"ბაიერნმა" როისი დაადასტურა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ ოფიციალურად დაადასტურა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ რეკორდმაისტერი გერმანიის ნაკრებისა და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს, მარკო როისს უმიზნებს.

ამ დღეებში ბავარიულ გრანდთან მიმართებაში "შალკეს" გარემარბ ჯეფერსონ ფარფანის გვარმაც გაიჟღერა, მაგრამ რუმენიგე პერუელით დაინტერესებას კატეგორიულად უარყოფს, იმას კი ადასტურებს, რომ ფარფანის მრჩეველმა მიუნხენურ კლუბს ეს მოთამაშე არაერთხელ შესთავაზა.

"შემიძლია დავადასტურო ის, რომ ჩვენ მარკო როისი მართლაც გვაინტერესებს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია და არც "ბორუსიას" შეფებისთვის მიგვიმართავს, - ამბობს რუმენიგე "შპორტ-ბილდისთვის" მიცემულ
ინტერვიუში და იქვე დასძენს, - როისი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, გერმანიის ნაკრებსაც გაუშინაურდა და ფაქტია, რომ დიდი მომავალი აქვს. ჩვენც სწორედ ასეთი მოთამაშეები გვაინტერესებს."

რაც შეეხება ფარფანს: მართალია, რუმენიგე ამბობს, ეს უკანასკნელი არ გვაინტერესებსო, მაგრამ "შალკეს" ბოსის, კლემენს ტიონიესის თქმით, ზაფხულში ბავარიელებს ფარფანის ყიდვა უნდოდათ. ჯეფერსონს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და როგორც გაირკვა, მისმა აგენტმა მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობას მიმართა და ფარფანი შესთავაზა, მაგრამ რეკორდმაისტერი ახლა როისზეა გადართული, რაც რუმენიგეს გარდა, "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმაც დაადასტურა.

საინტერესოა მიუნხენური კლუბის იმ მოთამაშეების საკითხიც, რომლებსაც ამ სეზონის ბოლოს კონტრაქტები უმთავრდებათ. რუმენიგეს თქმით, რეკორდმაისტერს ამ მხრივაც კონკრეტული გეგმა აქვს. კალე ამბობს, რომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში მოლაპარაკებები არცერთ ფეხბურთელთან არ გაიმართება.

"მოლაპარაკებებს არც იმ მოთამაშეებთან დავიწყებთ, რომლებსაც კონტრაქტები 2012 ან 2013 წლებში უმთავრდებათ - მათთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება სეზონის მეორე ნახევარშიც გამორიცხულია. იანვრიდან მხოლოდ იმ ფეხბურთელებს დაველაპარაკებით, რომლებსაც ხელშეკრულებების ვადა ამ სეზონის ბოლოს ეწურებათ," - აცხადებს რუმენიგე, რომელიც იმასაც ადასტურებს, რომ "ბაიერნი" ზამთარში ბრაზილიელი მცველის, ბრენოს გაყიდვას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული