თუ "რაულს" შალკეში დარჩენა უნდა...

AutoSharing Option
ჯერაც არავინ იცის, გააფორმებს თუ არა რაული „შალკესთან“ ახალ კონტრაქტს, მოქმედ ხელშეკრულებას კი ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. გელზენკირხენელებს 34 წლის ვეტერანი ესპანელი სუპერვარსკვლავის შენარჩუნება სურთ, მაგრამ გონსალეს ბლანკოსთვის კონკრეტული წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.

ესპანური მედიის ცნობით, რაული გუშინწინ თავის მრჩეველს შეხვდა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. როგორც ირკვევა, მას უკვე ორი საკმაოდ საინტერესო წინადადებით მიმართეს.

„მე ვამაყობ თითოეული წუთით, რომელსაც რაული „შალკეს“ ფორმით მოედანზე ატარებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენთან ახალ, ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს,“ - ეს გელზენკირხენული კლუბის ბოსის,
კლემენს ტიონიესის სიტყვებია.

თვითონ რაულსაც არაერთხელ უთქვამს, „შალკეში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობო, მაგრამ დათანხმდება ესპანელი ხელფასის მთელი 2 მილიონი ევროთი შემცირებას? გელზენკირხენელები მას წელიწადში 5 მილიონ ევროს უხდიან და ამასთან ერთად, რაული მადრიდის „რეალიდანაც“ იღებს კომპენსაციას (წელიწადში 2 მილიონი ევრო). თუმცა ზაფხულის შემდეგ მადრიდული გრანდიდან კომპენსაცია შეუწყდება.

ამას ისიც ემატება, რომ აღარც „შალკეს“ სურს რაულისთვის 5 მილიონის გადახდა – ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გელზენკირხენელები გონსალეს ბლანკოს ერთწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ მხოლოდ 3 მილიონს შესთავაზებენ, რაზეც, სავსებით შესაძლებელია, უარი მიიღონ.

„რაულთან მხოლოდ იმაზე შევთანხმდით, რომ ახალი კონტრაქტის დეტალებზე დეკემბერში ან იანვარში უნდა დავილაპარაკოთ,“ - ეს „შალკეს“ მენეჯერის, ჰორსტ ჰელდტის სიტყვებია. საბოლოო გადაწყვეტილება კი, ესპანელმა თებერვალში უნდა მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული