"ბაიერნი" პლუს ხუთი, მაგრამ ფრთხილად - "დორტმუნდი" ფორმაში შედის!

AutoSharing Option
გაგიკვირდებათ და არსებობდნენ ისეთებიც, ვინც აუგსბურგში "ბაიერნის" წაფორხილებას ვარაუდობდა - ასეთ კარგ ფორმაში მყოფი რეკორდმაისტერი ქულებს მხოლოდ "აუგსბურგის" მსგავს უსუსურ კლუბებთან კარგავს ხოლმეო; არიენ რობენი და ბასტიან შვაინშტაიგერი ტრავმირებულები არიანო.

არაფერიც: მიუნხენურმა გრანდმა უმთავრესი ფეხბურთელების გარეშეც მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა, შეიძლება ითქვას, რომ იუპ ჰაინკესის სამწყსოს გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. ჰო, ბოლოს იყო მომენტი, როცა რეკორდმაისტერი მანუელ ნოიერმა აშკარა გოლისგან იხსნა, მაგრამ თამაში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ "ბაიერნი" საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეძლებდა
გოლის გატანას.

აუგსბურგელებმა თამაში კარგად დაიწყეს, ზონებსაც კეტავდნენ როგორც შეეძლოთ და თავდამსხმელ მიოლდერსს ანგარიშის გახსნის შანსიც კი მიეცა, მაგრამ ნოიერის კარს 12 მეტრიდან ააცილა. სანაცვლოდ, მიუნხენელები დაწინაურდნენ და თანაც უკვე მე-16 წუთზე: რიბერის კუთხურს ვან ბუიტენი გამოეხმაურა, მაგრამ ამსიფმა იყოჩაღა და ბურთი მოიგერია, თუმცა პირდაპირ გომესისკენ, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა - 0:1. ეს გახლდათ მარიოს მე-13 გოლი მე-11 მატჩში - მიუნხენელთა გოლეადორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იდეალურ ფორმაშია.

28-ე წუთზე ანგარიში 0:2 გახდა და მატჩის ბედიც სწორედ მაშინ გადაწყდა: მიუნხენელთა კონტრიერიში მიულერმა გააგრძელა და რიბერი მოძებნა, რომელმაც ერთი მეტოქე გააცურა და ეფექტური გოლი გაიტანა - 0:2. თუმცა როგორც ზემოთაც გითხარით, აუგსბურგელები იბრძოდნენ, როგორც შეეძლოთ და 59-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს - ნოიერის კართან კუთხური დაინიშნა, მიუნხენელებმა ბურთი წესიერად ვერ მოიგერიეს, რითაც ჰოსოგაიმ ისარგებლა და რეკორდმაისტერის კარი შვიდი მეტრიდან დალაშქრა - ალაბა ბურთს მაშინ მისწვდა, როცა კარის ხაზი უკვე გადაკვეთილი იყო.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ მომენტს, როცა იოს ლუჰუკაის გუნდი ძალიან ახლოს იყო სენსაციასთან: 83-ე წუთზე კაპლანი ნოიერთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მანუმ ბლიც-რეფლექსით აუღო! სულ ბოლოს უკიდურესად უხეში თამაშის გამო ანატოლი ტიმოშჩუკი გააძევეს. ამრიგად, რეკორდმაისტერმა მდევრებთან უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა, რადგან "შალკემ", რომელიც ამ ტურამდე მეორე ადგილზე იყო, ჰანოვერში ვერ მოიგო.

არადა, კლაას-იან ჰუნტელაარის გარეშე დარჩენილმა გელზენკირხენელებმა ჰანოვერში ორი გოლი გაიტანეს, თუმცა დაცვაში  მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგნენ. ტრავმირებული ჰოლანდიელი გოლეადორის არყოფნაში, ჰუუბ სტევენსმა წინა ხაზზე რაულს 22 წლის ფინელი ფორვარდი ტეემუ პუკი შეუწყვილა, რომელმაც მწვრთნელს იმედები არ გაუცრუა - 26-ე წუთზე ანგარიში სწორედ პუკიმ გახსნა: ფუხსის ბრწყინვალე პასი დააფასა, "წითლების" მეკარე რონ-რობერტ ცილერი მოატყუა და ბურთი კარში შეასრიალა. თუმცა გელზენკირხენელებს პუკის გოლი მხოლოდ სამი წუთის განმავლობაში უხაროდათ: 29-ე წუთზე ექს-შალკელი პანდერის ჯარიმას პაპადოპულოსმა თავი დაუხვედრა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:1.

მოგვიანებით "შალკე" ორჯერ გადაურჩა გაშვებულ გოლს, მაგრამ მეორე ტაიმში სტევენსის შეგირდებს აღარ გაუმართლათ - შლაუდრაფის ჩაწოდებას აბდელაუ გამოეხმაურა და მირკო სლომკას სამწყსო დააწინაურა. ეს გახლდათ ნორვეგიელის მე-8 გოლი ამ სეზონში. თუმცა ჰანოვერელებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს - 73-ე წუთზე პუკიმ ამჯერად ფარფანის პასი გამოიყენა, დუბლი შეასრულა და "შალკეს" ქულა გადაურჩინა. ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: პუკის სახით "შალკეს" ჰუნტელაარის კარგი შემცვლელი ჰყავს.

მარიო გიოტცე და შინჯი კაგავა ფორმაში შედიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" შეიძლება ისევ დაიწყოს ისეთი ფეხბურთის თამაში, როგორსაც გასულ სეზონში თამაშობდა და რომლითაც არა მარტო გერმანია, არამედ მთელი ევროპა გააოცა. ამის თქმის საბაბს შაბათს ჩატარებული შეხვედრა გვაძლევს, რომელშიც გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა "ვოლფსბურგი" 5:1 გაანადგურა.

"დღეს მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთი ვითამაშეთ. ფაქტია, რომ დიდი ხანია, ასე კარგად არ გვიასპარეზია. იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება," - თქვა მატჩის შემდეგ დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა.

გიოტცესგან კარგი თამაში არ გვიკვირს, რადგან მარიო წინა შეხვედრებშიც მეტ-ნაკლებად კარგად გამოიყურებოდა - უბრალოდ, ამ სეზონში შარშანდელივით აღარ "დაფრინავდა", "ვოლფსბურგთან" კი ძველებურად "იფრინა". აი, კაგავა კი ამ სეზონში აქამდე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, რის გამოც კლოპი ხშირად ძირითად შემადგენლობაშიც კი აღარ ამწესებდა ხოლმე და აი, "ვოლფსბურგთან" ახალგაზრდა იაპონელმა გამთამაშებელმაც გაიხსენა "ძველი დრო" - თამამად ვიტყვით, ასეთი პროდუქტიული კაგავა დაახლოებით წელიწადია, არ გვინახავს.
გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, შინჯიმ ორი ბრწყინვალე საგოლე პასიც გააკეთა და ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისევ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

მეხუთე გამარჯვება ბოლო ექვს შეხვედრაში, 14 გატანილი გოლი ბოლო სამ საშინაო მატჩში და ნახტომი მეორე ადგილზე - ერთი სიტყვით, გერმანიის ჩემპიონს ნამდვილად აქვს ზეიმის უფლება, რასაც ვერ ვიტყვით "ვოლფსბურგზე". "მგლების" თავკაცი ფელიქს მაგათი საგონებელშია ჩავარდნილი და აღარ იცის, რა მოიმოქმედოს. სხვათა შორის, შარშან ამ დროს, "ვოლფსბურგს" სტივ მაკლარენის ხელში 12 ტურის შემდეგ 14 ქულა ჰქონდა და მე-12 ადგილზე იყო. ინგლისელმა სპეციალისტმა 21-ე ტურამდე გაძლო, მერე კი გააგდეს. დაბრუნებული მაგათის ხელში კი, "მგლებს" 13 ქულა აქვთ და მე-13 ადგილზე არიან.

ბრემენის "ვერდერი" თამაშების შეტრიალების ოსტატია და "მუსიკოსები" ამას ამ სეზონში ძველებურად ამტკიცებენ. თომას შააფის გუნდი "კიოლნთან" 0:2-ს აგებდა და საბოლოოდ 3:2 მოიგო, რის შემდეგაც ბრემენელებს 23 ქულა აქვთ და "დორტმუნდთან" და "გლადბახთან" ერთად, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებს ინაწილებენ. 12 ტურში "ვერდერი" ცხრაჯერ (!) აგებდა 0:1-ს და იმ ცხრიდან ხუთი თამაში თავის სასარგებლოდ შეატრიალა, რაც ბუნდესლიგის მასშტაბით საუკეთესო შედეგია.

ვის უნდა გაეტანა გოლები, თუ არა "ვერდერის" მთავარ გოლეადორ კლაუდიო პისაროს? სამივე გოლი 33 წლის პერუელის ანგარიშზეა - ეს გახლდათ მისი მეორე ჰეთ-თრიკი. პირველი 1999 წლის 19 სექტემბერს აქვს შესრულებული (ასევე "ვერდერის" მაისურით, "ვოლფსბურგთან" 7:2-ზე მოგებულ მატჩში). "კიოლნს" კი, 16 წელია, ბრემენში არ მოუგია.

გაგიკვირდებათ და "დორტმუნდთან" და "ვერდერთან" ერთად, "ბაიერნის" მთავარი მდევრის სტატუსი მიონხენგლადბახის "ბორუსიამაც" დაიბრუნა - ლუსიენ ფავრის შეგირდები ბერლინიდან სამი ქულით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ, რაც კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია იმისა, რომ "გლადბახს" წელს აჭრა არ უწერია. ლევან კობიაშვილის გუნდი ადრიან რამოსის გოლით იგებდა, მაგრამ მერე "გლადბახის" მარგალიტმა მარკო როისმა დუბლი შეასრულა და თავისიანებს ბერლინიდან სამი ქულა წააღებინა.

"მაინცმა", როგორც იქნა, მოიგო: თომას ტუხელის გუნდმა პარასკევს "შტუტგარტი" დაამარცხა და მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა. იგივე უნდა ვთქვათ "ფრაიბურგზეც" - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრაისგაუელებმაც მოიგეს (2:1 ნიურნბერგში) და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

სამაგიეროდ, გამარჯვებას ვერ ახერხებს "ჰამბურგი", თუმცა ამ შემთხვევაშიც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტორსტენ ფინკის გუნდს ამჯერადაც რთული მატჩი ჰქონდა: 2:2 ლევერკუზენში.

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური
მაინცი-შტუტგარტი 3:1
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, კირხჰოფი, კალიჯური - პოლანსკი - ბაუმგარტლინგერი, სოტო - ივანშიტცი (74. ჩუპო-მოტინგი) - ნ. მიულერი (82. მალი/87. ფათი), უჯა.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, მასა, მოლინარო (66. ტრაორე) - კვისტი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰაინალი (82. გებჰარდტი), ოკაზაკი (64. ჰემლაინი) - კაკაუ.
გოლები: 0:1 კაკაუ (50), 1:1 უჯა (53), 2:1 ივანშიტცი (60-პენ), 3:1 უჯა (64)
გაფრთხილება: ნ. მიულერი, ივანშიტცი - ოკაზაკი, ულრაიხი
გაძევება: პოლანსკი (83) - მასა (94)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15(9)-18(7); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 34 000

ბორუსია (დ)-ვოლფსბურგი 5:1
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი (46. ფელიპე სანტანა), ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ლაიტნერი (71. კელი) - გიოტცე, კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (74. ბარიოსი).
ვოლფსბურგი (4-1-3-2): ბენალიო - სალიჰამიჯიჩი, კრისი, კირიაკოსი, მ. შეფერი - ჟოსუე - ოხსი (56. იონსონი), ტრეში, პოლაკი (40. ჰლები) - დეჟაგა, მანჯუკიჩი.
გოლები: 1:0 გიოტცე (12), 2:0 კაგავა (45), 2:1 ჰლები (59), 3:1 ს. ბენდერი (61), 4:1 ლევანდოვსკი (66), 5:1 გიოტცე (78)
გაფრთხილება: გროსკროიტცი - პოლაკი, ტრეში, კრისი, სალიჰამიჯიჩი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 21(11)-6(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 80 720

ვერდერი-კიოლნი 3:2
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - სოკრატისი, პრიოდლი, ნალდო, შმიტცი (37. ბარგფრედე) - ოგნიოვსკი - ფრიტცი, ჰანტი - ექიჩი (37. როზენბერგი) - არნაუტოვიჩი (79. ვაგნერი), პისარო.
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, სერენო, ჯემალი, აიხნერი - ლანიგი, რიტერი - კლემენსი (55. ჟერომელი), ჟაჟალო (67. პეცონი), პეჟკო (72. მატუშიკი) - პოდოლსკი.
გოლები: 0:1 კლემენსი (3), 0:2 პოდოლსკი (45), 1:2 პისარო (49), 2:2 პისარო (54-პენ), 3:2 პისარო (86)
გაფრთხილება: სოკრატისი, ფრიტცი, ბარგფრედე - რიტერი, რენზინგი, ლანიგი
გაძევება: სერენო (53. კიოლნი)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 8-4; კარში დარტყმა: 29(7)-5(4); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 41 500

ნიურნბერგი-ფრაიბურგი 1:2
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი (46. შტეფანი) - ჩანდლერი, ვოლშაიდი, კლოზე, პინოლა - სიმონსი, ფოილნერი (66. ჰეგელერი) - აიგლერი, ფრანტცი (74. დიდავი), ესვაინი - პეკჰარტი.
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - ჰინკელი (64. ფერატი), ბართი, კრმასი, ბასტიანსი - შუსტერი - პუცილა, მაკიადი, ფლუმი, როზენტალი - სისე.
გოლები: 1:0 ფრანტცი (32), 1:1 როზენტალი (34), 1:2 სისე (93-პენ)
გაფრთხილება: პინოლა, ვოლშაიდი, ესვაინი, შტეფანი - ჰინკელი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12(4)-10(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 38 026

ჰოფენჰაიმი-კაიზერსლაუტერნი 1:1
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - იბერტსბერგერი (71. რობერტო ფირმინო), ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - რუდი, სალიჰოვიჩი - ობასი (60. ვილიამსი), ჯონსონი, ბაბელი - იბიშევიჩი.
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ტრაპი - დიკი, ამედიკი, აბელი, ბუგერა (81. იესსენი) - კირხი, დე ვიტი (66. შეხტერი) - შაჰანი (66. სუკუტა-პასუ), ტიფერტი, ფორტუნისი - კუემაა.
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (33), 1:1 კუემაა (73)
გაფრთხილება: სალიჰოვიჩი, იბიშევიჩი, იბერტსბერგერი, ვილიამსი, რობერტო ფირმინო - ბუგერა
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 23-21; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11(3)-19(3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 30 150

ჰერტა-ბორუსია (მ) 1:2
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ფრანცი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი (83. ბენ-ჰატირა), ნიმაიერი - რამოსი, რაფაელი, რუკავიტსია (67. ებერტი) - ლასოგა (71. თორუნი).
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (83. ციმერმანი), არანგო - როისი (93. მარქსი), ჰანკე (85. ბობადილია).
გოლები: 1:0 რამოსი (18), 1:1 როისი (33), 1:2 როისი (55)
გაფრთხილება: ჰერმანი, დანტე
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 11(3)-12(5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 60 556

ლევერკუზენი-ჰამბურგი 2:2
ლევერკუზენი (4-1-4-1): ლენო - კასტრო, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - როლფესი (63. დერდიოკი) - სემი (46. რაინარტცი), ლ. ბენდერი, ბალაკი, შიურლე - კისლინგი.
ჰამბურგი (4-2-2-1-1): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, მანსიენი, აოგო - კაჩარი (79. ტეშე), რინკონი - ტიორე (82. იაროლიმი), იანსენი - სონი (89. სკიელბრედი) - გერერო.
გოლები: 1:0 შიურლე (5), 2:0 ლ. ბენდერი (20), 2:1 ვესტერმანი (34), 2:2 იანსენი (57)
გაფრთხილება: დერდიოკი, რაინარტცი - რინკონი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 15(5)-14(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 30 210

ჰანოვერი-შალკე 2:2
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჩაჰედი, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შტინდლი, პინტუ - ია კონანი, შლაუდრაფი (84. შტოპელკამპი), პანდერი (81. რაუში) - აბდელაუ.
შალკე (4-2-2-1-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლტბი - ფარფანი, დრაქსლერი (90. მორავეკი) - რაული - პუკი (87. მარიკა).
გოლები: 0:1 პუკი (26), 1:1 პაპადოპულოსი (29-საკ. კარში), 2:1 აბდელაუ (59), 2:2 პუკი (73)
გაფრთხილება: შლაუდრაფი, კ. შულცი - მატიპი, ჯონსი, პაპადოპულოსი, ჰიოვედესი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16(2)-13(7); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 49 000

აუგსბურგი-ბაიერნი 1:2
აუგსბურგი (4-1-2-2-1): ამსიფი - რაინჰარტდი, კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი, ვერჰეგი - ჰოსოგაი - ბრინკმანი (59. გოგია), დავიდსი (80. რაფაელი) - ბაიერი, ვერნერი - მიოლდერსი (75. კაპლანი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია (68. ლუის გუსტავო), ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, ალაბა - თ. მიულერი, კროოსი (89. კონტენტო), რიბერი (91. პრანიჩი) - გომესი.
გოლები: 0:1 გომესი (16), 0:2 რიბერი (28), 1:2 ჰოსოგაი (59)
გაფრთხილება: რაინჰარდტი - რაფინია, რიბერი
გაძევება: ტიმოშჩუკი (93. ბაიერნი)
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10(2)-14(5); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 30 660

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 12 9 1 2 32:4 28
2. ბორუსია (დ) 12 7 2 3 26-9 23
3. ვერდერი 12 7 2 3 23-16 23
4. ბორუსია (მ) 12 7 2 3 15-9 23
5. შალკე 12 7 1 4 24-18 22
6. ჰანოვერი 12 5 4 3 16-17 19
7. შტუტგარტი 12 5 3 4 18-12 18
8. ლევერკუზენი 12 5 3 4 15-16 18
9. ჰოფენჰაიმი 12 5 2 5 15-13 17
10. ჰერტა 12 4 4 4 16-17 16
11. კიოლნი 12 5 1 6 20-26 16
12. კაიზერსლაუტერნი 12 3 4 5 10-15 13
13. ვოლფსბურგი 12 4 1 7 15-25 13
14. მაინცი 12 3 3 6 16-23 12
15. ნიურნბერგი 12 3 3 6 13-20 12
16. ჰამბურგი 12 2 4 6 15-25 10
17. ფრაიბურგი 12 3 1 8 16-27 10
18. აუგსბურგი 12 1 5 6 9-22 8

ბომბარდირები
13 - გომესი (ბაიერნი); 11 - პისარო (ვერდერი); 10 - ჰუნტელაარი (შალკე); 9 - პოდოლსკი (კიოლნი); 8 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი), ლევანდოვსკი (ბორუსია დ); 7 - მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი), როისი (ბორუსია მ).

მომდევნო ტური
18 ნოემბერი. კაიზერსლაუტერნი-ლევერკუზენი.
19 ნოემბერი. შალკე-ნიურნბერგი, ფრაიბურგი-ჰერტა, კიოლნი-მაინცი, ვოლფსბურგი-ჰანოვერი, ბორუსია (მ)-ვერდერი, ბაიერნი-ბორუსია (დ).
20 ნოემბერი. შტუტგარტი-აუგსბურგი, ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული