მიზეზი ისაა, რომ
პირველი ოცნება: სიკვდილის ჯგუფი
ევრო 2012-ის ფინალური ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს გაიმართება და თუ ოცნებაა, ოცნება იყოსო – გერმანელებს სურთ, რომ იოახიმ ლიოვის გუნდმა სიკვდილის ჯგუფი გადალახოს. საუკეთესო შემთხვევაში, მეტოქეებად ჰოლანდიას, პორტუგალიას და საფრანგეთს ნატრობენ, რასაც იმით ასაბუთებენ, რომ ახლა აღარავის და არაფრის ეშინიათ. ცხადია, ოცნებობენ ასეთ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაზე და აქედან გამომდინარეობს მეორე ოცნებაც...
მეორე ოცნება: ჰოლანდიის ჯგუფში ჩატოვება
ჯგუფში სამივე თამაშის მოგება უნდათ და ამასთან, სურთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები ჯგუფში ჩატოვონ. არც ფეხბურთელების ინდივიდუალური წარმატებები ავიწყდებათ: მაგალითად, მიროსლავ კლოზემ ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი (69 გოლი გერმანიის ნაკრებში) სწორედ ევროპის ჩემპიონატზე უნდა დაამხოსო.
მესამე ოცნება: შურისძიება იტალიაზე, მეოთხედფინალში
ზოგადად, გერმანელებს არაფერი ავიწყდებათ და რა დაავიწყებთ 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალს, რომელშიც იტალიის ნაკრებისგან ყველა დროის ყველაზე მტკივნეული მარცხი (გოლები 119-ე და 120-ე წუთებზე) იგემეს. ის მარცხი გერმანელებისთვის ორმაგად მტკივნეული იმის გამო იყო, მსოფლიოს ჩემპიონატი გერმანიაში მიმდინარეობდა. იმ შემადგენლობიდან ბუნდესგუნდში დღესაც თამაშობენ კლოზე, შვაინშტაიგერი, მერტეზაკერი და პოდოლსკი – რომლებმაც „სკუადრა აძურასთან“ არნახული მონდომებით უნდა ითამაშონ. რაც ყველაზე საინტერესოა, გერმანელები იტალიასთან მხოლოდ 1:0-ით გამარჯვებაზე ოცნებობენ – მართალია, მეტი შეგვიძლია, მაგრამ ეგენი უნდა ვაწვალოთო...
მეოთხე ოცნება: ინგლისის დამარცხება ნახევარფინალში
ნახევარფინალში კი ინგლისის ნაკრების გამწარება სურთ, ოღონდ თერთმეტმეტრიანების სერიაში. 1996 წელს ბუნდესგუნდმა ინგლისს ასევე ნახევარფინალში მოუგო და სხვათა შორის, მაშინაც პენალტებით. გერმანიის ნაკრების მაშინდელი მეკარე ანდრეას კიოპკე კი დღეს ბუნდესგუნდის მეკარეების მწვრთნელია.
მეხუთე ოცნება: ტრიუმფი ესპანეთთან, ფინალში
ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე გერმანიამ ფინალში ესპანეთთან 0:1 წააგო. იგივე განმეორდა 2010 წლის მუნდიალზეც, ოღონდ ნახევარფინალში. ასე რომ, ამჯერად, ფინალურ მატჩში გერმანელებს სწორედ ესპანეთზე შურისძიება, თანაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის 4:0 განადგურება სურთ. ამ ყველაფრითაც არ კმაყოფილდებიან და უნდათ, რომ მიროსლავ კლოზე გახდეს ევროპის ჩემპიონატის პირველი გერმანელი ბომბარდირი კარლ-ჰაინც რიდლეს შემდეგ (1992), ხოლო მარიო გიოტცე კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარონ...
ოცნებაც ეხერხებათ – ესეც ფაქტია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გერმანიას საფეხბურთო სისტემა და ინფრასტრუქტურა საათივით აქვს აწყობილი და მოწესრიგებული, მაგრამ ფილოსოფიაში ჩამორჩება ესპანელებს )