის არაერთი მოთამაშე დაასვენა. ეს კი, მისი მხრიდან, საკმაოდ ვაჟკაცური გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან "რედ ბულ ლაიპციგი" ერთი შეხედვით უსუსური გუნდი კი არის, მაგრამ პირველ წრეში ამ კლუბმა თასიდან "ვოლფსბურგი" გააგდო.
აუგსბურგელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, ერთადერთი გოლი კი დანიელ ბრინკმანის ანგარიშზეა.
უნტერჰახინგი-ბოხუმი 1:4
გოლები: 0:1 დაბროვსკი (7), 0:2 გინჩეკი (21), 1:2 ბიგალკე (66), 1:3 ფედერიკო (72), 1:4 ტაესე (75)
მეორე ბუნდესლიგაში არცისე კარგად მოასპარეზე "ბოხუმი" 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა გერმანიის თასის მერვედფინალში. რურელებმა "უნტერჰახინგი", რომელსაც "ბოხუმის" ყოფილი დამრიგებელი ჰაიკო ჰერლიხი ავარჯიშებს, 4:1 გაანადგურეს. ორი აზრი არ არსებობს: გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ მერვედფინალში გასვლისთვის დაწესებული პრემია, 600 000 ევრო, ფინანსურად შეჭირვებულ "ბოხუმს" ნამდვილად წაადგება.
ფორტუნა-მიუნხენ 1860 3:0
გოლები: 1:0 ბენჯამინი (15-საკ. კარში), 2:0 რიოსლერი (39), 3:0 რიოსლერი (91-პენ)
წლებია, ისტორიული გუნდი "მიუნხენ 1860" მეორე ბუნდესლიგაში "ბუქსაობს" და ელიტაში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რის გამოც ამ გუნდის ფანები გერმანიის თასზე შორს წასვლის იმედით ცხოვრობენ ხოლმე, მაგრამ "ლომებს" ახალი ხელი მოეცარათ. მართალია, "მიუნხენს" დიუსელდორფის "ფორტუნას" სახით ძლიერი მეტოქე ჰყავდა, მაგრამ 3:0 მაინც ნამეტანია. თავის მხრივ, დიუსელდორფელები გერმანიის თასის მერვედფინალში 1998 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ფორტუნას" 18 მარტის შემდეგ (0:1 დუისბურგთან) არცერთი ოფიციალური თამაში არ წაუგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"