გერმანია ეძებს დაცვის ბურჯს

AutoSharing Option
პარასკევს, გერმანიის ნაკრებმა კიევში სამი გოლი გაიტანა, მაგრამ ამდენივე გაუშვა და უკრაინასთან 3:3 ბუნდესგუნდისთვის მისაღებ შედეგად ვერ ჩაითვლება. თუმცა ეს ამხანაგური მატჩი იყო, რომელშიც იოახიმ ლიოვმა არაერთი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა - ყველაზე მთავარი ტაქტიკური სქემის შეცვლა და სამ მცველზე გადასვლა გახლდათ.

უკრაინა-გერმანია 3:3
გოლები: 1:0 იარმოლენკო (28), 2:0 კონოპლიანკა (36), 2:1 კროოსი (38), 3:1 ნაზარენკო (45), 3:2 როლფესი (65), 3:3 თ. მიულერი (77)
გაფრთხილება: ბეზუსი, კონოპლიანკა, ტიმოშჩუკი
მაყურებელი: 69 720

უკრაინა (4-1-3-2): რიბკა - ბუტკო, კუხერი, რაკიცკი, სელინი - ტიმოშჩუკი - იარმოლენკო
(82. ალიიევი), ბეზუსი (39. ნაზარენკო), კონოპლიანკა (93. ფედეცკი) - მილევსკი (66. დევიცი), შევჩენკო (67. გაი).

გერმანია (3-4-2-1): ცილერი - ბოატენგი, ბადშტუბერი, ჰუმელსი - ტრეში (46. შიურლე), ხედირა (46. როლფესი), კროოსი (87. ლ. ბენდერი), აოგო - გიოტცე (66. თ. მიულერი), იოზილი (66. პოდოლსკი) - გომესი (83. კაკაუ).

ვინ უნდა იყოს დაცვის შეფი?
უკრაინასთან ამხანაგური თამაში იოახიმ ლიოვისთვის თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტი იყო და რაკი თავიდანვე თქვა, ბევრი რამით გაგაოცებთო, აღარავის გაუკვირდა ისიც, რომ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კიევში ისეთი ტაქტიკური სქემით დაიწყო თამაში, რომლითაც ბუნდესგუნდს მის ხელში არასდროს უასპარეზია. 3-4-2-1 - ასეთი იყო ლიოვის ახალი, ექსპერიმენტალური სქემა, რომელშიც განაპირა მცველების ფუნქციებს კრისტიან ტრეში (მარჯვნივ) და დენის აოგო (მარცხნივ) ითავსებდნენ.

უფრო სწორად რომ ვთქვათ, მათ ორივე ფლანგი მთლიანად ჰქონდათ ჩაბარებული. სამი მცველით (ბოატენგი, ბადშტუბერი, ჰუმელსი) ბუნდესგუნდმა ლიოვის ხელში პირველად ითამაშა და გერმანიის ნაკრების გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა იმედოვნებს, რომ ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო.

ეს სქემა თავის მხრივ ცუდი ნამდვილად არ არის, პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ტაქტიკაა, მაგრამ მას შეჩვევა სჭირდება, გერმანიის ნაკრებს კი ამის დრო აღარ აქვს. წინა ხაზი კიდევ გაართმევდა თავს (კიევშიც გაართვა), აი დაცვა კი აშკარად აჭრილი იყო. უკრაინის ნაკრებმა გერმანიას სამი გოლი რომ გაუტანა, ეს მხოლოდ ტაქტიკური ცვლილების ბრალი არ ყოფილა - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გერმანიის ნაკრებს დაცვის ბურჯი არ ჰყავს.

ჟერომ ბოატენგმა, ჰოლგერ ბადშტუბერმა და მატს ჰუმელსმა შეუცვლელად იასპარეზეს და მათგან მოწონება მხოლოდ 22 წლის ბადშტუბერმა დაიმსახურა. ორთაბრძოლების დროს მშვენივრად მოქმედებდა, შეტევებსაც ჭკვიანურად იწყებდა და პოზიციურადაც შესანიშნავად იდგა. გაგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლიოვი მას მარცხენა მცველის პოზიციაზე ათამაშებდა (ჰოლგერი ცაციაა), მაგრამ მერე ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა, ახლა კი ისევ დაუბრუნდა სასტარტო ტერთმეტეულს და დღევანდელი გადასახედიდან, გერმანიის ნაკრები ბადშტუბერის გარეშე წარმოუდეგენელია.

ექსპერტები და ქომაგები ყველაზე მეტს ჰუმელსისგან ელოდნენ, მაგრამ 22 წლის დორტმუნდელმა ყველას იმედები გაუცრია - უკვე მერამდენედ?! ლიოვმა დორტმუნდელი 2011 წლის 12 მატჩიდან რვაში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, მაგრამ ჰუმელსზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, შანსი გამოიყენა და ბუნდესგუნდის ძირითადში ადგილი დაიმკვიდრაო. "ბორუსიაში" ძალიან კარგად გამოიყურება, ნაკრებში კი მატსის უმთავრესი პრობლემა ტაქტიკური უდისციპლინობაა. უკრაინელთა მეორე გოლის დროს სწორედ მან დაკარგა ბურთი და მერე მარიო გიოტცე იძულებული გახდა, დაცვას მის ნაცვლად მიხმარებოდა. გარდა ამისა, ჰუმელსი შეტევებს ყოველთვის ერთნაირად იწყებს - გრძელი, მაღალი პასით წინ, რაც ლიოვს სასტიკად არ მოსწონს.

დაცვის ცენტრში ლიოვს ბოატენგის ვარიანტიც აქვს - მით უმეტეს, რომ 23 წლის ჟერომი ხშირად იმეორებს, ჩემი ადგილი ცენტრშია და არა ფლანგზეო, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იოგი სურვილს არ შეუსრულებს, რადგან ბოატენგი ზედმეტად ხისტი და ფსიქოლოგიურად არამდგრადი ფეხბურთელია, ხშირად საჯარიმოს ხაზთან უაზროდ არღვევს თამაშის წესს და ლიოვს ამიტომაც ურჩევნია, რომ ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე ათამაშოს. თანაც, ბუნდესმწვრთნელის აზრით, ბოატენგი ფლანგზე უფრო პროდუქტიულია.

წლების მანძილზე გერმანიის ნაკრების დაცვის შეფი პერ მერტეზაკერი იყო, რომელიც ახლა ლონდონის "არსენალში" თამაშობს და 27 წლისაა. მერტეს სამი დიდი ტურნირი აქვს ნათამაშები და ბუნდესგუნდში 78 მატჩის ჩატარება მოასწრო, რითაც დღეისათვის გერმანიის ნაკრების ყველა მცველზე გამოცდილია.

თუმცა პერი ამ ბოლო დროს არასტაბილური გახდა. თვალშისაცემია, რომ მას პრემიერლიგასთან შეგუება უჭირს, რადგან ინგლისში გერმანიაზე მაღალი ტემპია. მიუხედავად ამისა, გერმანიის ნაკრების დაცვის ბურჯობის საუკეთესო შანსი დღეს მაინც მერტეზაკერს აქვს. უკრაინასთან პერს არ უთამაშია და ცხადია, რომ ხვალ ჰოლანდიასთან აუცილებლად ითამაშებს.

ლიოვის 50-ე დებიუტანტი: ცილერი კარგი იყო
უკრაინასთან გერმანიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 22 წლის მეკარე რონ-რობერტ ცილერს, რომელიც "ჰანოვერის" ღირსებას იცავს, 2008 წელს კი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონი გახდა.

იმის გამო, რომ 3 გოლი გაუშვა, ახალგაზრდა კიპერი თავის სადებიუტო შეხვედრას წარმატებულად ვერ ჩათვლიდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ არცერთი გოლი მისი ბრალი არ იყო. მეტიც: ცილერი ბუნდესგუნდს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადაარჩენდა - უკრაინელთა გოლები გერმანიის ნაკრების მცველების სინდისზეა: პირველი გოლი უკრაინელთა სასტიკ კონტრიერიშს მოჰყვა და ცილერი იარმოლენკოს დარტყმის დროს უშანსოდ იყო, მეორე გოლის დროს ჰუმელსმა დაუშვა უპატიებელი შეცდომა და ჰანოვერელი ვერც ნაზარენკოს შორეულ, შესანიშნავ დარტყმას მოიგერიებდა. 89-ე წუთზე კი ცილერმა თავისი ნიჭი გამოავლინა და გერმანიას ფრე გადაურჩინა.

"ცილერის თამაშით კმაყოფილი დავრჩი, რადგან გაშვებულ გოლებში მას ბრალი ყველაზე ნაკლებად მიუძღვის. საერთო ჯამში, დღეს ორჯერ გვიხსნა გაშვებული გოლისგან," - ეს ლიოვის სიტყვებია.


გიოტცე და იოზილი ერთად ჯერ ვერ ძოვენ
უკრაინასთან ძირითად შემადგენლობაში ერთად პირველად ვიხილეთ მარიო გიოტცესა და მესუთ იოზილის ტანდემი და თუკი ცალ-ცალკე დაფრინავენ ხოლმე, ერთად ბევრი ვერაფერი მოახერხეს.

"გიოტცინიო" და მესუთი ერთადერთი ცენტრფორვარდის, მარიო გომესის უკან მოქმედებდნენ, რომელიც კარიერაში პირველად იყო ბუნდესგუნდის კაპიტანი. აშკარად ჩანდა, რომ "რეალისა" და "დორტმუნდის" გამთამაშებლები ერთმანეთს ვერ უგებდნენ და ხშირად ხელსაც კი უშლიდნენ. თვალსასეირო კომბინაცია მათ მხოლოდ ერთხელ გამოუვიდათ, როცა გიოტცემ ბრწყინვალე პასი მისცა იოზილს, რომელმაც უკრაინელთა კარს ბურთი მცირე მანძილით ააცილა. 66-ე წუთზე კი ლიოვმა თამაშიდან ორივე მოხსნა.

ლოგიკურად, ლიოვმა ჰოლანდიასთან ისინი ერთად აღარ უნდა ათამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული