ნუ გეშინიათ, ამ "ბაიერნის" დამარცხება შეგვიძლია!

AutoSharing Option
„ბაიერნისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ერთი დღე დარჩა – ბუნდესლიგის სუპერჯახი ხვალ, 21:30-ზე დაიწყება და წინა სეზონში მიღწეული ტრიუმფიდან (3:1 მიუნხენში) ცხრა თვის შემდეგ, გერმანიის მოქმედ ჩემპიონს კვლავ რეკორდმაისტერის გამწარება უნდა. გუშინ, „ბილდმა“ „ბორუსიას“ დაცვის ბურჯ მატს ჰუმელსის ინტერვიუ გამოაქვეყნა, პირველი კითხვა კი, რა თქმა უნდა, ასე ჟღერდა:

- ჰერ ჰუმელს, როგორ ფიქრობთ, შეუძლია „ბორუსიას“ მიუნხენში ზედიზედ მეორედ მოგება?
- რატომაც არა? ყველაზე მთავარი ისაა, რომ არ უნდა შეგვეშინდეს. მართალია, ეს „ბაიერნი“ შარშანდელზე ძლიერი და სტაბილურია, მაგრამ თუ ჩვენ
ისე ვითამაშებთ, როგორც გვჩვევია, მიუნხენში ნამდვილად არ წავაგებთ. მეტიც, სრული კონცენტრაციის შემთხვევაში „ბაიერნის“ დამარცხებაც შეგვიძლია.

- მიუნხენელებს 12 ტურის შემდეგ 32 გოლი აქვთ გატანილი, რაც ბუნდესლიგაში საუკეთესო, ზოგადად კი მართლა ზღაპრული შედეგია. ეს „დორტმუნდის“ დაცვის ხაზისთვის დამატებითი გამოწვევაა, თქვენ კი „ბორუსიას“ დაცვის შეფი ხართ. გერმანიის საუკეთესო თავდასხმის მართლა არ გეშინიათ?
- ეს მატჩი პირველ და მეორე ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეხვედრა ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ, რადგან ეს არ არის ჩვენი სტილი. „დორტმუნდი“ ძლიერი მხარეც მობილური თავდასხმაა და შესაბამისად, „ბაიერნს“ აუცილებლად შემტევ, ზომიერად აგრესიულ ფეხბურთს დავუპირისპირებთ. რეკორდმაისტერის წინა ხაზზე ზაფხულში არაფერი შეცვლილა – ასე რომ, გომესი, რიბერი და კომპანია ახლაც უნდა გავაჩეროთ.

- გასულ სეზონში „დორტმუნდმა“ მიუნხენში 3:1 მოიგო და ბუნდესლიგის ბედი ფაქტობრივად იმ შეხვედრამ გადაწყვიტა. როგორ ფიქრობთ, შაბათს „ბორუსიამ“ „ბაიერნთან“ რომ წააგოს, იქნება თუ არა ეს იმის დასტური, რომ რეკორდმაისტერს ვეღარავინ დაეწევა?
- არა! ამისათვის ჯერ ძალიან ადრეა. რაც არ უნდა დიდი იყოს სხვაობა პირველ და მეორე ადგილოსნებს შორის, მე-13 ტურის შემდეგ რამის გადაჭრით თქმა სისულელეა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: „ბაიერნი“ ამ სეზონში გაცილებით ძლიერია, რაც ჩანს კიდეც, მაგრამ იუპ ჰაინკესის გუნდი უძლეველი ნაღდად არ არის.

- „ბაიერნს“ ბასტიან შვაინშტაიგერი არ ეყოლება, რაც ალბათ ძალიან გიხარიათ...
- მიხარია მხოლოდ იმიტომ, რომ შვაინი შესანიშნავი ფეხბურთელია და რაკი ჩვენს წინააღმდეგ არ ითამაშებს, ეს „ბორუსიას“ შანსს გაზრდის. მიუნხენელებს მისი ერთი ერთზე შეცვლა არ შეუძლიათ, მაგრამ საკმარისად ჰყავთ მაღალი კლასის ნახევარმცველები და არა მგონია, რომ ამის გამო ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ.

- წინა სეზონში მესამე გოლი „ბაიერნს“ სწორედ თქვენ გაუტანეთ...
- ჰო, ამ გოლს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე და დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის დაწყებამდე ის ბედნიერი წუთები კიდევ ამომიტივტივდება.

- ამ უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი უპრინციპულესი მატჩი გელით – ლონდონის „არსენალთან“...
- სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი „ბაიერნთან“ წარმატება – ლონდონში თავდაჯერებულები უნდა ჩავიდეთ, რადგან „არსენალთანაც“ მხოლოდ მოგება გვინდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული