სტევენსი რაულით უკმაყოფილოა - არ ინდომებს და არ იხარჯებაო...

AutoSharing Option
„შალკეს“ მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი გუშინწინ 58 წლის გახდა, მაგრამ გასულ უქმეებზე რურის დიდი დერბის წაგების შემდეგ (0:2 დორტმუნდის „ბორუსიასთან“) მას საერთოდ არ ეზეიმებოდა. ამიტომაც იყო, ჰოლანდიელი სპეციალისტი ამ დღეებში მხოლოდ თავისი შეგირდების კრიტიკით რომ დაკავდა. 

„ბიჭებისგან საჩუქარს ველოდი, რადგან იცოდნენ, რომ ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა. საჩუქარში კი ერთადერთ რამეს, თავდადებას და მოედანზე ასი პროცენტით დახარჯვას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. შესაბამისად, ნურავის გაუკვირდება, დორტმუნდში რომ წავაგეთ. პირველ ტაიმში ფეხბურთის გარდა ყველაფერს ვთამაშობდით,“ - გამწარებულია სტევენსი.

ყველაზე საინტერესო ის არის,
რომ ჰოლანდიელმა გამოცდილი ესპანელი თავდამსხმელი რაული გააკრიტიკა. ბენედიქტ ჰიოვედესის არყოფნაში ეს უკანასკნელი გუნდის კაპიტანი გახლდათ. „ამ სეზონში რაული ჯერჯერობით ცუდად გამოიყურება. ხანდახან კარგად თამაშობს, ხანდახან კი ცუდად და საერთო ჯამში არასტაბილურია. მე მისგან მეტს ვითხოვ და ველი,“ - ამბობს სტევენსი ესპანელ თავდამსხმელზე.

რაულის გარდა, სტევენსმა 21 წლის ნახევარმცველი ლუის ჰოლტბიც გააკრიტიკა. ამ უკანასკნელს შარშან „მაინცში“ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და „შალკეშიც“ სწორედ ამიტომ დააბრუნეს, მაგრამ ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს. სტევენსი:

„ჰოლტბი 21 წლისაა და ლოგიკურად, 18 წლის იულიან დრაქსლერზე უფრო პროდუქტიული უნდა იყოს, რასაც ვერ ახერხებს. არადა, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ვათამაშებ. ჩემი აზრით, უკვე დროა, რომ ჰოლტბიმ თავის თავზე გარკვეული პასუხისმგებლობები აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ახლა ჯეფერსონ ფარფანიც ტრავმირებული გვყავს. „დორტმუნდთან“ კი ფარფანი აშკარად ძალიან გვაკლდა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული