"ბაიერნმა" ლიდერობა დაიბრუნა!

AutoSharing Option
ტურის წინ ცხრილის სათავეში მყოფმა "ბორუსიებმა" შაბათს ერთმანეთს ორ-ორი ქულა დააკარგვინეს (სეხნიების დუელი ფრედ 1:1 დასრულდა), რითაც მიუნხენის "ბაიერნმა" ისარგებლა (4:1 ვერდერთან) და ლიდერობა დაიბრუნა.

თუმცა სანამ ბავარიულ-ბრემენული ოჯახის პერიპეტიების აღწერაზე გადავიდოდეთ, ჯერ მიონხენგლადბახში ჩატარებულ მატჩზე ვისაუბროთ: პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ მარკო როისის არყოფნამ ამ შეხვედრას გემო დაუკარგა და სწორედ აქედან გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებაც - თუ რომელიმე "ბორუსიაზე" ითქმის, ეს თამაში უნდა მოეგოო, პირველ რიგში დორტმუნდზე და თუ გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა "ბორუსია-პარკიდან" სამი ქულა ვერ წაიღო, პირველ რიგში
იმის გამო, რომ მატჩის მიწურულს მარიო გიოტცემ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

მოკლედ, გიოტცე ამჯერად ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე და "დორტმუნდმაც" ვეღარ მოიგო.

მარიომ თავის ქომაგებს ამ სეზონში პირველად გაუცრუა იმედები და ამას მხოლოდ იმ მომენტის გაფუჭების გამო არ ვამბობთ. გიოტცე მთელი მატჩის განმავლობაში ცუდად გამოიყურებოდა: დრიბლინგები არ გამოსდიოდა, პასებს აგვიანებდა, ბოლოს კი, გამარჯვების გოლის გატანა რომ შეეძლო და "გლადბახის" მეკარე ტერ შტეგენმა რომ აჯობა, ეს "გიოტცინიოს" ცუდი შაბათის ლოგიკური დასასრული გახლდათ. BVB-ს თავკაცმა იურგენ კლოპმა მარიო მოედნიდან სწორედ ამ მომენტის შემდეგ გაიყვანა, რადგან ეს ნამდვილად არ იყო მისი დღე.

ზოგადად გამოჩნდა, რომ გიოტცეს გენიალური მომენტების გარეშე "დორტმუნდს" თამაში არ მისდის. თავად განსაჯეთ: როისისა და დე კამარგოს სახით ორი ლიდერის გარეშე დარჩენილმა "გლადბახმა" ჩემპიონთან ქულა უპრობლემოდ მოიპოვა. ვერ ვიტყვით, რომ მატჩის შემდეგ დორტმუნდელთა თავკაცს დანა პირს არ უხსნიდა - კლოპმა მომხდარს ლოგიკური უწოდა, "ბაიერნმა" ლიდერობა დაიბრუნა, სეზონი კი გრძელდებაო.

სამაგიეროდ, უკმაყოფილო იყო დორტმუნდელთა დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი, აშკარად ორი ქულა დავკარგეთო. ზოგადად, BVB-ს ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო რობერტ ლევანდოვსკიმ კვლავ შეძლო გოლის გატანა - ეს მისი რიგით მე-14 გოლი გახლდათ ამ სეზონში ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში.

მარკო როისი, რომელიც დორტმუნდშია დაბადებული, მეწყვილე დე კამარგოსთან ერთად, ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს იმას, თუ როგორ ცდილობდნენ მისი თანაგუნდელები ჩემპიონ "ბორუსიასთან" ქულის შენარჩუნებას და ათმატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას. მარკო შაბათს რაულ ბობადილიამ შეცვალა და ამ უკანასკნელმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი - მაიკ ჰანკემ ანგარიში სწორედ მისი პასით გაათანაბრა. სხვამხრივ, ლუსიენ ფავრის გუნდმა ამ უქმეებზე ვერაფრით გაგვაოცა.

"ბორუსიების" დანაკარგით, როგორც გითხარით, "ბაიერნმა" ისარგებლა: რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის კლასიკაში "ვერდერი" 4:1 გაანადგურა და პირველი ადგილი დაიბრუნა. ამ ტურამდე მიუნხენურ გრანდს ზედიზედ ორი თამაში ჰქონდა წაგებული. როგორც ხედავთ, "დორტმუნდთან" და "მაინცთან" წაგებული თამაშების ჯავრი ბავარიელებმა "ვერდერზე" ამოიყარეს და მინი-კრიზისიდანაც გამოვიდნენ, რაც პირველ რიგში ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის დამსახურებაა - ორივემ დუბლი შეასრულა. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ რობენმა ორივე გოლი პენალტით გაიტანა, მთავარი კი მაინც ის არის, რომ "ბაიერნს" ისევ კარგი შანსი აქვს, გახდეს შემოდგომის ჩემპიონი.

მიუნხენელთა ჰოლანდიელი დრიბლიორი გახარებული იყო - ტრავმებისა და უთამაშებლობის გამო ძალიან ცუდად ვიყავი, ფეხბურთის თამაში მაგრად მომენატრაო. "ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა კი თქვა, რომ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში (მანჩესტერ სიტისთან) რობენს ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს.

"ზედიზედ ორმა წაგებამ ყველანი გაგვამწარა და "ვერდერთან" მაქსიმალურად რომ მოვინდომეთ, იმიტომაც მოვიგეთ. შემოდგომის ჩემპიონობა პირადად ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ პირველი წრის ბოლო ორ ტურში "შტუტგარტს" და "კიოლნს" დავამარცხებთ," - ეს რიბერის სიტყვებია.

"ვერდერში" კი უკმაყოფილებაა. მწვრთნელი თომას შააფი განსაკუთრებით აარონ ჰანტზე გაბრაზდა, რომელმაც ტონი კროოსთან ორთაბრძოლისას აშკარად გადაამეტა და წითელი ბარათი აიკიდა, რის შემდეგაც საბოლოოდ გამოირიცხა ის, რომ ბრემენელები ქულას მაინც გადაარჩენდნენ. "მუსიკოსთა" ბოსი კლაუს ალოფსი კი სულ სხვა რამის გამო წუხდა - "ბაიერნს" რომ პენალტები დაუნიშნეს, ჩვენს სასარგებლოდ ასეთ თერთმეტმეტრიანებს არავინ დანიშნავდა, ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა "ბაიერნი" სახლში თამაშობსო.

"ვოლფსბურგში" სრული ქაოსია და თუ ასე გაგრძელდა, ზამთარში კლუბის ხელმძღვანელები აუცილებლად დაფიქრდებიან იმაზე, თუ რამდენიმად სწორი იყო მათი გადაწყვეტილება, როცა ფელიქს მაგათი მწვრთნელისა და მენეჯერის თანამდებობაზე დააბრუნეს. შაბათს "ვოლფსბურგმა" "მაინცი" პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა, 2:0-საც უგებდა, მაგრამ "დესპოტი ფელიქსის" ბიჭები საბოლოოდ მხოლოდ ერთი ქულით "ხელდამშვენებული" დარჩნენ, რადგან "მაინცმა" ორი გოლის გატანა მოახერხა.

"მეორე ტაიმში ჩემს ფეხბურთელებს თითქოს ეშინოდათ. ვერაფრით ამიხსნია, ეს რატომ დაგვემართა," - საფინალო სასტვენის შემდეგ ფელიქსი მშვიდად კი საუბრობდა, მაგრამ თამაშის დროს იმდენი იყვირა, ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვეღარ იყვირებდა, რადგან არაქათი აღარ ჰქონდა. ფაქტი კი ის არის, რომ 2009 წლის ჩემპიონი გაურკვევლობაშია - გასავარდნ ზონას სამი ქულაღა აშორებს, ევროპის ლიგის საგზურს კი - 8.

შაბათს საღამოს, "კიოლნმა" "შტუტგარტი" გაამწარა - შვაბები "თხებს" აშკარად სჯობდნენ და მართალია, თავიდან აგებდნენ, მაგრამ მერე შტუტგარტელთაგან საუკეთესო ფეხბურთელმა, კრისტიან გენტნერმა ორი გოლი გაიტანა და შეხვედრა ლოგიკის რელსებზე დააბრუნა. თუმცა იმ დროს, როცა ბრუნო ლაბადიას და მის ბიჭებს მატჩი მოგებული ეგონათ, ისევ "საიდანღაც გამოტყვრა" ლუკას პოდოლსკი და მეორედ შეძლო სვენ ულრაიხის კარის დალაშქვრა. საბოლოოდ 2:2, რის შედეგადაც "შტუტგარტი" ევროზონას სამი ქულით ჩამორჩა. ამის მიზეზი კი "ლევერკუზენის" მორიგი გამარჯვებაა - "ფარმაცევტებმა" პარასკევს "ჰოფენჰაიმს" არაფერი გააბედვინეს (2:0) და საუკეთესო ექვსეულში პოზიციები გაიმყარეს.

ისე, საინტერესო ფაქტია ის, რომ შაბათს გამართული 6 შეხვედრიდან 5 ფრედ დასრულდა. "შტუტგარტ"-"კიოლნის", "ვოლფსბურგ"-"მაინცისა" და "ბორუსიების" გარდა ქულები "ფრაიბურგმა" და "ჰანოვერმა" (1:1), ასევე "კაიზერსლაუტერნმა" და "ჰერტამ" (1:1) გაიყვეს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:0
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - კასტრო, შვააბი, მ. ფრიდრიხი, კადლეცი - ლ. ბენდერი, ბალაკი (73. რაინარტცი) - შიურლე, სემი (85. ოჩიპკა) - დერდიოკი (68. როლფესი), კისლინგი.
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, ვესტერგაარდი, კომპერი - ვილიამსი - სიგურდსონი (80. შიპლოკი), სალიჰოვიჩი - ჯონსონი (59. მუსონა), მლაპა (73. იბიშევიჩი) - ბაბელი.
გოლები: 1:0 დერდიოკი (10), 2:0 სემი (79)
გაფრთხილება: კასტრო, დერდიოკი - ბაბელი, სალიჰოვიჩი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 12-28; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 12(5)-6(1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 25 948

ბაიერნი-ვერდერი 4:1
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, ალაბა (60. რობენი) - თ. მიულერი (91. კონტენტო), კროოსი, რიბერი (91. პრანიჩი) - გომესი.
ვერდერი (4-1-2-1-2): მილიტცი - სოკრატისი, ვოლფი, ნალდო, იგნიოვსკი - ბარგფრედე - ფრიტცი, ჰანტი - მარინი (74. ვაგნერი) - პისარო, არნაუტოვიჩი (46. როზენბერგი/84. ვესლი).
გოლები: 1:0 რიბერი (22), 1:1 როზენბერგი (52), 2:1 რობენი (69-პენ), 3:1 რიბერი (77), 4:1 რობენი (83-პენ)
გაძევება: ჰანტი (80. ვერდერი)
გაფრთხილება: კროოსი - ვოლფი, სოკრატისი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 23-21; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14(4)-7(4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 69 000

ფრაიბურგი-ჰანოვერი 1:1
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - შმიდი, კრმასი, ბუტშერი (74. ფერატი), ბასტიანსი - შუსტერი - რაიზინგერი (84. დემბელე), ფლუმი, მაკიადი, პუცილა (87. იენდრიშეკი) - სისე.
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - პინტუ - შმიდებახი (29. რაუში), პანდერი (86. შტოპელკამპი) - შლაუდრაფი - ია კონანი, აბდელაუ.
გოლები: 0:1 ბასტიანსი (44-საკ. კარში), 1:1 სისე (67)
გაფრთხილება: ფლუმი - რაუში, პინტუ
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 7-5; კარში დარტყმა: 15(5)-12(4); ბურთის ფლობა: 57%-44%.
მაყურებელი: 20 000

კაიზერსლაუტერნი-ჰერტა 1:1
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ტრაპი - დიკი, ამედიკი, აბელი, ბუგერა - კირხი (46. შეხტერი), დე ვიტი - შაჰანი, ტიფერტი, ფორტუნისი - კუემაა.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, ფრანცი (37. მიატოვიჩი), კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - რამოსი, რაფაელი, რუკავიტსია - ლასოგა.
გოლები: 1:0 ჰუბნიკი (5-საკ. კარში), 1:1 რაფაელი (14)
გაფრთხილება: ბუგერა, ამედიკი, დიკი - ლელი
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 21(4)-6(3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 36 856

ვოლფსბურგი-მაინცი 2:2
ვოლფსბურგი (4-1-2-3): ბენალიო - ტრეში, კრისი, მადლუნგი, მ. შეფერი - ჟოსუე - ჰასებე, სალიჰამიჯიჩი (87. თიოლკე) - კოო (53. ოხსი), მანჯუკიჩი, დეჟაგა (78. იონსონი).
მაინცი (4-4-1-1): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, კირხჰოფი, ფათი - ნ. მიულერი (77. გავრანოვიჩი), ბაუმგარტლინგერი, სოტო, კალიჯური (30. მალი) - ივანშიტცი - ალაგუი (59. ჩუპო-მოტინგი).
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (10), 2:0 მადლუნგი (41), 2:1 ივანშიტცი (70-პენ), 2:2 ჩუპო-მოტინგი (81)
გაძევება: ჰასებე (85)
გაფრთხილება: ბენალიო - ალაგუი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 6(4)-11(2); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 24 321

ბორუსია (მ)-ბორუსია (დ) 1:1
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი, არანგო - ჰანკე (91. ბრუვერსი), ბობადილია (84. ლეკიე).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - გიოტცე (77. ბარიოსი), კაგავა (77. ბლაშჩიკოვსკი), გროსკროიტცი (86. პერიშიჩი) - ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (40), 1:1 ჰანკე (72)
გაფრთხილება: შმელცერი, ფელიპე სანტანა
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 13(3)-11(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 54 047

შტუტგარტი-კიოლნი 2:2
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი (46. ბოკა), ტასკი, მასა, მოლინარო - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი, ჰაინალი (67. კუჟმანოვიჩი), ოკაზაკი - კაკაუ (84. შიბერი).
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, ჟერომელი, ჯემალი, სერენო - ლანიგი (85. ფრაისი), რიტერი - კლემენსი (60. როში), ჟაჟალო, პეჟკო (85. მაკენა) - პოდოლსკი.
გოლები: 0:1 პოდოლსკი (15-პენ), 1:1 გენტნერი (29), 2:1 გენტნერი (36), 2:2 პოდოლსკი (88)
გაფრთხილება: ბულარუზი, ოკაზაკი, ბოკა - ლანიგი, ბრეჩკო, ჯემალი, სერენო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 18(8)-10(4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 56 255

ჰამბურგი-ნიურნბერგი 2:0
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, ბრუმა (46. მანსიენი/76. ტეშე), აოგო - რინკონი, კაჩარი - ტიორე, იანსენი - გერერო, სონი (61. ილიჩევიჩი).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, მარო, ვოლშაიდი, პლატენჰარდტი - ჰეგელერი (85. კოენი), სიმონსი (76. ფოილნერი) - აიგლერი (60. მაკი), დიდავი, ესვაინი - პეკჰარტი.
გოლები: 1:0 გერერო (23), 2:0 იანსენი (62)
გაფრთხილება: დიკმაიერი, ბრუმა, მანსიენი - ჩენდლერი
კუთხური: 0-3; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 7(3)-16(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 45 473

შალკე-აუგსბურგი 3:1
შალკე (4-1-2-1-2): უნერშტალი - ჰიოგერი, მეტცელდერი, მატიპი, ფუხსი - მორიტცი - ხურადო (85. ბაუმიოჰანი), ჰოლტბი - რაული (88. ესკუდერო) - ჰუნტელაარი, პუკი (68. დრაქსლერი).
აუგსბურგი (4-2-3-1): ამსიფი - რაინჰარდტი, კალსენ-ბრაკერი, სანკო (73. სინკალა), ვერჰეგი - ჰოსოგაი, დავიდსი (46. იორლი) - ბრინკმანი (73. ს. ჰაინი), ბაიერი, ვერნერი - მიოლდერსი.
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (16), 1:1 მიოლდერსი (47), 2:1 ფუხსი (66), 3:1 რაული (84)
გაფრთხილება: მეტცელდერი - სანკო, რაინჰარდტი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19(11)-11(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 58 641

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 15 10 1 4 38-9 31
2. ბორუსია (დ) 15 9 3 3 30-10 30
3. ბორუსია (მ) 15 9 3 3 24-10 30
4. შალკე 15 9 1 5 31-21 28
5. ვერდერი 15 8 2 5 26-25 26
6. ლევერკუზენი 15 7 4 4 22-19 25
7. შტუტგარტი 15 6 4 5 22-27 22
8. ჰანოვერი 15 5 6 4 19-23 21
9. ჰერტა 15 4 7 4 22-23 19
10. ჰოფენჰაიმი 15 5 3 7 16-18 18
11. ჰამბურგი 15 4 5 6 20-26 17
12. კიოლნი 14 5 2 7 22-31 17
13. ვოლფსბურგი 15 5 2 8 21-30 17
14. მაინცი 14 4 4 6 21-27 16
15. ნიურნბერგი 15 4 3 8 14-26 15
16. კაიზერსლაუტერნი 15 3 5 7 11-19 14
17. ფრაიბურგი 15 3 4 8 20-31 13
18. აუგსბურგი 15 2 5 8 13-27 11

ბომბარდირები
13 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 11 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 10 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ), როისი (ბორუსია მ); 9 - სისე (ფრაიბურგი); 8 - აბდელაუ (ჰანოვერი), მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი), რიბერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
9 დეკემბერი. ჰერტა-შალკე.
10 დეკემბერი. ვერდერი-ვოლფსბურგი, მაინცი-ჰამბურგი, ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი, კიოლნი-ფრაიბურგი, აუგსბურგი-ბორუსია (მ), ჰანოვერი-ლევერკუზენი.
11 დეკემბერი. ბორუსია (დ)-კაიზერსლაუტერნი, შტუტგარტი-ბაიერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული