"თხები" პოლდისთვის იბრძვიან

AutoSharing Option
"კიოლნის" გულშემატკივრები, მწვრთნელი და ხელმძღვანელები ამ ბოლო დროს ძალიან ნერვიულობენ იმის გამო, რომ გუნდის 26 წლის ლიდერ ლუკას პოდოლსკის 2013 წლის ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერ არ გაფორმებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, პოლდიმ "კიოლნი" ზამთარში, ან სეზონის ბოლოს დატოვოს.

ამასობაში, პოდოლსკის სერიოზული მსურველები გამოუჩნდნენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლუკასის გადაბირება "მილანს" და "არსენალს" სურთ. ლონდონელები სულაც უკვე მზად არიან, გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერში 23 მილიონი ევრო გადაიხადონ. თვითონ ფეხბურთელი გადაჭრით არაფერს ამბობს, იმას კი ადასტურებს, რომ შეიძლება
"კიოლნიდან" წავიდეს.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ლუკასს "კიოლნიდან" და ზოგადად გერმანიიდან წასვლა ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმაც ურჩია.

"პოდოლსკი თავისი კლუბისთვის ნატვრის თვალია და მე "კიოლნის" ქომაგების განაწყენება არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლუკასი მზადაა, გერმანიიდან წავიდეს და ძალები ინგლისში, იტალიაში ან ესპანეთშიც მოსინჯოს. წლების წინ მას ამას არ ვურჩევდი, ახლა კი მიმაჩნია, რომ ეს მისთვის კარგი იქნება," - ამბობს იოგი.

"კიოლნის" სპორტულ დირექტორ ფოლკერ ფინკეს მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა, მაგრამ გაუჭირდება, რადგან ლუკასი აქამდე არასდროს ყოფილა ისე დაფასებული, როგორც ახლაა. პოლდი ძალიან კარგ ფორმაშია, მისმა ფასმა კი სადღეისოდ 20 მილიონ ევროს მიაღწია. "თხების" თავკაც სტალე სოლბაკენს უნდა, ლუკასი იმაში დაარწმუნოს, რომ "კიოლნს" სამომავლოდ უკეთესი პერსპექტივა აქვს, რადგან პოლდის არაერთხელ უთქვამს, მუდმივად პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მომბეზრდაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული