შვაინისთვის 2011 დამთავრებულია!

AutoSharing Option
გერმანიის პირველობის მე-12 ტური გუშინ მაინცში დაიწყო. დღეს გერმანიის მოქმედი ჩემპიონი 2009 წლის ჩემპიონ „ვოლფსბურგს“ ელის, გამოსწორების გზაზე დამდგარი „ვერდერი“ არასტაბილურ „კიოლნს“ დაუხვდება, „ნიურნბერგი“ და „ფრაიბურგი“ კი გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ.

საღამოს, „ჰამბურგის“ ახალი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი პირველი თამაშის მოგებას ახლა გასვლით მატჩში ეცდება, მაგრამ მეტოქედ ვიცე-ჩემპიონი „ლევერკუზენი“ ჰყავს და შესაბამისად, ეს არარეალურია, ხვალ კი, ჯერ „ჰანოვერი“ და „შალკე“ გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო სულ ბოლოს „ბაიერნი“ აუგსბურგში ითამაშებს.

ჩემპიონები და მგლები
დორტმუნდის „ბორუსიამ“, როგორც იქნა, ჩემპიონთა ლიგაში პირველი გამარჯვებით გაიხარა. მართალია, გერმანიის
ჩემპიონებმა „ოლიმპიაკოსთან“ ვერ იფრინეს, მაგრამ რაც მთავარია, თამაში მოიგეს (1:0) და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნეს. ახლა კი იურგენ კლოპის გუნდი ისევ ბუნდესლიგაზე უნდა გადაერთოს, სადაც „შტუტგარტთან“ წაფორხილების (1:1) შემდეგ, „ვოლფსბურგს“ მასპინძლობს და მხოლოდ გამარჯვება უნდა, რათა ლიდერ „ბაიერნს“ მაგრად არ ჩამორჩეს.

მართალია, „მგლები“ არცერთ ევროტურნირზე არ ასპარეზობენ, მაგრამ გერმანიის ჩემპიონატშიც ვერ დგანან მოწოდების სიმაღლეზე - ერთი კვირის წინ ფელიქს მაგათის გუნდი საკუთარ მოედანზე „ჰერტასთან“ დამარცხდა და 11 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზეა.

პრინციპული დუელი ნიურნბერგში
წინა ტური „ნიურნბერგისთვისაც“ წარუმატებელი გამოდგა: დიტერ ჰეკინგის ბიჭები ბავარიულ დერბიში „ბაიერნთან“ განადგურდნენ, დღეს კი გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ფრაიბურგს“ უმასპინძლებენ და ცხადია, ამ თამაშის მოგება უნდათ. „ფრაის“ ზედიზედ ექვსი თამაში აქვს წაგებული, რამაც ბრაისგაუელები ბოლო ადგილზე დაამკვიდრა, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით, „ფრაიბურგმაც“ კბილებითა და ფრჩხილებით უნდა იბრძოლოს.

„ნიურნბერგს“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოუჯანმრთელდა - შეფერს, პინოლას, აიგლერსა და ფოილნერს დღეს მოედანზე გასვლა შეუძლიათ, რაც ჰეკინგისთვის დიდი შეღავათია. მართალია, „ფრაიბურგი“ ბოლო ადგილზეა, მაგრამ ეს გუნდი მაინც არ არის ხელწამოსაკრავი, რადგან „ბაიერნის“ გარდა, თითქმის ყველა მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშება ხოლმე.

ბრემენი პისაროსთვის ლოცულობს
ბრემენის „ვერდერი“ ამ სეზონში ჯერჯერობით კარგად გამოიყურება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ „მუსიკოსებმა“ წინა სეზონი ჩააგდეს, 11 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე ყოფნისთვის თომას შააფის სამწყსო ნამდვილად ქებას იმსახურებს. ცხადია, ბრემენელთაგან ყველაზე მეტად ისევ კლაუდიო პისარო გამოირჩევა, რომელსაც უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. ბრემენელები სწორედ ამიტომ იმედოვნებენ, რომ გამოცდილი პერუელი თავდამსხმელი წინა ტურში (3:1 მაინცთან) მიღებული ტრავმის მოშუშებას მოასწრებს და „კიოლნთან“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

თამამად უნდა ითქვას, რომ „კიოლნი“ დღესდღეობით ყველაზე არასტაბილური გერმანული კლუბია - ჯერ „ლევერკუზენს“ (4:1) და „აუგსბურგს“ (3:0) გაანადგურებს, მერე კი შეუძლია, დორტმუნდში (0:5), გელზენკირხენში (1:5) და ბერლინშიც კი (0:3) საშვილიშვილოდ შერცხვეს. აქედან გამომდინარე, ამ გუნდზე წინასწარ რამის თქმა ძალიან რთულია - არავინ იცის, როგორ ითამაშებენ „თხები“ ბრემენში. დანამდვილებით ვერც იმას ვიტყვით, დაუბრუნდება თუ არა სტალე სოლბაკენის გუნდს კაპიტანი და დაცვის ბურჯი პედრო ჟერომელი, რომელმაც ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ მოედანზე გასვლა მისთვის შესაძლოა ნაადრევი იყოს.

ჰოფნჰაიმის რეალობა
„კიოლნისგან“ განსხვავებით, „ჰოფენჰაიმი“ ყველაფერში თავიდან ბოლომდე გარკვეული და ჩამოყალიბებული გუნდია. აგერ უკვე მეორე სეზონია, რაც „სოფლელები“ პირველიდან ბოლო ტურამდე ცხრილის შუაში იმყოფებიან ხოლმე - არც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხის წინაშე დგებიან და ვერც ევროტურნირებისთვის იბრძვიან.

ამიტომაც თქვა „ჰოფეს“ თავკაცმა ჰოლგერ სტანისლავსკიმ „შალკესთან“ წაგებული (1:3) მატჩის შემდეგ, საშუალო დონის გერმანული გუნდი ვართ და ეს რეალობაა, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთო. „ჰოფენჰაიმი“ დღეს „კაიზერსლაუტერნს“ მასპინძლობს, გუნდს, რომლის მიზანი სწორედ ისაა, რისთვისაც „ჰოფეს“ უკვე მიღწეული აქვს - საშუალო დონე. „ეშმაკები“ ამ მხრივ სწორ გზას ადგანან, რადგან ბოლო სამი თამაშიდან ორი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.

ლუსიენის დაბრუნება ბერლინში
4 მოგება, 4 ფრე, 3 მარცხი - ბერლინის „ჰერტა“ ჯერჯერობით საკმაოდ კარგად გამოიყურება და შეიძლება ითქვას, რომ თუ ლევან კობიაშვილი და კომპანია ასე გააგრძელებენ, ელიტიდან გავარდნის საფრთხე ნამდვილად არ დაემუქრებათ. წინა ტურში მარკუს ბაბელის გუნდმა „ვოლფსბურგიდან“ სამი ქულა წაიღო, დღეს კი ამ სეზონის აღმოჩენას, მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მასპინძლობს.

ის, რომ „გლადბახი“ ჯერჯერობით სეზონის მთავარი აღმოჩენაა, მწვრთნელ ლუსიენ ფავრის დამსახურებაა, რომელიც ადრე „ჰერტას“ ავარჯიშებდა და მას მერე, რაც ბერლინული კლუბიდან გააგდეს, გერმანიის დედაქალაქში პირველად ჩადის.

ფინკის ეფექტი ჯერ არ ჩანს
შაბათის მთავარი მატჩი კი „ლევერკუზენისა“ და „ჰამბურგის“ დაპირისპირებაა, რომელიც ოდნავ მოგვიანებით დაიწყება. „ფარმაცევტები“ ჩემპიონთა ლიგაში „ვალენსიასთან“ 1:3 დამარცხდნენ და მდგომარეობა გაირთულეს. გერმანიის ჩემპიონატში კი, რობინ დუტის შეგირდებმა „ფრაიბურგთან“ გამარჯვებას „ჰამბურგთან“ მოგებაც თუ არ მოაყოლეს, ლიდერებს კიდევ უფრო დაშორდებიან.

„ჰამბურგმა“ ტორსტენ ფინკის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ თამაში კი გამოასწორა, მაგრამ შედეგი ვერა და ვერ დადო - საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგთან“ და „კაიზერსლაუტერნთან“ ფრეებს ფინკს აქტივში ნამდვილად ვერ ჩავუთვლით. ახლა კი, ჩრდილოელებმა გასვლით მატჩში უნდა სცადონ ბედი და თანაც „ბაი არენაზე“, სადაც ფინკი ტრავმირებულ პეტრიჩს და დისკვალიფიცირებულ რაიკოვიჩს ვერ გამოიყენებს.

ევროპამოვლილების ჯახი ჰანოვერში
ხვალ, პირველი მატჩი ევროპის ლიგის მონაწილეებს შორის გაიმართება: „ჰანოვერი“ „შალკეს“ დაუხვდება. „ბაიერნის“ დამარცხების შემდეგ, „ჰანოვერმა“ მიონხენგლადბახში წააგო, მაგრამ მერე „კოპენჰაგენი“ დაამარცხა (სტუმრად, 2:1) და მირკო სლომკას შეგირდები ხასიათზეც მოვიდნენ.

