ლიოვი ლამს ასვენებს!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ უკრაინასთან (11 ნოემბერს) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიასთან (15 ნოემბერს) ამხანაგურ მატჩებს ფილიპ ლამის გარეშე ჩაატარებს - ბუნდესგუნდის თავკაცმა იოახიმ ლიოვმა გადაწყვიტა, რომ კაპიტანი დაასვენოს.

იოგი ნაწილობრივ ასვენებს პირველ მეკარე მაუნელ ნოიერსაც, რომელიც განაცხადში მხოლოდ ჰოლანდიასთან შეხვედრაში იქნება, უკრაინასთან კი თავის გამოჩენის შანსი ტაიმების მიხედვით ტიმ ვიზეს და რონ-რობერტ ცილერს მიეცემათ.

ლიოვი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ბასტიან შვაინშტაიგერზეც, რომელიც „ბაიერნისა“ და „ნაპოლის“ მატჩის დროს დაშავდა და ოპერაცია სჭირდება. სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრებში დორტმუნდელი მარსელ შმელცერი, ლევერკუზენელი
ლარს ბენდერი და რომის „ლაციოს“ ფორვარდი მიროსლავ კლოზე ბრუნდებიან - ეს უკანასკნელი თურქეთთან (1:0) და ბელგიასთან (3:1) შეხვედრებში ბუნდესგუნდს მხოლოდ და მხოლოდ ტრავმის გამო აკლდა.

„ფილიპ ლამს ხუთშაბათს ვესაუბრე და ერთად გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნება, დაისვენოს. ბოლო დროს ფილიპი კვირაში ორ მატჩს ატარებს და ნაკრების ამხანაგურ მატჩებში აღარ დავტვირთავ. თანაც, მინდა, რომ დაცვის მარცხენა ფრთაზე ალტერნატიული კანდიდატები კარგად გამოვცადო,“ - აცხადებს ლიოვი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლამი და ლიოვი კიდევ ერთ რამეზე შეთანხმდნენ: ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, გერმანიის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი პრემიის სახით 300 000 ევროს მიიღებს. ბუნდესგუნდის განაცხადი კი, უკრაინასთან და ჰოლანდიასთან ტესტ-მატჩებისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი/მხოლოდ ჰოლანდიასთან), ტიმ ვიზე (ვერდერი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი)
მცველები: დენის აოგო (ჰამბურგი), ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ), პერ მერტეზაკერი (არსენალი), კრისტიან ტრეში (ვოლფსბურგი), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ).
ნახევარმცველები: ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), მარიო გიოტცე (ბორუსია დ), სამი ხედირა (რეალი), ტონი კროოსი (ბაიერნი), ანდრე შიურლე (ლევერკუზენი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), მარკო როისი (ბორუსია მ), სიმონ როლფესი (ლევერკუზენი).
თავდამსხმელები: მარიო გომესი (ბაიერნი), მიროსლავ კლოზე (ლაციო), კაკაუ (შტუტგარტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული