რიბერი რჩება, ოლიჩი გარბის

AutoSharing Option
ფრანკ რიბერი ამბობს, გამორიცხული არაა, რომ „ბაიერნიდან“ არასდროს წავიდე და კარიერა მიუნხენში დავასრულოო. ეს ინფორმაცია რეკორდმაისტერის ქომაგებსა და ხელმძღვანელებს ნამდვილად გაახარებს, რადგან ფრანგი ნახევარმცველი 28 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერის პიკშია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფეხბურთს უმაღლეს დონეზე კიდევ მინიმუმ 3-4 წლის მანძილზე ითამაშებს.

„მიუნხენში თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ აქედან წასვლაზე ერთი წუთითაც არ მიფიქრია. გამორიცხული არაა, რომ ბუცები ლურსმანზე სწორედ „ბაიერნის“ ფეხბურთელის რანგში ჩამოვკიდო. თუ ჩემი ფიზიკური კონდიცია ამის საშუალებას მომცემს, მინიმუმ 35 წლამდე ვითამაშებ,“
- ამბობს რიბერი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რიბერის მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დიდი დროა დარჩენილი, ახლავე ახლის გაფორმებაზე ფიქრობს. ხსენებულ ინტერვიუში რიბერი არ მალავს, რომ ლუის ვან გაალის მწვრთნელობის დროს „ბაიერნიდან“ აბარგებაზე სერიოზულად ფიქრობდა, მაგრამ მას მერე, რაც ჰოლანდიელი წავიდა, მისი ადგილი კი იუპ ჰაინკესმა დაიკავა, რიბერი ისევ ბედნიერია. ფრანგი ამბობს, იმედი მაქვს, რომ ჰაინკესი „ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზე ძალიან დიდხანს დარჩებაო.

რიბერისგან განსხვავებით, თავს ცუდად გრძნობს ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი, რომელსაც მძიმე ტრავმამ „ბაიერნის“ ძირითადში ადგილი დააკარგვინა. 32 წლის ფორვარდი ხმამაღლა ამბობს, მიუნხენიდან წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობო. „მხოლოდ ბოლო წუთებზე თამაშით ვერ დავკმაყოფილდები. თანაც, ჰაინკესი ჩემს ადგილს ფლანგზე ხედავს, მე კი გარემარბის პოზიციაზე თამაში არ მიყვარს. ერთი სიტყვით, თუ ზამთარში ნორმალურ წინადადებას მივიღებ, მიუნხენიდან წავალ,“ - ამბობს ოლიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული