აინტრახტი-კაიზერსლაუტერნი 0:1
გოლი:0:1 სუკუტა-პასუ (119)
მიუხედავად იმისა, რომ "აინტრახტი" მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელია, ხოლო "კაიზერსლაუტერნი" კი ელიტის, ამ გუნდებს შორის დიდი განსხვავება არ არის, რაც ოთხშაბათსაც დამტკიცდა: "ლაუტერნმა"
თამამად შეგვიძლია, რომ "ეშმაკების" გამარჯვებას ალოგიკური ვუწოდოთ, რადგან ძირითად დროში "აინტრახტი" უკეთ გამოიყურებოდა. ფრანკფურტელთა რიგებში განსაკუთრებით თავდამსხმელი ერვინ ჰოფერი აქტიურობდა, რომელსაც მე-15 წუთზე გოლი არ ჩაუთვალეს - მსაჯმა საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. დამატებით დროში ორივე გუნდი გაცილებით ფრთხილად თამაშობდა და ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე უპირატესობას ფლობდა, 119-ე წუთზე კი რიჩარდ სუკუტა-პასუმ მომენტი გამოიყენა და "აინტრახტის" ვეტერან მეკარე ოკა ნიკოლოვს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა.
ბაიერნი-ინგოლშტადტი 6:0
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - რაფინია, ბოატენგი, ლუის გუსტავო, კონტენტო - ტიმოშჩუკი, პრანიჩი - თ. მიულერი (62. ოლიჩი), კროოსი (73. უსამი), ალაბა - პეტერსენი.
გოლები: 1:0 თ. მიულერი (33), 2:0 ალაბა (49), 3:0 პეტერსენი (53), 4:0 პეტერსენი (70), 5:0 მატიპი (82-საკ-კარში), 6:0 უსამი (90)
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბაიერნს" მეორე ბუნდესლიგის საშუალოზე დაბალი დონის გუნდის დამარცხება არ გაუჭირდა - რეკორდმაისტერმა "ინგოლშტადტი" ფაქტობრივად მეორე შემადგენლობითაც გაანადგურა. ფეხბურთელებმა, რომლებიც ბუნდესლიგაში უმეტესად სათადარიგოთა სკამს ხეხავენ ხოლმე, ძალიან კარგად ითამაშეს: ნილს პეტერსენმა დუბლი შეასრულა, დავიდ ალაბამ და ტაკაში უსამიმ კი თითო გოლი გაიტანეს.
შტუტგარტი-ფრანკფურტი 3:0
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - ბულარუზი, ბაუერი, მასა, მოლინარო - კვისტი, ჰაინალი (75. კუჟმანოვიჩი) - ჰარნიკი, ტრაორე - კაკაუ (46. ოკაზაკი), ჰემლაინი (67. გენტნერი).
გოლები: 1:0 ჰემლაინი (4), 2:0 კაკაუ (38), 3:0 ტრაორე (89)
სენსაცია არც "შტუტგარტმა" დაუშვა: შვაბებმა მეორელიგელი "ფრანკფურტი" საკმაოდ მარტივად დაამარცხეს და თანაც, ეს გადახალისებული შემადგენლობით მოახერხეს. ბრუნო ლაბადია თავდამსხმელ კრისტოფ ჰემლაინს და გარემარბ იბრაჰიმა ტრაორეს ბუნდესლიგაში საერთოდ არ ათამაშებს ხოლმე, ამჯერად კი ბევრისთვის უცნობი ეს ორი მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. და უნდა ითქვას, რომ ორივემ ძალიან კარგად ითამაშა - ჰემლაინმაც და ტრაორემაც გოლები გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 20 წლის ჰემლაინმა გოლი ასევე რეზერვში გადასროლილი კრისტიან მოლინაროს ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.
აუე-ნიურნბერგი 1:2
გოლები: 0:1 ესვაინი (64), 0:2 ვისმაიერი (68), 1:2 კიონიგი (78)
მეორელიგელ "აუესა" და ელიტელ "ნიურნბერგის" დუელი პირველ ტაიმში თანაბარი იყო - ფრანკებმა ვერა და ვერ შეძლეს სათამაშო უპირატესობის მოპოვება. პრინციპში, დიტერ ჰეკინგის შეგირდებს დიდი უპირატესობა არც შეხვედრის მეორე ნახევარში ჰქონდათ, უბრალოდ, უფრო ჭკვიანურად თამაშობდნენ და რაც მთავარია, მომენტები გამოიყენეს. "ნიურნბერგი" 64-ე წუთზე ალექსანდერ ესვაინმა დააწინაურა, ზუსტად 4 წუთში კი იულიან ვისმაიერმა "აუეს" მეორე გოლიც გაუტანა. მართალია, 78-ეზე რონი კიონიგმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ ქვედალიგელის თამაშს ისეთი არაფერი ეტყობოდა, რის გამოც შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ "ნიურნბერგის" მერვედფინალში გასვლას პრობლემები შეექმნებოდა.
ჰანოვერი-მაინცი 0:0 (0:1 დ.დ)
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, პანდერი - შმიდებახი (46. შტოპელკამპი), პინტუ - შტინდლი, რაუში (99. კ. შულცი) - შლაუდრაფი (70. ია კონანი), აბდელაუ.
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფათი - კირხჰოფი - კალიჯური (72. რისსე), სოტო - მალი (104. ბაუმგარტლინგერი) - ჩუპო-მოტინგი, უჯა (76. ივანშიტცი).
გოლი: 0:1 ივანშიტცი (93)
როგორც ჩანს, "ბაიერნთან" მძიმე ბრძოლამ და გამარჯვებამ "ჰანოვერი" ისე გამოფიტა, რომ მირკო სლომკას შეგირდებმა თასზე ცუდ ფორმაში მყოფ "მაინცს" ვეღარაფერი მოუხერხეს. უპირატესობას არცერთი გუნდი არ ფლობდა. თამაში პირველივე წუთიდან მოსალოდნელზე ზანტი გახლდათ, მაინცელთა გამარჯვება კი იმის დამსახურებაა, რომ საჭირო მომენტში თომას ტუხელის გუნდს უფრო გაუმართლა.
პირველ ტაიმში მაინცელები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ, მეორე ნახევარში კი "ჰანოვერი" თამაშობდა ასევე ოდნავ უკეთესად. რაკი ძირითად დროში ვერცერთმა იხეირა, დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო და დაიწყო თუ არა დამატებული დრო, "მაინცის" გამთამაშებელმა ანდრეას ივანშიტცმა სტივ ჩერუნდოლოს შეცდომით ისარგებლა და რონ-რობერტ ცილერს ბურთი მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა. "ჰანოვერს" თამაშის გადასარჩენად ბევრი დრო ჰქონდა და სლომკას ბიჭებიც მედგრად უტევდნენ, სულ ბოლო წუთზე კი ანგარიშის გათანაბრების იდეალური შანსი მიეცათ: "მაინცის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დიდიე ია კონანმა ვერ გამოიყენა - კრისტიან ვეტკლომ აუღო და მატჩის გმირი გახდა.
ჰოლშტაინ კილი-დუისბურგი 2:0
გოლები: 1:0 კასიორი (54), 2:0 სიკორა (58)
აი, ეს კი სენსაციაა! მართალია, "დუისბურგი" დიდი ვერაფერი გუნდია და წლებია, მეორე ბუნდესლიგაში მოღვაწეობს, მაგრამ "ჰოლშტაინ კილი" უფრო დიდი ბედოვლათია, რადგან გერმანიის რიგით მეოთხე ლიგაში თამაშობს. ჩრდილოეთ რეგიონალლიგის ლიდერმა გაცილებით მაღალი კლასის "დუისბურგს" აშკარად აჯობა და დამსახურებულად მოუგო. აღსანიშნავია, რომ "ჰოლშტაინ კილმა" თასის პირველ წრეში კიდევ ერთი მეორებუნდესლიგელი, "კოტბუსი" დაამარცხა. კლასებში განსხვავება არც ამ მატჩში იყო თვალსაჩინო: პირველი გოლის დროს "ზებრების" მეკარე ფლორიან ფრომლოვიტცი შეცდა უხეშად, სიკორამ კი თავით გაუტანა.
როტ-ვაის ესსენი-ჰერტა 0:3
ჰერტა (4-2-3-1): ბურხერტი - იანკერი, ჰუბნიკი, ფრანცი, ნოიმანი - ლუსტენბერგერი, ნიმაიერი - ებერტი (65. რონი), თორუნი (81. რუკავიტსია), ბენ-ჰატირა (46. რამოსი) - ლასოგა.
გოლები: 0:1 რამოსი (64), 0:2 ლასოგა (72), 0:3 რუკავიტსია (86)
მარკუს ბაბელმა ლევან კობიაშვილთან ერთად, ძირითადი შემადგენლობის კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაასვენა, მაგრამ "ჰერტას" ესსენის "როტ-ვაისის" განადგურება მაინც არ გაუჭირდა. თუმცა ის კი უნდა ითქვას, რომ ბერლინელებმა მხოლოდ მეორე ტაიმში აჩვენეს, ესსენელებზე ძლიერები რომ არიან.
კარლსრუე-შალკე 0:2
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჰიოგერი (53. ჰოლტბი), ჯონსი - ფარფანი, რაული (86. პუკი), ხურადო (61. მორავეკი) - ჰუნტელაარი.
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (81), 0:2 მატიპი (83)
მეორე ბუნდესლიგაში ძალიან ცუდად მოასპარეზე "კარლსრუეს" "შალკეს" ბარიერის დაძლევა და გერმანიის თასის მერვედფინალში გასვლა ძალიან უნდოდა, მაგრამ ისედაც გაცილებით ძლიერმა გელზენკირხენულმა კლუბმა უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა, რის გამოც ალექსანდრე იაშვილის გუნდისთვის (იაშკამ სრულად ითამაშა) წარმატების მიღწევა შეუძლებელი აგხდა. თუმცა "კარლსრუემ" მაინც კარგად იბრძოლა და გოლები მხოლოდ მატჩის მიწურულსღა გაუშვა. აღსანიშნავია, რომ სანამ ჰუნტელაარი და მატიპი იხეირებდნენ, მასპინძლებს უკეთესი მომენტები ჰქონდათ - დელრონ ბაკლის "კარლსრუეს" დაწინაურება ორჯერ მართებდა, ერთხელ ბურთი ძელს მოარტყა, მეორედ კი უნერშტალმა აუღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"