„ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ამ სეზონში უკვე 27 ფეხბურთელი ათამაშა, რაც 12 ტურისთვის ძალიან ბევრია, მაგრამ სასურველი შედეგი ვერა და ვერ მიიღო - გერმანიის 2009 წლის ჩემპიონი ბუნდესლიგაში დღეისათვის მე-13 ადგილზეა.
...და „დესპოტი ფელიქსი“ ისევ წმენდას იწყებს! „ბილდის“ ინფორმაციით, მას 6 შეგირდი გულზე აღარ ეხატება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ექვსიდან, ხუთი გუნდში თვითონ მიიყვანა და თანაც, ცოტა ხნის წინ. ჩვენი გერმანელი
კირიაკოსთან ერთად, იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გაყიდვის უმთავრესი კანდიდატია 30 წლის ჩეხი ნახევარმცველი იან პოლაკიც, რომელიც „მგლებში“ ასევე თავად მაგათმა მიიყვანა და მასზეც დიდ იმედებს ამყარებდა. „დესპოტმა ფელიქსმა“ გუნდის განაცხადიდან ორივე მათგანი ამოშალა და მოყვარულებში გადაისროლა, რაც პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ზამთარში კირიაკოსი და პოლაკი „ვოლფსბურგს“ დატოვებენ.
სამაგიეროდ, გუნდში მისი მიყვანილი არ არის 27 წლის თავდამსხმელი პატრიკ ჰელმესი, რომლის გაყიდვა მაგათს ზაფხულშიც უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან გერმანიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელში ფელიქსისთვის მისაღები თანხა არავინ გადაიხადა. შედეგად, მან პატრიკი გუნდში დატოვა და კიდევ ერთხელ შეეცადა მისგან კარგი გოლეადორის გამოძერწვას, მაგრამ ჰელმესს საშველი არ დაადგა - ყოველ შემთხვევაში, მაგათის ხელში მას ძველებური ფორმის დაბრუნება აშკარად არ უწერია. დიდი ხანია, რაც პატრიკი გერმანიის ნაკრებშიც აღარ მიუწვევიათ.
„ბილდის“ მიმომხილველთა ღრმა რწმენით, „ვოლფსბურგში“ მომავალი არც 22 სამხრეთ კორეელ ია-ჩეოლ კოოს, 20 წლის ვენესუელელ იოჰანდრი ოროსკოს და 21 წლის პოლონელ მატეუშ კლიხს აქვთ. ამრიგად, ფელიქსი ზამთარში ექვსი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს და უკვე შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ მინიმუმ ამდენივე ახალ მოთამაშეს შეიძენს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"