მე-13, რომელმაც უნდა მოგვხიბლოს

AutoSharing Option
იქნება მე-13 ტური „ბაიერნისთვის“ თარსი? უბრალოდ, ფაქტმა მოიტანა ეს მოსაზრება. ფაქტი ისიცაა, რომ რეკორდმაისტერს დღეს მართლაც ემუქრება წაფორხილების საფრთხე, რადგან მოქმედ ჩემპიონსა და უმთავრეს კონკურენტს, დორტმუნდის „ბორუსიას“ მასპინძლობს, რომელიც მეორე ადგილზეა.

თუმცა მე-13 ტურის ხიბლი მხოლოდ ეს თამაში როდია - უაღრესად მნიშვნელოვანია მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და „ვერდერის“ დაპირისპირებაც. ეს გუნდებიც, როგორც „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ ხომ მოწინავე ოთხეულის წარმომადგენლები არიან.

„შალკე“ ამ ოთხეულთან ყველაზე ახლოს მყოფი გუნდის სტატუსის შენარჩუნებისთვის „ნიურნბერგთან“ იბრძოლებს, რომელსაც თავის მხრივ ქვესკნელიდან თავის დაღწევა უნდა. ხვალ, შტუტგარტში შვაბენლანდური დერბია,
მერე კი „ჰამბურგის“ უკვე ცოტათი მოძველებული ახალი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი „ჰოფენჰაიმთან“ საშინაო შეხვედრაში, ბოლოს და ბოლოს პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

შალკეს ტრავმიანობა ნიურნბერგის შანსია
„შალკესა“ და „ნიურნბერგის“ ქომაგებს ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ - ათწლეულებია, რაც ამ კლუბების ფან-კლუბები დაძმობილებულები არიან და ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს საჩუქრებს გაუკეთებენ, რადგან გელზენკირხენელებსაც და ფრანკებსაც ქულები ძალიან სჭირდებათ. „შალკეს“ გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში გადახტომის პერსპექტივა „ეჭყანება“, „ნიურნბერგს“ კი გასავარდნი ზონიდან მოშორებისა. ამ გუნდს შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და შავ სიას უკვე დასაშვებზე მეტად მიუახლოვდა.

სტატისტიკა მასპინძლების მხარესაა: „ნიურნბერგს“ გელზენკირხენში 1993 წლის შემდეგ აღარ მოუგია, ბოლო ხუთი სტუმრობისას კი, ფრანკებმა „ფელტინს არენაზე“ ოდენ ორი გოლი გაიტანეს. სამაგიეროდ, „შალკეს“ დღევანდელი შეხვედრის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: ამ კვირაში ჯეფერსონ ფარფანი და კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი დაშავდნენ. დიდი შანსია, რომ წელს ფეხბურთი ვერცერთმა მათგანმა ვეღარ ითამაშოს.

მაგათი სლომკას წინააღმდეგ
სატურნირო ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „ვოლფსბურგისა“ და „ჰანოვერის“ ქვემოსაქსონიურ დაპირისპირებაში ფავორიტად მირკო სლომკას შეგირდები უნდა მოინათლონ, მაგრამ სტატისტიკა და ლოგიკა „ვოლფსბურგის“ მხარეს უფროა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „მგლებმა“ „წითლებს“ ბოლო ცხრა საშინაო მატჩიდან რვა მოუგეს. თუმცა გერმანიის 2009 წლის ჩემპიონი ცუდ ფორმაშია, რასაც მწვრთნელ ფელიქს მაგათის მოსალოდნელი რეაქცია მოჰყვა - „დესპოტმა ფელიქსმა“ ამ კვირაში პირველი გუნდიდან სამი ფეხბურთელი, კირიაკოსი, პოლაკი და ჰელმესი მოკვეთა.

მისივე თქმით, „ვოლფსბურგში“ მომავალი არც „ბარსელონადან“ არენდით აყვანილ ალიაკსანდრ ჰლებს აქვს. „ჰანოვერი“ კი შარშანდელს აგრძელებს და ამ სეზონშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სლომკამ ისიც თქვა, „ჰანოვერთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონობაც კი შესაძლებელიაო.

გააგრძელებს ფრაიბურგი პროგრესს?
წინა ტურში „ფრაიბურგმა“ „ნიურნბერგის“ დამარცხება მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მოახერხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია, ახლა კი, ბრაისგაუელებს იმის იმედი აქვთ, რომ „ბადენოვა შტადიონზე“, რომელსაც ახალი წლიდან „მაგე სოლარ შტადიონი“ დაერქმევა, „ჰერტასაც“ დაამარცხებენ.

არადა, ბერლინული კლუბი „ფრაიბურგისთვის“ ისტორიულად საშიში მეტოქეა, რადგან „ჰერტამ“ „ფრაის“ ბოლო შვიდი გასვლითი მატჩიდან ექვსი მოუგო. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: „ჰერტას“ თავკაც მარკუს ბაბელს აქტიური სპორტული კარიერის დროს წითელი ბარათი ბუნდესლიგაში ერთადერთხელ აქვს მიღებული და ისიც ფრაიბურგში...

კიოლნის პირველი თამაში ოვერატის გარეშე
ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური გუნდი „კიოლნი“ ასევე საკმაოდ არასტაბილურ „მაინცს“ მასპინძლობს და „თხებისთვის“ ეს პირველი თამაში იქნება მას შემდეგ, რაც გუნდის პრეზიდენტი და ლეგენდა ვოლფგანგ ოვერატი თანამდებობიდან გადადგა. მართალია, ამ სეზონში „მაინციც“ არასტაბილური გუნდია, მაგრამ თომას ტუხელის შეგირდები გასვლით შეხვედრებში ძალიან კარგად გამოიყურებიან ხოლმე - „მაინცი“ ერთადერთია „ბაიერნთან“ ერთად, რომელსაც სტუმრად მხოლოდ ერთი თამაში აქვს წაგებული.

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტუხელის შეგირდებმა სტუმრად ჩატარებული ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს (3 ფრე). მაინცელთა მოტივირებაზე „კიოლნის“ თავკაცმა სტალე სოლბაკენმაც იმუშავა, რომელმაც გუნდის ყოველწლიურ შეკრებაზე თქვა, „მაინცს“ 3:0-ს მოვუგებთო.

დიდი ფეხბურთი მიონხენგლადბახში
„გლადბახისა“ და „ვერდერის“ სახით ერთმანეთს ისეთი გუნდები ხვდებიან, რომელთათვისაც ბოლო წელიწადნახევარი თითქმის ერთნაირი იყო - წინა სეზონში ორივე გუნდმა იმედები გაგვიცრუა (გლადბახი სულაც კინაღამ ელიტიდან გავარდა), ახლა კი ორივეს იმის პრეტენზია აქვს, რომ „ბაიერნის“ კონკურენტი ერქვას.

მიონხენგლადბახელთა თავკაც ლუსიენ ფავრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მარკო როისს მოედანზე გასვლა შეუძლია. „ვერდერს“ კი თავისი მთავარმეგოლე კლაუდიო პისარო ჰყავს ჯანზე, რომელსაც ამ სეზონში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი. პისაროცა და როისიც თავიანთი გუნდების წარმატების უმთავრესი გარანტები არიან და ჩვენც სპექტაკლს პირველ რიგში მათგან მოველით.

იძიებს შურს ბაიერნი?
ტურის, თვისა და მთლიანად წლის ცენტრალურ მატჩად შერაცხული დუელი კი საღამოს გაიმართება: „ბაიერნი“ „დორტმუნდს“ მასპინძლობს და გერმანიის მოქმედ ჩემპიონზე შურისძიებას ეცდება. საინტერესოა, რას მოახერხებენ დორტმუნდელები „ალიანს არენაზე“, რადგან ამ სეზონში მიუნხენური კლუბი საკუთარ კედლებში ქვას ქვაზე არ ტოვებს ხოლმე - ხუთი გამარჯვება, ბურთების შეფარდება 23:1.

რეკორდმაისტერს არიენ რობენი გამოუჯანმრთელდა - ჰოლანდიელს დღეს მოედანზე გასვლა შეუძლია, თუმცა იუპ ჰაინკესი მის ძირითად შემადგენლობაში გამწესებას ალბათ ვერ გარისკავს და გუნდის ლიდერს სავარაუდოდ მხოლოდ მეორე ტაიმში ათამაშებს. სამაგიეროდ, „ბაიერნს“ ბასტიან შვაინშტაიგერი არ ეყოლება - ეს უკანასკნელი წინა ტურში დაშავდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ბორუსიამ“ მიუნხენში 3:1 მოიგო და ბავარიელებს შური პირველ რიგში ამის გამო აქვთ საძიებელი.

დორტმუნდელები მიუნხენში ერთობ თავდაჯერებულები ჩადიან, რადგან არასახარბიელო სტარტის შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდი აზრზე მოვიდა და ბოლო ექვსი თამაშიდან ხუთი მოიგო. „ბორუსიას“ კაპიტანი სებასტიან კელი ამბობს, კარგ ფორმაში ვართ და იმედია, ამას მიუნხენშიც დავამტკიცებთო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „დორტმუნდს“ ამ მატჩის შემდეგაც უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის - ლონდონში, „არსენალთან“, სადაც „შავ-ყვითლებს“ მხოლოდ მოგება უნდათ. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „არსენალთან“ საჩემპიონთალიგო დუელის შემდეგ, „ბორუსიას“ ბუნდესლიგაში „რურის დიდი დერბი“ ელის „შალკესთან“ - მოკლედ, ამ კვირაში BVB-ს სულ გამოცდები აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, ალაბა - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - გომესი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - გიოტცე, კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.

ბოლოს და ბოლოს მოიგებს ფინკის ჰამბურგი?
ხვალ პირველი მატჩი შვაბების დუელია - „შტუტგარტი“ „აუგსბურგს“ უმასპინძლებს. ბრუნო ლაბადიას რუსი თავდამსხმელი პაველ პოგრებნიაკი გამოუჯანმრთელდა, აუგსბურგელთა კარში კი კვლავ ამსიფს ვიხილავთ, რადგან სიმონ იენტცში ისევ დაშავებულია.

ტურს „ჰამბურგისა“ და „ჰოფენჰაიმის“ ჯახი დახურავს და საინტერესოა, ბოლოს და ბოლოს მოიგებს თუ არა ჩრდილოგერმანული კლუბი ტორსტენ ფინკის ხელში. მას მერე, რაც ეს სპეციალისტი „ჰამბურგის“ დამრიგებლად დაინიშნა, HSV-მ სამი ფრე ითამაშა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური
დღეს
შალკე-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერმანი, ჰუგლანდი, ჰიოვედესი, ყენია, კლუგე, ფარფანი - ნილსონი, პინოლა, ბუნიაკუ

ფრაიბურგი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მუიჯა, ბიკელი, ნიკუ, შუსტერი, ს. ბრანდშტეტერი (ყველა ფრაიბურგი)

კიოლნი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: სერენო, ლანიგი - პოლანსკი
ტრავმა: ანდრეზინიო, ჯემალი, პეტიტი, ჩიჰი, ნოვაკოვიჩი - შიონჰაიმი, რისსე, სალაი

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიტცლშპერგერი - მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი

ბორუსია (მ)-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე კამარგო - ბიონიში, სილვესტრი, ბოროვსკი, ავდიჩი

ბაიერნი-ბორუსია (დ) 21:30
დისკვალიფიკაცია: ტიმოშჩუკი (ბაიერნი)
ტრავმა: ბრენო, შვაინშტაიგერი - კოხი, სუბოტიჩი

ხვალ
შტუტგარტი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: მასა - იორლი
ტრავმა: ჩელოცი, დელპიერი, აუდელი, შიბერი - იენტცში, ბელინგჰაუზენი, დე იონგი, მიორლე, ბა, მ. ნდიენგი, ნებელი, ს. ჰაინი

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 20:30
დისკვალიფიკაცია: რაიკოვიჩი (ჰამბურგი)
ტრავმა: შტეპანეკი, არსლანი, კასტელენი, სალა, პეტრიჩი - იბერტსბერგერი, იაისლე

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 12 9 1 2 32:4 28
2. ბორუსია (დ) 12 7 2 3 26:9 23
3. ვერდერი 12 7 2 3 23:16 23
4. ბორუსია (მ) 12 7 2 3 15:9 23
5. შალკე 12 7 1 4 24:18 22
6. ჰანოვერი 12 5 4 3 16:17 19
7. შტუტგარტი 12 5 3 4 18:12 18
8. ლევერკუზენი 12 5 3 4 15:16 18
9. ჰოფენჰაიმი 12 5 2 5 15:13 17
10. ჰერტა 12 4 4 4 16:17 16
11. კიოლნი 12 5 1 6 20:26 16
12. კაიზერსლაუტერნი 12 3 4 5 10:15 13
13. ვოლფსბურგი 12 4 1 7 15:25 13
14. მაინცი 12 3 3 6 16:23 12
15. ნიურნბერგი 12 3 3 6 13:20 12
16. ჰამბურგი 12 2 4 6 15:25 10
17. ფრაიბურგი 12 3 1 8 16:27 10
18. აუგსბურგი 12 1 5 6 9:22 8

ბომბარდირები
13 - გომესი (ბაიერნი); 11 - პისარო (ვერდერი); 10 - ჰუნტელაარი (შალკე); 9 - პოდოლსკი (კიოლნი); 8 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი), ლევანდოვსკი (ბორუსია დ); 7 - მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი), როისი (ბორუსია მ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული