გიოტცე სხვანაირად აჭიკჭიკდა

AutoSharing Option
მარიო გიოტცეს გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ. მეტიც:დიდი ხანია, რაც 19 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი ვუნდერკინდის სტატუსსაც გასცდა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ მას უკვე ძალიან ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა.

მაგალითად, ზაფხულში ლონდონის "არსენალი" მზად იყო, დორტმუნდის "ბორუსიასთვის" 40 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ BVB-მ თავისი მარგალიტი არ დათმო.

სექტემბრიდან გიოტცეს თვალი მადრიდის "რეალის", მილანის "ინტერისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელებმაც დაადგეს. სპეკულაციას მხოლოდ "ბაიერნის" დაინტერესებას ვერ ვუწოდებთ, რადგან რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები ხშირად იმეორებენ, ერთხელაც მარიო ჩვენთან გადმოვაო. სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა მათ დორტმუნდის შეფი
ჰანს-იოახიმ ვატცკე, რომელმაც ამას წინათ განაცხადა, მიუნხენელები მარიოს ვერასდროს ეღირსებიანო.

ახლა კი, ბოლოს და ბოლოს თვითონ ფეხბურთელმაც ამოიღო ხმა და "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებით დორტმუნდელები გაანაწყენა.

"წინასწარ გადაჭრით ვერაფერს იტყვი და მეც ვერავის ვერაფერს შევპირდები. რამდენ ხანს დავრჩები დორტმუნდში, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ გუნდში თავი კარგად უნდა ვიგრძნო. ასევე მინდა, რომ მუდმივად ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობდე. დასამალი არაფერია: "ბაიერნის" ხელმძღვანელებისგან ქება ძალიან მსიამოვნებს, ეს ჩემთვის დიდი პატივია. არ და ვერ გამოვრიცხავ, რომ ერთხელაც "ბაიერნში" მართლა გადავიდე, თუმცა იმასაც გავიმეორებ, რომ დღესდღეობით "ბორუსიაში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ," - უთხრა გიოტცემ "შპორტ ბილდს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული