მიუხედავად იმისა, რომ "ვერდერი" 2010/2011 წლების სეზონს 8.2 მილიონი ევროს ოდენობის სუფთა მოგებით ამთავრებს, ბრემენული კლუბის ხელმძღვანელებიც განცხადებით, ისინი მაინც იძულებულები არიან, რომ ფული დაზოგონ. "ვერდერის" ფინანსური დირექტორის, კლაუს ფილბრის თქმით, ეს იმის ბრალია, რომ გუნდი ადრე ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულად თამაშობდა, რასაც "ვერდერისთვის" ყოველწლიურად მინიმუმ 25 მილიონი ევრო მოჰქონდა, ახლა კი ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის მიღმაა დარჩენილი - ეს იმ დროს, როცა სახელფასო ფონდი პროპორციულად არ შემცირებულა. ფულის დაზოგვის ერთადერთი გზა კი ამ შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაა.
"საკმაოდ
ბევრი ფეხბურთელი გვყავს და რამდენიმე მათგანის გასხვისებაზე მართლაც ვფიქრობთ. თუ ვინმე უკმაყოფილოა, ახლავე მოვიდეს ჩემთან და ტრანსფერზე სიამოვნებით დავაყენებ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ეს არ ეხება, კლაუდიო პისაროა, რომელსაც არაფრისდიდებით არ გავყიდი," - აცხადებს "ვერდერის" სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი.
ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, გაყიდვის უპირველესი კანდიდატი მეკარე ტიმ ვიზეა და მასთან ერთად, იანვარში ბრემენული კლუბი შესაძლოა, ვესლიმ და სანდრო ვაგნერმაც დატოვონ. ვიზეს "მუსიკოსებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და თუ მას მსურველი გამოუჩნდება, ალოფსი ტიმს იანვარში უპრობლემოდ შეელევა. სხვათა შორის, წინა ზამთარში "ვერდერმა" სწორედ ასე გაყიდა პორტუგალიელი თავდამსხმელი უგო ალმეიდაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"