რაული მადრიდში არ გაუშვეს!

AutoSharing Option
ხუთშაბათს, მადრიდში დამსახურებული ესპანელი ფეხბურთელების დაჯილდოვების დღე იყო - მოთამაშეებს, რომლებსაც ესპანეთის ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ღირსების ორდენები გადაეცათ. მედლები მიიღეს ვეტერანმა ანდონი სუბისარეტამ, იკერ კასილიასმა, ჩავიმ... ესპანური ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი კი ამ ღონისძიებას აკლდა - რაული, რომელსაც ეროვნულ გუნდში 102 მატჩი აქვს ჩატარებული, „შალკემ“ მადრიდში არ გაუშვა!

ნაცვლად იმისა, რომ სხვა დაფასებულ ფეხბურთელებთან ერთად თავისი წილი ჯილდო გონსალეს ბლანკოსაც მიეღო, ესპანელი თავდამსხმელი იძულებული გახდა, გელზენკირხენში თანაკლუბელებთან ერთად ევარჯიშა. ასეთი გადაწყვეტილება კლუბის ბოსებმა მთავარ მწვრთნელ ჰუუბ სტევენსთან ერთად
მიიღეს. ამის გამო ესპანურმა მედიამ „შალკეს“ კრიტიკა არ დააკლო. „მარკა“ წერდა, „შალკეს“ უგულო ადამიანები მართავენო.

„იმ დღეს გუნდის მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიში ჰქონდა დაგეგმილი. ეს ჩვეულებრივი დღე რომ ყოფილიყო, რაულს, რა თქმა უნდა, გავუშვებდით, მაგრამ ეს ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაული პროფესიონალია და ჩვენი გადაწყვეტილებაც უმტკივნეულოდ მიიღო,“ - აცხადებს „შალკეს“ მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი. რთულია იმის დაჯერება, რომ რაული არ განაწყენდა, ფაქტი კი ის არის, რომ ჩვენს გერმანელ კოლეგებს უთხრა, გუნდის გადაწყვეტილება ჩემთვის ყოველთვის მისაღებიაო.

სტევენსის გმირები და ანტიგმირები
6 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც „შალკეს“ 57 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი წვრთნის და სტევენსმა ლევან ყენიას გუნდში უკვე ბევრი რამ მოასწრო. რაც ყველაზე მთავარია, მას უკვე შეექმნა ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ მის შეგირდებს და უკვე ჰყავს როგორც პირადი გამარჯვებულები, ასევე დამარცხებულებიც.

ყველასათვის მოულოდნელად, სტევენსის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გაამერიკელებული საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსია, რომელზეც გელზენკირხენელ ფანებს ხელი ჩაქნეული ჰქონდათ. 30 წლის ჯონსი სტევენსის ხელში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. არადა, ჰუუბის წინამორბედ რალფ რანგნიკს მისი გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი.

ჰოლანდიელი მწვრთნელის ხელში გაბრწყინდა 21 წლის ფორვარდი ტეემუ პუკიც, რომელმაც კლაას-იან ჰუნტელაარის ტრავმით ისარგებლა და მწვრთნელის ნდობა „ჰანოვერთან“ შესრულებული დუბლით გაამართლა.

მოგეხსენებათ, „შალკეს“ პირველი მეკარე რალფ ფერმანი დაშავებულია. ბევრს ეგონა, რომ სტევენსი კარში გამოცდილ მათიას შობერს ჩააყენებდა, მაგრამ ჰუუბმა „შალკეს“ კარი 21 წლის ლარს უნერშტალს ანდო, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება. შეგახსენებთ, რომ ფერმანის დაშავების შემდეგ, გელზენკირხენელებმა უმუშევარი ტიმო ჰილდებრანდიც აიყვანეს, მაგრამ უნერშტალს ვერც ამ უკანასკნელმა აჯობა. სტევენსი ახალგაზრდა მეკარეს ენდობა და არც თავად ლარსი უცრუებს იმედებს. იგივე ეხება 18 წლის იულიან დრაქსლერსაც, რომელმაც სტევენსის დანიშვნის შემდეგ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სტევენსის ხელში თამაშის ყველაზე ნაკლები შანსი ზემოთ ხსენებულ ჰილდებრანდს აქვს. მასთან ერთად, ჰოლანდიელი მწვრთნელი არ სწყალობს 22 წლის მარჯვენა მცველ მარკო ჰიოგერს, რომელსაც რანგნიკი მუდმივად ათამაშებდა. სტევენსი დაცვის მარჯვენა ფლანგზე ბენედიქტ ჰიოვედესს ათამაშებს, ჰიოგერმა კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ჰუუბის მიერ დაცვის ხაზის ახლებურად ფორმირებას გამოცდილი უკანახაზელი, 31 წლის კრისტოფ მეტცელდერიც შეეწირა.

სტევენსმა ეს უკანასკნელი მხოლოდ ორჯერ ათამაშა, უმეტესად კი სათადარიგოთა სკამს ახეხინებს. ჰუუბს გულზე არც 26 წლის რუმინელი ფორვარდი ჩიპრიან მარიკა ეხატება. ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ჰუნტელაარის არყოფნაში სტევენსი სწორედ მარიკას ათამაშებდა, მაგრამ მწარედ შეცდნენ - ჰუუბი პუკის ენდო. ამრიგად, „შალკეში“ მომავალი არც რუმინელს აქვს.

რაც შეეხება ყენიას: იმედია, ლევანი ბოლოს და ბოლოს გამოჯანმრთელდება და სტევენსს თავს მოაწონებს, თორემ ჰუუბი „შალკეში“ მეორე მწვრთნელია რანგნიკის შემდეგ, რომელსაც ქართველი ნახევარმცველი საქმეში ჯერ კიდევ არ უნახავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული