ტურის შეცდომა: გრეფე გიოტცეს წინააღმდეგ

AutoSharing Option
დორტმუნდელები ამ ტურს სიამოვნებით ნაღდად არ გაიხსენებენ: "ბორუსიამ" შტუტგარტში მიღწეული ფრის შედეგად მეორე ადგილი დაკარგა, ფეხბურთელები, მწვრთნელი, ბოსები და გულშემატკივრები კი მსაჯ მანუელ გრეფეზე გაბრაზდნენ. ერთი სიტყვით, დორტმუნდელთა დამრიგებელ იურგენ კლოპს ცუდი უქმეები ჰქონდა.

ჯერ იყო და "ბორუსიას" ავტობუსი საცობში მოყვა, რის გამოც გერმანიის ჩემპიონებს თამაშზე 15 წუთი დააგვიანდათ და პარალელურად, ნერვებიც დააწყდათ, მერე კი ორი ქულა "მერსედეს-ბენც-არენაზე" დატოვეს, რისი ერთ-ერთი მიზეზი მსაჯის არასწორი გადაწყვეტილება იყო.

რაკი "ბაიერნი" მარიო გომესისა და ბასტიან შვაინშტაიგერის წყალობით "ნიურნბერგს" კატა-თაგვობანა ეთამაშა, BVB რეკორდმაისტერს უკვე
ხუთი ქულით ჩამორჩება, მეორე ადგილი კი დორტმუნდელთათვის უხსენებელ "შალკეს" დაუთმო - გელზენკირხენელებმა "ჰოფენჰაიმი" დაამარცხეს და "ბორუსიას" გაასწრეს.

მიონხენგლადბახში ხალხმა "ჰანოვერის" დამარცხებით კი გაიხარა, მაგრამ ამ სიხარულმა ვერაფრით გადაწონა წყენა და ნერვიულობა იმის გამო, რომ "ბაიერნი" მარკო როისს უკვე სერიოზულად ეფლირტავება. ბუნდესლიგის მე-11 ტურის მთავარი თემა იყო კლაუდიო პისაროც, რომელმაც კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, მერამდენედ მოაგებინა "ვერდერს".

ტურის დუეტი: შვაინი და მარიო
ბავარიულ დერბიში სადღაც 82-ე წამზე (!) ბასტიან შვაინშტაიგერმა მეტოქის საჯარიმოში კარგად გახსნილი მარიო გომესი შეამჩნია და უზუსტესი ჩაწოდებით ბურთი თავზე დაასვა, ამ უკანასკნელს კი ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. სადღაც მე-20 წუთზე, გომესმა შვაინის მადლობა ასევე ბრწყინვალე პასით გადაუხადა და არც ბასტიანს გაუჭირდნა გოლის გატანა - 2:0. ამ ყველაფრით მხოლოდ იმის თქმა გვსურდა, რომ ბავარიულ დერბიში შვაინშტაიგერი და გომესი ერთმანეთს იდეალურად უგებდნენ.

ტურის შეცდომა: გრეფე გიოტცეს წინააღმდეგ
მე-11 ტურის ერთ-ერთი უმთავრესი თემა მსაჯების (არასწორი) გადაწყვეტილებები და (უაზრო) წესებიც იყო. რამდენიმე გაძევება გადამეტებულად მოინათლა, პასიური თამაშგარე ზოგ-ზოგიერთებს აქტიურად მოეჩვენათ და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ხელით გატანილ გოლზე (რაული) ამბობდნენ, ხელით თამაში არ ყოფილაო.

ეს ყველაფერი მაინც საეჭვო იყო, 50/50-ზე, აი, "შტუტგარტის" საჯარიმოში კრისტიან მოლინარომ დორტმუნდელი მარიო გიოტცე რომ წააქცია და არბიტრმა მანუელ გრეფემ ამის გამო პენალტი რომ არ დანიშნა, ეს მართლაც მეტისმეტი გახლდათ. თუ რატომ მოიქცა გრეფე ასე, ეს მხოლოდ მისი საიდუმლოა, რომელსაც ფარდა ალბათ არასდროს აეხდება, ფაქტი კი ის არის, რომ გერმანიის მოქმედი ჩემპიონი ამის გამო დაჩაგრული გამოვიდა.

კლოპის აზრით ეს ასპროცენტიანი პენალტი იყო, "ბორუსიას" შეფმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კი უფრო ხმამაღალი განცხადება გააკეთა: "კი მაგრამ, მარიოს მაინცდამაინც ფეხი უნდა მოტეხონ, თერთმეტმეტრიანი რომ დაინიშნოს?"

ასე ხდება ხოლმე, როცა ფეხბურთელის შეჩერება ძალიან ძნელია - "გიოტცინიოს" ვგულისხმობთ.

როლს როისი
"ბაიერნის" გამამწარებლის დამარცხების შემდეგ, მიონხენგლადბახელებს შეუძლიათ, იმით იამაყონ, რომ "ბაიერნის" გამამწარებლის გამამწარებლები არიან. რას ვიზამთ: იმ დროს, როცა მიუნხენური გრანდი ასე ბატონობს, ყურით მოთრეული და თითიდან გამოწოვილი ჰედლაინების გაჟღერება გვიწევს. მარკო როისმა "ჰანოვერს" დუბლი შეუსრულა და ამით მისდამი ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა.

"ბაიერნის" შეფები მთელი კვირის განმავლობაში საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი ტალანტია როისი და რომ ის რეკორდმაისტერს დაამშვენებდა, "გლადბახის" სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა კი თქვა, მიუნხენელებს ურჩევნიათ, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩზე იფიქრონ, "ნაპოლისთან" დაპირისპირება მათი ხვალინდენლი დღეა, როისი კი ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებაო.

მარკოს ამ სეზონში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი, რაც გარემარბის კვალობაზე მშვენიერი შედეგია. სხვათა შორის, ზუსტად ამდენივე გოლი აქვს გატანილი ფრანკ რიბერისაც - როისის უპირველეს პოტენციურ კონკურენტს "ბაიერნში"...

ეჰ, ტიმო, ტიმო...
ტიმო ჰილდებრანდი გერმანული ფეხბურთის ტრაგიკულ მოვლენად რჩება. მეკარე, რომელიც 2006 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრების რიგით მესამე კიპერი იყო, 2007-ში კი "შტუტგარტთან" ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა და რეკორდი, რომელსაც მანუელ ნოიერი დიდხანს უმიზნებდა, სწორედ მას ეკუთვნის, "შალკემ" სამადლოდ აიყვანა და გუნდის განაცხადშიც ვერ ხვდება.

ეს ყველაფერი კი იმ ერთი შეცდომის ბრალია, რომელიც ერთ დროს "ტიმონატორად" წოდებულმა ჰილდებრანდმა "ვალენსიაში" გადასვლით დაუშვა - იქ სანტიაგო კანისარესს კონკურენცია ვერ გაუწია და მას მერე მხოლოდ რეგრესირებს. "ვალენსიაში" უიღბლო ტრანსფერს "ჰოფენჰაიმში" გაქცევა მოჰყვა, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა, მერე ცოტა ხნით ლისაბონშიც იყო, ბოლოს კი უმუშევარი დარჩა.

რომ არა "შალკეს" მეკარე რალფ ფერმანის ტრავმა, რამაც გელზენკირხენელები ძლიერ შეაშფოთა და რომ არა ტიმოს ძველი ნაცნობ-მეგობრობა "შალკეს" ამჟამინდელ მენეჯერ ჰორსტ ჰელდტთან, ჰილდებრანდი ახლაც უკლუბოდ იქნებოდა.

დღეს უკვე 32 წლის ტიმო "შალკეს" განაცხადში ვერ ხვდება - ფერმანი ახალგაზრდა და გამოუცდელმა ლარს უნერშტალმა ისე შეცვალა, თქვენი მოწონებული. ჰილდებრანდს კი კიდევ ერთხელ არ გაუმართლა: "შალკემ" უნერშტალთან ერთად, 3:1 მოიგო და მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი მისი ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდების მიზეზს ვერ ხედავს.

პისაროს 150-ე
ბრემენის "ვერდერს" გოლი რომ გააქვს, ყველამ იცის, ავტორი აუცილებლად კლაუდიო პისარო იქნება. ამჯერადაც ასე იყო: 33 წლის პერუელმა თავდამსხმელმა "მაინცს" მშვენიერი გოლი გაუტანა და ეს ბუნდესლიგაში მისი 150-ე გოლი გახლდათ. ცხადია, რომ პისარო ამ სეზონში კიდევ არაერთ გოლს გაიტანს, მაგრამ უცნობია, გააფორმებს თუ არა ბრემენულ კლუბთან ახალ კონტრაქტს - ძველს ვადა სეზონის ბოლოს გასდის. დღესდღეობით "ვერდერი" პისაროს გარეშე წარმოუდგენელია, ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად კი ბრემენელებს ფული სჭირდებათ. ფულისთვის კი "ვერდერმა" მინიმუმ ევროპის ლიგის საგზური უნდა მოიპოვოს.

ბალაკის ცხვირი
მიხაელ ბალაკმა "ფრაიბურგთან" მატჩში დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ "კარგი ყნოსვა აქვს", მაგრამ მერე იან როზენტალმა ცხვირი გაუტეხა. თამაშის დაწყებიდან 103 წამის შემდეგ, "ლევერკუზენის" კუთხურის დროს ბალაკი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და გაიტანა გოლი, რომელმაც "ბაიერს" ფრაიბურგიდან სამი ქულა წააღებინა. ეს მისი პირველი გოლი გახლდათ ბუნდესლიგაში 2006 წლის 13 მაისის შემდეგ - მაშინ მიხაელი "ბაიერნის" ღირსებას იცავდა...


მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები (4-2-2-2, კიკერი)
სვენ ულრაიხი (II, შტუტგარტი) - ლუკაშ პიჟჩეკი (II, ბორუსია დ), ნალდო (I, ვერდერი), ჰოლგერ ბადშტუბერი (III, ბაიერნი), ფილიპ ლამი (II, ბაიერნი) - ბასტიან შვაინშტაიგერი (II, ბაიერნი), ლუის ჰოლტბი (II, შალკე) - მარკო როისი (IV, ბორუსია მ), იულიან დრაქსლერი (I, შალკე) - მარიო გომესი (IV, ბაიერნი), პიერ ლასოგა (I, ჰერტა)

მარკო როისი, რომელზეც ტურის გმირის ამპლუაში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, "კიკერის" ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეოთხედ მოხვდა და ეს ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ერთ-ერთი იმიტომ, რომ ზუსტად ამდენჯერვე მოასწრო სიმბოლურში ყოფნა მარიო გომესმაც, რომელიც ტურის რჩეულ თერთმეტეულს არც ამჯერად გამოაკლდა. სასიხარულოა სიმბოლურში "ვერდერის" ბრაზილიელი მცველის, ნალდოს დაბრუნება, რომელმაც უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, ფეხბურთი ერთი წელი არ ჰქონდა ნათამაშები და როგორც ხედავთ, ფორმაში შედის.


ტურის გმირი
მარკო როისი (III, ბორუსია მ)

ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხჯერ მოხვედრა არაფერია იმასთან შედარებით, რომ როისი უკვე მესამედ გახდა ტურის გმირი - სეზონის დაწყებიდან კი მხოლოდ 11 ტურია გასული. საინტერესო სტატისტიკა: 22 წლის როისს ბუნდესლიგაში სულ 23 გოლი აქვს გატანილი და აქედან 17 "ბორუსია პარკზე" შეაგდო. ტურის გმირის სტატუსი ამჯერად მას "ჰანოვერთან" შესრულებულმა დუბლმა ("გლადბახმა" 2:1 მოიგო) მოუტანა.

საუკეთესო ფეხბურთელები
11 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.28
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.32
3. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.39
4. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.41
5. დანიელ ვან ბუიტენი ბაიერნი 2.42
6. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.50
7. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.55
8. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 2.64
9. რონ-რობერტ ცილერი ჰანოვერი 2.64
10. ანდრე ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 2.68

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 10 12 2 14
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 11 5 8 13
3. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 11 10 2 12
4. კლაუდიო პისარო ვერდერი 10 8 4 12
5. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 10 8 4 12
6. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 11 7 4 11
7. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 11 7 3 10
8. მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 11 7 3 10
9. მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 8 7 1 8
10. რაული შალკე 11 5 3 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული