და მაინც: რომელი "ბორუსია" ჯობია?

AutoSharing Option
პრინციპში, ეს შაბათი წინა შაბათს ფაქტობრივად არაფრით ჩამოუვარდება, რადგან გერმანიაში დღესაც ორი სუპერდუელია: „ბორუსიების“ ჯახი მიონხენგლადბახში და ბუნდესლიგის კლასიკა - „ბაიერნი“-„ვერდერი“. საინტერესო კი ის არის, რომ „ბორუსიები“ სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან, „ვერდერი“ მეოთხე ადგილზეა, „ბაიერნი“ კი - მესამეზე.

ხვალ, „ჰამბურგსა“ და „ნიურნბერგს“ შორის უაღრესად პრინციპული დაპირისპირებაა, აუტსაიდერ „აუგსბურგს“ კი გელზენკირხენში გაძლება ძალიან გაუჭირდება.

ზედიზედ მეორე სუპერშაბათი
„ბორუსია-პარკზე“ დაგეგმილი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მეორე და პირველადგილოსანი სეხნიები ხვდებიან, ტურის მთავარი მოვლენაა. „გლადბახიცა“ და „დორტმუნდიც“ რამდენიმე კვირაა შესანიშნავ ფორმაში არიან, რაც დასტურდება კიდეც
იმით, რომ 14 ტურის შემდეგ ორივე „ბორუსიას“ ყველაზე მეტი ქულა აქვს, მიონხენგლადბახელები კი მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩამორჩებიან.

ეს თამაში დღესდღეობით გერმანიაში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების, მარკო როისის (გლადბახი) და მარიო გიოტცეს (დორტმუნდი) დუელიცაა და ჩვენთვის, მაყურებლებისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ დღეს როისი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. საქმე იმაშია, რომ ამ სეზონში 10 გოლის გამტან მარკოს მცირე ტრავმა აწუხებდა და გუშინ საღამომდე მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. იმედია, როისი თამაშს შეძლებს - წინააღმდეგ შემთხვევაში, უაღრესად საინტერესო მატჩს ხიბლი გარკვეულწილად დაეკარგება, რადგან „გლადბახი“ როისის გარეშე ბევრს ვერაფერს წარმოადგენს.

დორტმუნდის „ბორუსიას“ კი ზედიზედ მესამე ურთულესი მატჩი უწევს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ წინა ორი ბარიერი BVB-მ იდეალურად გადალახა - ჯერ „ბაიერნს“ მოუგო (მიუნხენში 1:0), მერე კი მოსისხლე მტერი „შალკეც“ დაამარცხა (2:0). საერთოდაც, იურგენ კლოპის გუნდს ბოლო რვა თამაშიდან შვიდი მოგებული აქვს (ერთი ფრე). აღსანიშნავია, რომ „ბორუსიებს“ ერთმანეთში თამაშების მიხედვით აბსოლუტური თანაფარდობა აქვთ - 26-26-26. ბურთების შეფარდებით კი „გლადბახს“ მცირე უპირატესობა აქვს: 135-127.

სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია მ. (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი, არანგო - როისი - ჰანკე.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - ლაიტნერი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, ლევანდოვსკი, გიოტცე - ბარიოსი.

* * *
„დორტმუნდთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „ბაიერნის“ მიერ დასახული მიზანი, ზამთრის შესხვენებამდე ოთხივე თამაში მოეგო, უკვე მაკულატურაა, რადგან მიუნხენელები წინა ტურშიც დამარცხდნენ (2:3 მაინცთან) და ლიდერობაც დაკარგეს. ასე რომ, ძველ მტერთან გამარჯვება რეკორდმაისტერისთვის უბრალოდ აუცილებელია - წინააღმდეგ შემთხვევაში, „ზებენერშტრასეზე“ მონასტერი უკვე მაგრად აირევა.

ფაქტია, რომ „ბაიერნის“ უკანა ხაზმა სტაბილურობა დაკარგა, წინა ხაზი კი ვეღარ არის ისეთი შედეგიანი, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო და თუ იუპ ჰაინკესის გუნდი სასწრაფოდ არ გამოსწორდება, „ბაიერნი“ პირველ წრეს ნამდვილად ვერ მოიგებს. „ვერდერთან“ შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშაა მარიო გომესის თამაში და გარდა ამისა, საკითხავია, ჰაინკესი არიენ რობენს ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე დატოვებს, თუ ძირითადში გაამწესებს.

ასეთი უპასუხო კითხვა „ვერდერშიც“ არსებობს - დიდი შანსია, რომ მთავარი დამრტყმელი ძალა ბრემენელებსაც დააკლდეთ. მართალია, კლაუდიო პისარო გამოჯანმრთელდა და ვარჯიშიც განაახლა, მაგრამ შესაძლოა, მისთვის თავიდან ბოლომდე თამაში იმდენად სარისკო იყოს, რომ მწვრთნელმა თომას შააფმა პერუელის სასტარტოში გამწესება ვერ გაბედოს. სამაგიეროდ, „ვერდერს“ ნამდვილად დააკლდება მეკარე ტიმ ვიზე, რომელსაც ამ კვირაში მამა გარდაეცვალა. აღსანიშნავია, რომ „ვერდერი“ მიუნხენში ბოლო ხუთ შეხვედრაში არ დამარცხებულა - 1 მოგება, 4 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, კროოსი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი (ან ოლიჩი).
ვერდერი (4-1-2-1-2): მილიტცი - სოკრატისი, ვოლფი, ნალდო, იგნიოვსკი - ბარგფრედე - ფრიტცი, ჰანტი - მარინი - არნაუტოვიჩი, პისარო (ან როზენბერგი).

ჰანოვერი ფრაიბურგში, ჰერტა ეშმაკებთან
„ფრაიბურგი“ და „კაიზერსლაუტერნი“ ამ ტურში საკუთარ მოედნებზე თამაშობენ და თანაც, გრანდებს არ ეთამაშებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გასავარდნი ზონის დატოვებისთვის ორივე გუნდი მედგრად იბრძოლებს - „ფრაი“ მე-17 ადგილზეა, „ლაუტერნი“ კი - მე-16 პოზიციაზე. „ფრაიბურგი“ „ჰანოვერს“ მასპინძლობს - გუნდს, რომელმაც შუა კვირაში ევროპის ლიგაში ითამაშა (0:2 სტანდარდთან), „კაიზერსლაუტერნი“ კი „ჰერტას“ მიიღებს. „წითელი ეშმაკები“ წინა ტურში ნიურნბერგში დამარცხდნენ (0:1) და სასწრაფოდ სიტუაციის გაუმჯობესება სჭირდებათ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ლაუტერნს“ გოლების გატანა ძალიან უჭირს - ამ გუნდს 14 ტურში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 10 გოლი აქვს გატანილი. ბერლინის „ჰერტა“ ცხრილის შუაშია დამკვიდრებული.

რას შემოგვთავაზებს ვოლფსბურგი?
„ვოლფსბურგი“ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური გუნდია - „მგლებმა“ „ჰანოვერთან“ დამაჯერებელ გამარჯვებას (4:1) აუტსაიდერ „აუგსბურგთან“ წაგება (0:2) მოაყოლა. საინტერესო ის არის, რომ ამ სეზონში „ვოლფებს“ ასეთი რამ პირველად არ დაემართათ. პირველი წრის ბოლომდე ფელიქს მაგათის გუნდს საკუთარ მოედანზე კიდევ ორი თამაში უწევს და კაპიტანი კრისტიან ტრეში ამბობს, ორივე უნდა მოვიგოთო. პირველ საშინაო გამარჯვებას ვოლფსბურგელები დღეს, „მაინცთან“ გეგმავენ, რაც ნამდვილად არ იქნება იოლი, რადგან „მაინცი“ ის გუნდია, წინა ტურში „ბაიერნის“ დამარცხებით (3:2) დიდი სენსაცია რომ გამოაცხო, თავდაჯერებაც მოიმატა და თანაც, „მაინცს“ „ვოლფსბურგთან“ კარგი მოგონებები აკავშირებს: გასულ სეზონში „ფოლკსვაგენ-არენაზე“ მაინცელები 0:3-ს აგებდნენ და საბოლოოდ 4:3 მოიგეს.

საღამოს მატჩში კი „შტუტგარტს“ „კიოლნთან“ ექნება საქმე. შვაბები დიდი ხანია, ერთ ადგილს ტკეპნიან (მხოლოდ ერთი მოგება ბოლო ხუთ თამაშში) და „ვოლფსბურგის“ დარად ასევე ძალიან არასტაბილურ „კიოლნთან“ გამარჯვებაც უნდა გაუჭირდეთ. „თხები“ წინა ტურში საკუთარ მოედანზე „გლადბახთან“ განადგურდნენ (0:3). ლუკას პოდოლსკის თამაში საეჭვო იყო, მაგრამ პოლდიმ გამოჯანმრთელება მოასწრო და მოედანზე გასვლა შეუძლია.

ტრადიციული დაპირისპირება ჰამბურგში
გააგრძელებს ტორსტენ ფინკი წარმატებულ სერიას „ნიურნბერგთან“? - ეს ხვალინდელი პირველი მატჩის მთავარი კითხვაა. ამ მწვრთნელის ხელში ჩრდილოგერმანულ კლუბს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა ამ ხუთი შეხვედრიდან HSV-მ მხოლოდ ერთი მოიგო. თუ ჰამბურგელები გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ნიურნბერგსაც“ დაამარცხებენ, გასავარდნ ზონას გვარიანად მოშორდებიან. ჩრდილოელებს მლადენ პეტრიჩი გამოუჯანმრთელდათ, მაგრამ შესაძლოა, ფინკმა მისი ძირითად შემადგენლობაში გამწესება ვერ გარისკოს. აღსანიშნავია, რომ „ჰამბურგი“ „ნიურნბერგისთვის“ საშიში მეტოქეა - ფრანკებმა HSV-ს ბოლო 20-დან მხოლოდ ორი მოუგეს (ხუთი ფრე, 13 წაგება).

შალკე სამ ქულას გეგმავს
„შალკეს“ მიზანი რურის დერბიში განცდილი მტკივნეული მარცხის (0:2) სწრაფად დავიწყებაა. გელზენკირხენელებმა ევროპის ლიგაში ხასიათი გამოისწორეს და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს, ახლა კი „აუგსბურგთან“ სამ ქულას გეგმავენ.

გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური
გუშინ
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:0

დღეს

ბაიერნი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ტიმოშჩუკი (ბაიერნი)
ტრავმა: ბრენო, შვაინშტაიგერი - ბიონიში, სილვესტრი, ბოროვსკი, ა. სტევანოვიჩი, ავდიჩი

ფრაიბურგი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბართი, მუიჯა, აბდესადკი, ბიკელი, როზენტალი - ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი

კაიზერსლაუტერნი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შიმუნეკი, ვერმუთი, მიჩანსკი (ყველა კაიზერსლაუტერნი)

ვოლფსბურგი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჰელმესი - პოლანსკი
ტრავმა: ჰიტცლშპერგერი - ნოვესკი, რისსე, სალაი

ბორუსია (მ)-ბორუსია (დ) 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კინგი - კოხი, სუბოტიჩი, ს. ბენდერი

შტუტგარტი-კიოლნი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩელოცი, დელპიერი, აუდელი, შიბერი - ანდრეზინიო, პეტიტი, ნოვაკოვიჩი

ხვალ
ჰამბურგი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტეპანეკი, არსლანი, კასტელენი, სალა, ბერგი, პეტრიჩი - ნილსონი, პინოლა, ბუნიაკუ

შალკე-აუგსბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: პაპადოპულოსი, ჯონსი (ორივე შალკე)
ტრავმა: ფერმანი, ჰუგლანდი, ყენია, კლუგე, ფარფანი - იენტცში, ბელინგჰაუზენი, დე იონგი, მიორლე, ბა, მ. ნდიენგი, ნებელი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 14 9 2 3 29:9 29
2. ბორუსია (მ) 14 9 2 3 23:9 29
3. ბაიერნი 14 9 1 4 34:8 28
4. ვერდერი 14 8 2 4 25:21 26
5. შალკე 14 8 1 5 28:20 25
6. ლევერკუზენი 15 7 4 4 22:19 25
7. შტუტგარტი 14 6 3 5 20:15 21
8. ჰანოვერი 14 5 5 4 18:22 20
9. ჰერტა 14 4 6 4 21:22 18
10. ჰოფენჰაიმი 15 5 3 7 16:18 18
11. კიოლნი 13 5 1 7 20:29 16
12. ვოლფსბურგი 14 5 1 8 19:28 16
13. მაინცი 13 4 3 6 19:25 15
14. ნიურნბერგი 14 4 3 7 14:24 15
15. ჰამბურგი 14 3 5 6 18:26 14
16. კაიზერსლაუტერნი 14 3 4 7 10:18 13
17. ფრაიბურგი 14 3 3 8 19:30 12
18. აუგსბურგი 14 2 5 7 12:24 11

ბომბარდირები
13 - გომესი (ბაიერნი); 12 - ჰუნტელაარი (შალკე); 11 - პისარო (ვერდერი); 10 - როისი (ბორუსია მ); 9 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ), პოდოლსკი (კიოლნი), აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი); 7 - მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული