ლევანგოლსკი!

AutoSharing Option
რაც დრო გადის, დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდება.

23 წლის ფორვარდმა, რომელსაც "პოლონელ ტორესს" უწოდებენ, სამშაბათს, დრეზდენის "დინამოსთან" გერმანიის თასის 1/16 ფინალურ მატჩში ანგარიში რომ გახსნა, ეს მისთვის გერმანიის ჩემპიონის რიგებში ზაფხულს აქეთ ჩატარებულ მე-15 შეხვედრაში მე-12 გოლი გახლდათ. არადა, იყო დრო, როცა ლევანდოვსკი სათადარიგოთა სკამს ხეხავდა და როცა თამაშობდა, მაშინაც ძალიან ბევრ მომენტს ვერ იყენებდა. ახლა კი, დორტმუნდში "ლევანგოლსკის" უწოდებენ!

რობერტი დორტმუნდში 2010 წლის ზაფხულში გადავიდა და მაშინ "ბორუსიამ" "ლეხს" მის სანაცვლოდ 4.75
მილიონი ევრო გადაუხადა. გასულ სეზონში მან 43 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 12 გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი რადიკალურად შეიცვალა.

"ჩემი აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, - ამბობს პოლონელი გოლეადორი, - პირველი და უმთავრესი ის არის, რომ გერმანული ენა უკვე კარგად ვიცი და შესაბამისად, თანაგუნდელებს გაცილებით უკეთ ვუგებ. ამას ისიც დაემატა, რომ სეზონის დასაწყისში ჩვენი პირველი გოლეადორი ლუკას ბარიოსი დაშავდა, რის გამოც მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში გამამწესა. როგორც ხედავთ, ნდობა გავამართლე. მიხარია, რომ ლუკასი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ძირითადში ადგილს იოლად არ დავუბრუნებ."

ორი აზრი არ არსებობს: ლევანდოვსკი უკვე სრულფასოვანი დორტმუნდელია.

კელი: ჩემპიონთა ლიგაშიც უნდა ვივაჟკაცოთ!
გერმანიის თასის მერვედფინალში გასვლის შემდეგ, დორტმუნდელთა ერთადერთი სადარდებელი ჩემპიონთა ლიგაა, სადაც გერმანიის ჩემპიონი ძალიან ცუდად გამოიყურება და სამი ტურის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლის შანსი მინიმუმამდე შეუმცირდა. გუნდის კაპიტანი სებასტიან კელი კი მაინც იმედიანადაა და სჯერა, რომ "ბორუსიას" მერვედფინალში გასვლა ჯერ კიდევ შეუძლია.

"კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია, რადგან პირველ სამ მატჩში მართლა ცუდად გამოვიყურებოდით. გასული სეზონის შემდეგ ფანები ჩვენგან ჩემპიონთა ლიგაში კარგ თამაშს ელოდნენ და ვწუხვარ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში იმედები გავუცრუეთ. თუმცა დარჩენილი სამი მატჩიდან ორს საკუთარ მოედანზე ჩავატარებთ და სწორედ ჩვენი ქომაგების იმედი მაქვს.

საკუთარ კედლებში ძალიან კარგად რომ ვთამაშობთ, ეს "არსენალთან" შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომელიც მართალია, ფრედ დასრულდა, მაგრამ მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით. იმის თქმა მინდა, რომ მერვედფინალში გასვლის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ," - აცხადებს 31 წლის კელი ჟურნალ "შტერნისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ დარჩენილ სამ ტურში დორტმუნდელები ჯერ "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებენ, მერე ლონდონში ჩავლენ, ბოლოს კი მარსელის "ოლიმპიკს" მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული