ტელეკომპანია „სქაი სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ლევერკუზენის“ 35 წლის ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება პირველად ახსენა. დღეს „ლევერკუზენი“ „კაიზერსლაუტერნს“ ეთამაშება და კითხვაზე, იქნება თუ არა ეს მისი უკანასკნელი თამაში იმ გუნდის წინააღმდეგ, საიდანაც მიხაელი მთელმა მსოფლიომ გაიცნო (კაიზერსლაუტერნის ღირსებას 1997-1999 წლებში იცავდა), ვეტერანმა გერმანელმა ასე უპასუხა: „დიახ, ეს შესაძელებელია. მეტსაც გეტყვით: დღევანდელი გადასახედიდან ეს ნამდვილად ბოლო სეზონი იქნება ჩემს კარიერაში, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზაფხულამდე რამე შეიცვალოს. ჯერჯერობით ამ სეზონის
თუმცა მიხაელი გადაჭრით მაინც არ ამბობს იმას, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება, რაც გვაფიქრებინებს, რომ მას კიდევ ერთხელ სურს უცხოეთში თამაში. „გადაღლილი ნამდვილად არ ვარ და ვფიქრობ, რომ ერთი-ორი წელი ფეხბურთის თამაში შემიძლია. თუმცა ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ცხადია, გააჩნია შემოთავაზებებსაც. ფაქტია, რომ ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე მინდა,“ - 2012 წლის სექტემბერში ბალაკი 36 წლის გახდება და ამ ასაკის მოთამაშეები უმეტესად პენსიაზე არიან ხოლმე, ბალაკი კი ცდილობს, არ დანებდეს.
ხსენებულ ინტერვიუში მიხაელმა „ლევერკუზენში“ შექმნილ სიტუაციაზე და ამ კლუბის ავან-ჩავანზეც ისაუბრა: „უფრო მეტი მონდომება და სრული კონცენტრაცია გვჭირდება. სხვანაირად ნურავინ გამიგებს, აშკარად ვხედავ, რომ აქ თამაში ყველას უხარია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, „ლევერკუზენს“ ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ მინიმუმ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძოლოს. ამისათვის კი ცოტა მეტი თავდადებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონი დამთავრდება, რომ მე-8 ან მე-9 ადგილზე აღმოვჩნდებით, რაც ალოგიკური და უფრო მეტიც: კატასტროფული შედეგი იქნება.“
აღსანიშნავია, რომ სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, მიხაელ ბალაკი „ლევერკუზენის“ ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა – „ფარმაცევტების“ მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი მას ბოლო დროს ყოველთვის სასტარტოში ათამაშებს – ხან საყრდენი ნახევარმცველის, ხანაც გამთამაშებლის პოზიციაზე.
„კარიერისა და ზოგადად ცხოვრების ურთულესი პერიოდი უკან მოვიტოვე. 2010 წელი და 2011 წლის პირველი ნახევარი ჩემთვის კატასტროფული იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ ფაქტობრივად კარიერა ჩამიმწარა. დისკუსიებმა, სპეკულაციებმა, ჯერ გერმანიის ნაკრების კაპიტნობის ჩამორთმევამ, მერე კი საერთოდ ბუნდესგუნდში ადგილის დაკარგვამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა და დღესაც ვფიქრობ, რომ ამას არ ვიმსახურებდი. ყველაზე მეტად გული იმან მატკინა, რომ ზოგზოგიერთები ჩემს პიროვნებას ეხებოდნენ, უკლასო ფეხბურთელიც კი მიწოდეს,“ - ამბობს მიხაელი.
ბოლო ათწლეულის უდავოდ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ზაფხულში კარიერის დასრულება არ მოუწევს, რადგან უნდა, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ მეტს იმსახურებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"