"ბაიერნის" მდევართა გამოცდები

AutoSharing Option
გუშინ, აუტსაიდერმა „ფრაიბურგმა“ ცხრილის შუაში ჩამოქვეითებულ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა, მე-11 ტურის დანარჩენი შეხვედრები კი დღეს და ხვალ გაიმართება.

დღევანდელი მატჩებიდან ყურადღების ცენტრში ბავარიული დერბია: „ბაიერნი“ „ნიურნბერგს“ მასპინძლობს. საინტერესოა დანარჩენი შეხვედრებიც, რადგან ერთმანეთს პირველიდან მერვე ადგილამდე მყოფი გუნდები ხვდებიან: დორტმუნდის „ბორუსია“ შეეცდება, მოგებათა სერია შტუტგარტშიც გააგრძელოს, მესამეადგილოსანი „შალკე“ „ჰოფენჰაიმს“ მიიღებს, წინა ტურში „ბაიერნის“ მომგები „ჰანოვერი“ კი მიონხენგლადბახში ჩადის. საღამოს, „მაინცი“ „ვერდერის“ დამარცხებას შეეცდება. ხვალ, არასტაბილური „კიოლნი“ აუგსბურგში ჩადის, ხოლო „ჰამბურგი“ კი „კაიზერსლაუტერნს“ დაუხვდება.

* * *
„ნიურნბერგსა“ და „ბაიერნს“
შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ დერბი მაინც დერბია და ფრანკები უშანსოდ ნამდვილად არ არიან. მით უმეტეს, რომ დიტერ ჰეკინგის გუნდმა ამ სეზონშიც რამდენჯერმე დაამტკიცა, ბოლომდე ბრძოლა რომ შეუძლია. გერმანიის თასზე ორივე გუნდმა წარმატებით იასპარეზა, მაგრამ თუკი მიუნხენელებმა „ინგოლშტადტი“ გადახალისებული შემადგენლობითაც იოლად გაანადგურეს (6:0), ნიურნბერგელებს „აუეს“ დამარცხება ძალიან გაუჭირდათ (2:1). მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნს“ ჟერომ ბოატენგი დისკვალიფიცირებული ჰყავს და წინა ტურში ყველასათვის მოულოდნელად „ჰანოვერთან“ წააგო (1:2), რეკორდმაისტერი დღესაც უპირობო ფავორიტია.

ბოატენგის დისკვალიფიკაცია მიუნხენელთათვის შედარებით უმტკივნეულო იქნება, რადგან დანიელ ვან ბუიტენი გამოჯანმრთელდა. ფრანკებს კი საკადრო პრობლემები არ ელევათ, რის გამოც ზედიზედ მეექვსე თამაშის ვერმოგების და შესაბამისად, გასავარდნ ზონასთან მიახლოვების საფრთხე ემუქრებათ.

ჩემპიონს შტუტგარტი შეაჩერებს?
არასახარბიელო სტარტის შემდეგ, „შტუტგარტი“ ნელ-ნელა დასტაბილურდა და 10 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა. რომ არა უიღბლო მარცხი „ჰამბურგთან“ (1:2), შვაბებს სულაც 20 ქულა ექნებოდათ და მეორე ადგილზე იქნებოდნენ. ახლა კი, იქ „დორტმუნდია“ 19 ქულით - სეზონი მოქმედმა ჩემპიონმაც ცუდად დაიწყო, მაგრამ ბოლო ოთხი თამაში მოიგო და დღეს უკვე „ბაიერნის“ მთავარი კონკურენტია. საინტერესოა, შეაჩერებს ბრუნო ლაბადიას გუნდი „დორტმუნდს“? გერმანიის თასის მერვედფინალში შვაბებმაც და ვესტფალიელებმაც უპრობლემოდ გააღწიეს.

ჰოფენჰაიმი შალკესთვის საშიშია
ზოგადად, ბუნდესლიგის ცხრილის ზედა ნახევარში დიდი სივიწროვეა. თავად განსაჯეთ: მერვე ადგილზე მყოფი „ჰოფენჰაიმი“ მესამეადგილოსან „შალკეს“ სტუმრობს და „სოფლელები“ გელზენკირხენელებს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან. „შალკემ“ გერმანიის თასის 1/16 ფინალში „კარლსრუეს“ 2:0 მოუგო და იმ შეხვედრაში ლევან ყენიას გუნდის კარს ახალგაზრდა ლარს უნერშტალი იცავდა. მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი კარში სავარაუდოდ დღესაც უნერშტალს ჩააყენებს, ერთი კვირის წინ აყვანილ ტიმო ჰილდებრანდს კი ისევ სკამზე დასვამს.

ჰოფენჰაიმელები ამ თამაშის წინ ოპტიმისტურად არიან განწყობილები. „ჰოფეს“ გოლეადორი ვედად იბიშევიჩი გამოუჯანმრთელდა, რომელმაც ჰოლგერ სტანისლავსკის გუნდს წინა ტურში „გლადბახთან“ მოაგებინა. გარდა ამისა, „ჰოფენჰაიმს“ „შალკესთან“ დადებითი ბალანსი აქვს: ამ გუნდებს შორის გამართული ექვსი თამაშიდან სამი „სოფლელებმა“ მოიგეს, ორი ფრედ დასრულდა, გელზენკირხენელებმა კი მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს.

წინა ტურის გმირი მიონხენგლადბახში
„გლადბახმა“ ბოლო დროს აურია, რაც წინა ტურში „ჰოფენჰაიმთან“ წაგებაში (0:1) გამოიხატა, გერმანიის თასზე კი, „ბორუსიამ“ მესამე ბუნდესლიგის წარმომადგენელი „ჰაიდენჰაიმის“ დამარცხება მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლო. თუმცა, ლუსიენ ფავრის გუნდის გამოსვლა მიმდინარე სეზონში, ამ ეტაპზე მაინც უაღრესად დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან მიონხენგლადბახელებისგან ამდენსაც (17 ქულა 10 ტურის შემდეგ) არ ველოდით. „გლადბახი“ დღეს იმ „ჰანოვერს“ მასპინძლობს, რომელმაც ერთი კვირის წინ, „ბაიერნის“ დამარცხებით სენსაცია გამოაცხო და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მატჩი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. „ბაიერნის“ დამარცხებით გამოწვეული ეიფორია „ჰანოვერმა“ გერმანიის თასზე, „მაინცთან“ განცდილი მარცხით გაანიავა.

ცხრილის მეზობლების დუელი ვოლფსბურგში
ამ კვირაში „ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა ხმაურიანი განცხადებები გააკეთა - „დესპოტმა ფელიქსმა“ თქვა, რომ სამწლიანი გეგმა აქვს, რომლის მიხედვით, „მგლები“ ისევ უნდა გახდნენ გერმანიის ჩემპიონები და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც უნდა ითამაშონ. მანამდე აშკარად დიდი დროა და პირველი, რაზეც ვოლფსბურგელებმა უნდა იფიქრონ, „ჰერტასთან“ დღევანდელი მატჩია - ბერლინელებს და „მგლებს“ ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ. „ჰერტას“ ქომაგები მათი საყვარელი გუნდის ვოლფსბურგში უკანასკნელ სტუმრობას სიამოვნებით იხსენებენ, რადგან 2010 წლის მარტში ბერლინელებმა „ფოლკსვაგენარენაზე“ 5:1 გაიმარჯვეს...

მიუხედავად ჰანოვერში მოგებული სათასო მატჩისა, მაინცელებს საქმეები მაინც ცუდად მისდით - თომას ტუხელის გუნდს რვამატჩიანი მოუგებელი სერია (0/3/5) აქვთ და მე-15 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ. დღეს საღამოს კი „მაინცი“ ამბიციურ „ვერდერს“ მასპინძლობს, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი (2/2/6) აქვს. თავის მხრივ, ბოლო დროს ბრემენელებიც აჭრილები არიან - ბოლო სამ შეხვედრაში ოდენ ერთი ქულა მოიპოვეს და „ბაიერნის“ პირველი მდევრის სტატუსიც დათმეს. აღსანიშნავია, რომ „ვერდერი“ უკანასკნელ 14 გასვლით შეხვედრაში მინიმუმ ერთ გოლს მაინც უშვებდა...

კიოლნი: უკან დასახევი გზა მოჭრილია!
„კვირას, „აუგსბურგთან“ ფაქტობრივად გადამწყვეტი მატჩი გვაქვს, რომლის მოგება უბრალოდ აუცილებელია. ამ თამაშში სამი ქულა ჰაერივით გვჭირდება,“ - ეს „კიოლნის“ მთავარი მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის სიტყვებია. ნორვეგიელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ მილოვოე ნოვაკოვიჩი ხვალ საღამომდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს და მინიმუმ განაცხადში იქნება. კიოლნელებმა გერმანიის თასზე „ჰოფენჰაიმთან“ წააგეს (1:2), აუგსბურგელებმა კი, მიუხედავად როტაციისა (ძირითად შემადგენლობაში 10 ახალი ფეხბურთელი ვიხილეთ) „ლაიპციგი“ დაამარცხეს და კარგ ხასიათზე არიან.

თასზე როტაციას მიმართა „ჰამბურგის“ ახალმა მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმაც და ამისათვის კინაღამ დაისაჯა: ჩრდილოგერმანულმა კლუბმა ტრირის „აინტრახტის“ დამარცხება მხოლოდ დამატებულ დროში გატანილი გოლით მოახერხა. დღეს ფინკს საკუთარი პუბლიკის წინაშე დებიუტი აქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო მომენტია პირველი თამაშის მოსაგებად. „ჰამბურგს“ მლადენ პეტრიჩი დაუშავდა (ხორვატი ლაზარეთში მინიმუმ ერთ თვეს დაჰყოფს), რაც ფინკისთვისს სერიოზული დანაკლისია, რადგან HSV-ს გოლების ერთი ესამედი სწორედ პეტრიჩზე მოდის.

ბუნდესლიგა. XI ტური
გუშინ
ფრაიბურგი-ლევერკუზენი 0:1

დღეს
ბაიერნი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბოატენგი (ბაიერნი)
ტრავმა: ბრენო, რობენი - რაკოვსკი, რ. შეფერი, ნილსონი, პინოლა, დიდავი, ფოილნერი, აიგლერი

შალკე-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერმანი, ჰუგლანდი, ყენია, მარიკა - იაისლე

შტუტგარტი-ბორუსია (დ) 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დელპიერი, პოგრებნიაკი, შიბერი - კოხი, ოვომოიელა

ვოლფსბურგი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ

ბორუსია (მ)-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჩერუნდოლო - პინტუ
ტრავმა: დე კამარგო - მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი, სობიეხი

მაინცი-ვერდერი 21:30
დისკვალიფიკაცია: არნაუტოვიჩი (ვერდერი)
ტრავმა: გოპკო, შიონჰაიმი, სალაი - ბიონიში, სილვესტრი, ბოროვსკი, ავდიჩი

ხვალ
კიოლნი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრეზინიო, ჟერომელი, მაკენა, პეტიტი, ჩიჰი, ნოვაკოვიჩი - დე იონგი, ბა, მ. ნდიენგი, ნებელი, ს. ჰაინი

ჰამბურგი-კაიზერსლაუტერნი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტეპანეკი, არსლანი, კასტელენი, ილიჩევიჩი, პეტრიჩი - შიმუნეკი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 10 7 1 2 26:3 22
2. ბორუსია (დ) 10 6 1 3 20:7 19
3. შალკე 10 6 0 4 19:15 18
4. ჰანოვერი 10 5 3 2 13:13 18
5. შტუტგარტი 10 5 2 3 16:8 17
6. ვერდერი 10 5 2 3 17:13 17
7. ბორუსია (მ) 10 5 2 3 11:7 17
8. ლევერკუზენი 11 5 2 4 13:14 17
9. ჰოფენჰაიმი 10 5 1 4 13:9 16
10. ჰერტა 10 3 4 3 12:13 13
11. ვოლფსბურგი 10 4 1 5 12:17 13
12. კიოლნი 10 4 1 5 15:23 13
13. ნიურნბერგი 10 3 3 4 12:14 12
14. კაიზერსლაუტერნი 10 3 2 5 8:13 11
15. მაინცი 10 2 3 5 12:19 9
16. აუგსბურგი 10 1 5 4 8:17 8
17. ჰამბურგი 10 2 2 6 12:22 8
18. ფრაიბურგი 11 2 1 8 14:26 7

ბომბარდირები:
10 - გომესი (ბაიერნი); 8 - ჰუნტელაარი (შალკე); 7 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი), ლევანდოვსკი (ბორუსია დ), პისარო (ვერდერი); 6 - მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი), პოდოლსკი (კიოლნი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული