მართალია, 12 ტურის შემდეგ "ბაიერნის" უახლოესი მდევრებიდან სამ გუნდს (დორტმუნდი, ვერდერი, გლადბახი) ქულების თანაბარი რაოდენობა აქვს,
გააფთრებული კირიაკოსი
საჰაერო ორთაბრძოლის დროს იდაყვის მარჯვედ ქნევა, ვარდნის დროს ფეხის ბოლომდე მიყოლება, მუდმივად უხეშობის ზღვარზე თამაში - "ვოლფსბურგის" მცველი სოტირიოს კირიაკოსი კიდევ უფრო აგრესიული გამხდარა. ბუნდესლიგაში მცველის ასეთი თამაში არავის უკვირს, პირიქით, ესეც ფეხბურთის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია, ცუდი კი მხოლოდ ის არის, რომ "მგლების" ბერძენ მცველს დორტმუნდელი კოლეგა ნევენ სუბოტიჩი "შემოესისხლიანა". თუმცა ესეც რბილი ნათქვამია, ფაქტი კი ის არის, რომ სერბი მცველი მარცხენა თვალით კარგა ხანს ვერაფერს ხედავდა. კირიაკოსს ამ ბრუტალური ფოლისთვის ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია...
რაც შეეხება "ვოლფსბურგს": "ასეთი წაგების შემდეგ ბავშვიც კი მიხვდება, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგის დონეს ვერ აკმაყოფილებს, უმეტესობა კი ვერ აკმაყოფილებს იმ დონეს, რომელზეც ჩვენ გვინდა ყოფნა," - ეს "მგლების" თავკაცის, ფელიქს მაგათის სიტყვებია. პირველში თუ არა, "დესპოტი ფელიქსი" კირიაკოსს მეორე ჯგუფში მაინც მოიაზრებდა, რადგან ბერძენს ტექნიკური დორტმუნდელების წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი აღმოაჩნდა - ძალადობა - და თავი სასაცილოდ აიგდო. სუბოტიჩს კი თვალის ოპერაცია დასჭირდა და ფეხბურთს თვენახევარი ვეღარ ითამაშებს...
ტურის ტრიუმფატორი: ლუსიენ ფავრი
"ჰერტასთან" მატჩის წინ "გლადბახის" მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ბერლინული კლუბის პრეზიდენტ ვერნერ გეგენბაუერთან მივიდა და ერთი შეხედვით, მეგობრულად გაესაუბრა. გეგენბაუერიცა და ფავრიც ცდილობდნენ, კამერების წინ თავი ისე დაეჭირათ, ვითომ ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ. შვეიცარიელმა მწვრთნელმა მატჩამდე თქვა, ბერლინში ფანტასტიკური ორწელნახევარი გავატარეო.
მაგრამ ჩვენ ფავრის არ გვჯერა, რადგან "ჰერტადან" თავის დროზე ცუდად გააგდეს, ახლა კი, ბერლინში "გლადბახის" თავკაცის რანგში, მტრის სტატუსით დაბრუნდა და შურიც იძია: მისმა "ბორუსიამ" დედაქალაქიდან სამი ქულა წაიღო. სამაგიეროდ, "ჰერტას" მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა მწარედ თქვა, ჩვენი გულშემატკივრები ფავრს ნუ გაეტირებიან, ამის საბაბი არ არსებობსო. არადა, არსებობს...
პისარო აქ, პისარო იქ, პისარო ყველგან
ვერდერი-კიოლნი, პირველი ტაიმი: კლაუდიო პისარო მოედანზე იყო, მაგრამ არ ჩანდა, "კიოლნმა" კი "ვეზერშტადიონზე" 2 გოლი გაიტანა და შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმი: პისარო გამოჩნდა და კარში დარტყმებს მოჰყვა, დღესდღეობით კი, როცა პერუელი კარში ურტყამს, უმეტესად გოლებიც გააქვს ხოლმე. "ვერდერის" 33 წლის გოლეადორმა "თხების" კარი სამჯერ დალაშქრა და თამაში ბრემენულ კლუბის სასარგებლოდ შეატრიალა. ბოლოს კიოლნელები მოედანზე ცხრანიღა იყვნენ, რადგან ერთი გააგდეს, ერთიც იმ დროს დაშავდა, როცა სტალე სოლბაკენს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, "ვერდერის" თავკაცმა თომას შააფმა კი პისაროზე თქვა, რაც უფრო ბერდება, მით უფრო პროგრესირებსო.
"რთულია, სიტყვით გადმოსცე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა პისარო "ვერდერისთვის". ის ყოველთვის საჭირო ადგილზე დგას და ნებისმიერ დროს შეგიძლია, პასი მისცე და დარწმუნებული იყო, რომ შეცდომას არ დაუშვებს. პისარო ბუნდესლიგის საუკეთესო თავდამსხმელია," - ეს კი ბრემენელთა მარჯვენა გარემარბის, კლემენს ფრიტცის სიტყვებია.
პისაროს 11 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და "ვერდერის" ბოლო 15 გოლიდან, 14-ში უშუალოდ აქვს მონაწილეობა მიღებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პერუელი თავდამსხმელი გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი არ ყოფილა (11 წელი ბუნდესლიგაში). "პრინციპში, ბომბარდირობა არ მაინტერესებს, მაგრამ თუ გავხდები, რა თქმა უნდა, გამიხარდება," - თქვა "პისამ" "კიოლნთან" შემოტრიალებული თამაშის შემდეგ.
სტანი: მე თქვენ გიჩვენებთ სეირს, სოფლელებო!
"ჰოფენჰაიმის" თავკაც ჰოლგერ სტანისლავსკის მოთმინების ფიალა აევსო. მისმა შეგირდებმა "კაიზერსლაუტერნთან" როგორღაც ერთი გოლი გაიტანეს და ქულა აიღეს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ეს როგორღაც მოახერხეს, მწვრთნელს კი თავისი გუნდის თამაშში პოზიტიური არაფერი დაუნახავს: "ბუნდესლიგაში თამაში უნდა გიხაროდეს. მონდომებული უნდა იყო, ირბინო, იბრძოლო. ჩვენ კი დღეს სიხარულის და მონდომების ნიშანწყალიც არ გვეტყობოდა. დღეს ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა, ერთი ქულა მოვიპარეთ და მოპარული შეგვრჩა კიდეც.
დიდი ხანი არაა, რაც "ჰოფენჰაიმს" ვავარჯიშებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაზე ცუდი თამაში იყო, რაც ამ გუნდს ჩემს ხელში აქამდე უჩვენებია. ძალიან უკმაყოფილო ვარ," - თქვა საფინალო სასტვენის შემდეგ განრისხებულმა სტანისლავსკიმ და შეგირდებს "ძალად ვარსკვლავები" უწოდა.
ჰოლგერი სიმკაცრით არის ცნობილი და შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, როგორ დატანჯავს შეგირდებს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ბუნდესლიგის მომდევნო, მე-13 ტურამდე. პირდაპირ ვთქვათ, "ჰოფეს" ფეხბურთელებმა ეს დაიმსახურეს კიდეც...
ნოიერს საქმე გაუჩნდა
ტურის შემდეგ მანუელ ნოიერს ყველა აქებდა - ამბობდნენ, რეკორდმაისტერმა აუგსბურგში რომ მოიგო, მანუს დამსახურებააო, რაშიც სიმართვლის მარცვალზე მეტი ერია, რადგან გერმანიის ნაკრების მეკარემ 82-ე წუთზე, მასთან პირისპირ გასული ედმონდ კაპლანის დარტყმა ბლიც-რეფლექსით მოიგერია.
ერთადერთი ექსპერტი, რომელმაც მანუ არ შეაქო, ბუნდესგუნდის ყოფილი მეკარე, მუდამ კრიტიკულად განწყობილი იენს ლემანი გახლდათ, რომელმაც "სქაის" პირდაპირ ეთერში თქვა, მის ადგილზე, მე კარიდან არ გამოვარდებოდიო. არადა, ნოიერმა დარტყმა აიღო და მას მერე, რაც მიუნხენური კლუბის ღირსებას იცავს, "ბაიერნის" წარმატებაში პირველად ითამაშა მთავარი როლი. მართალია, მანუმ ბოლო ხუთ მატჩში მე-6 გოლი გაუშვა, მაგრამ სამაგიეროდ, ვეღარ დაიჩივლებს, საქმე არ მაქვსო.
ისევ გიოტცე
მარიო გიოტცემ კიდევ ერთხელ გვიჩვენა კლასი და ვინ მოთვლის, მერამდენედ დაგვარწმუნა, რომ მართლაც დიდი მომავალი აქვს.
"ვოლფსბურგთან" 5:1-ზე მოგებულ მატჩში გიოტცე შინჯი კაგავასთან ერთად საუკეთესო იყო - დორტმუნდის "ბორუსია" ძველებურად ათამაშდა. ფაქტია, რომ გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი მარიოს უკრაინასთანაც ათამაშებს და ჰოლანდიასთანაც - თანაც, მესუთ იოზილთან ერთად. იოგიმ თქვა, ეს შესაძლებელი კი არა, აუცილებელიცააო.
"მიუხედავად იმისა, რომ "ვერდერიც" კარგად გამოიყურება, "გლადბახი" სულაც ამ სეზონის აღმოჩენაა და "შალკემაც" პროგრესი განიცადა, ერთადერთი გუნდი, რომელსაც "ბაიერნისთვის" კონკურენციის გაწევა შეუძლია, დორტმუნდის "ბორუსიაა", - ეს ლიოვის განცხადებაა, რომლის დადასტურების შანსი გიოტცეს და კომპანიას ზუსტად ორ კვირაში მიეცემათ: ბუნდესლიგის მომდევნო ტურში "დორტმუნდი" "ბაიერნს" სტუმრობს.
მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრები (4-2-2-2, კიკერი)
მანუელ ნოიერი (ბაიერნი, I) - სოკრატის პაპასტატოპულოსი (ვერდერი, I), მარტინ შტრანცლი (ბორუსია მ, I), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ, II) - მარიო გიოტცე (ბორუსია დ, III), სვენ ბენდერი (ბორუსია დ, III), შინჯი კაგავა (ბორუსია დ, II), მარკო როისი (ბორუსია მ, V) - ტეემუ პუკი (შალკე, I), კლაუდიო პისარო (ვერდერი, III), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი, IV).
ტურის გმირი
კლაუდიო პისარო (ვერდერი)
გოლების გატანა მისი უმთავრესი მოვალეობაა და მიმდინარე სეზონში კლაუდიო პისარო თავის საქმეს ხუთიანზე აკეთებს. 33 წლის პერუელ თავდამსხმელს ბუნდესლიგის 315 მატჩში 153 გოლი აქვს გატანილი, ამ სეზონში კი უკვე 11-ჯერ იხეირა და ბომბარდირთა რეიტინგში მარიო გომესსა და კლაას-იან ჰუნტელაარს მისდევს.
ამასთან, რეკორდებსაც ამყარებს: გერმანიის ჩემპიონატში ერთ შეხვედრაში ერთზე მეტი გოლი მან უკვე 27-ედ გაიტანა. აქედან, 16 ასეთი შემთხვევა "ვერდერის" ფორმით აქვს დაფიქსირებული (მოგეხსენებათ, "ბაიერნის" ღირსებასაც იცავდა). გარდა ამისა, პისარო ჯოვანი ელბერს გაუთანაბრდა და მასთან ერთად, ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო არაგერმანელი ბომბარდირია. "კიოლნთან" შეხვედრაში პისარომ კარიერაში მეოთხე ჰეთ-თრიკი შეასრულა. უკანასკნელი 1999 წლის 19 სექტემბერს ჰქონდა შესრულებული - "ვოლფსბურგთან" მატჩში (7:2), რომელიც მეოთხე იყო მის ბრემენულ კარიერაში.
საუკეთესო ფეხბურთელები
12 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.15
2. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.25
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.29
4. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.33
5. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.50
6. დანიელ ვან ბუიტენი ბაიერნი 2.50
7. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.58
8. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.65
9. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 2.67
10. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.71
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 11 13 2 15
2. კლაუდიო პისარო ვერდერი 11 11 4 15
3. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 11 9 5 14
4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 11 6 8 14
5. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 12 8 5 13
6. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 11 10 2 12
7. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 12 8 3 11
8. მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 12 7 3 10
9. მარკო როისი ბორუსია (მ) 12 7 3 10
10. მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 9 8 1 9
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"