„შალკე“ ჰუუბ სტევენსის ხელში ძალიან კარგ ფორმაშია, რაც მეტწილად შესანიშნავ ფორმაში მყოფი კლაას-იან ჰუნტელაარის დამსახურებაა, რომელსაც ბუნდესლიგაში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მყოფ მარიო გომესს მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება. თუმცა ევროპის ლიგის მორიგ მატჩში ჰუნტელაარმა გოლის გატანა ვერ შეძლო (0:0 ლარნაკასთან) და თან ცხვირი გაუტეხეს, თუმცა ეს ხვალ მოედანზე გასვლაში ხელს არ შეუშლის.

ბაიერნის გასეირნება აუგსბურგში
ტურს რეკორდმაისტერი დახურავს: „ბაიერნი“ აუგსბურგში ბასტიან შვაინშტაიგერის გარეშე ჩადის, რადგან ამ უკანასკნელმა „ნაპოლისთან“ შეხვედრაში საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. თუმცა წესით, მიუნხენელებს ელიტაში ახალააღზევებულ აუგსბურგელებთან გამარჯვება არც შვაინის გარეშე უნდა გაუჭირდეთ. თანაც, იოს ლუჰუკაის გუნდს საკადრო პრობლემები მაინცდამაინც ახლა მიეძალა - კაპიტანი მიორლე ტრავმირებულია, თავდამსხმელი იორლი დისკვალიფიცირებული, ძირითადი მეკარე სიმონ იენტცშმა კი თითი მოიტეხა და მოედანზე გასვლას ვერც ის მოახერხებს.

მოკლედ, აკაკი გოგიას გუნდს ეს თამაში კარგს არაფერს უქადის.

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური
დღეს
ბორუსია (დ)-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოხი, ოვომოიელა - ჰიტცლშპერგერი, ლაკიჩი

ვერდერი-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბიონიში, სილვესტრი, ბოროვსკი, ავდიჩი

ნიურნბერგი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნილსონი, ბუნიაკუ - მუიჯა, ბიკელი, ს. ბრანდშტეტერი

ჰოფენჰაიმი-კაიზერსლაუტერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იაისლე - შიმუნეკი

ჰერტა-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარგბო - დე კამარგო

ლევერკუზენი-ჰამბურგი 21:30
დისკვალიფიკაცია: რაიკოვიჩი (ჰამბურგი)
ტრავმა: ადლერი, ბარნეტა, ბელარაბი, ორტეგა, რენატო - ბრუმა, შტეპანეკი, არსლანი, ილიჩევიჩი, პეტრიჩი

ხვალ
ჰანოვერი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: შმიდებახი (ჰანოვერი)
ტრავმა: მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი - ფერმანი, ჰუგლანდი, ყენია, კლუგე

აუგსბურგი-ბაიერნი 20:30
დისკვალიფიკაცია: იორლი - ბოატენგი
ტრავმა: იენტცში, დე იონგი, მიორლე, ბა, მ. ნდიენგი, ნებელი, ს. ჰაინი - რობენი, შვაინშტაიგერი

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 11 8 1 2 30:3 25
2. შალკე 11 7 0 4 22:16 21
3. ბორუსია (დ) 11 6 2 3 21:8 20
4. ვერდერი 11 6 2 3 20:14 20
5. ბორუსია (მ) 11 6 2 3 13:8 20
6. შტუტგარტი 11 5 3 3 17:9 18
7. ჰანოვერი 11 5 3 3 14:15 18
8. ლევერკუზენი 11 5 2 4 13:14 17
9. ჰოფენჰაიმი 11 5 1 5 14:12 16
10. ჰერტა 11 4 4 3 15:15 16
11. კიოლნი 11 5 1 5 18:23 16
12. ვოლფსბურგი 11 4 1 6 14:20 13
13. კაიზერსლაუტერნი 11 3 3 5 9:14 12
14. ნიურნბერგი 11 3 3 5 12:18 12
15. მაინცი 11 2 3 6 13:22 9
16. ჰამბურგი 11 2 3 6 13:23 9
17. აუგსბურგი 11 1 5 5 8:20 8
18. ფრაიბურგი 11 2 1 8 14:26 7

ბომბარდირები
12 - გომესი (ბაიერნი); 10 - ჰუნტელაარი (შალკე); 8 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 7 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი), ლევანდოვსკი (ბორუსია დ), მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული