ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა მარიო გომესს გოლები მოპარეს, ხოლო ის ფაქტი, რომ მიუნხენური გრანდი მე-15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს კვლავ სათავეში უდგას, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" დამსახურებაა. ლუსიენ ფავრის გუნდმა დაამტკიცა, რომ მარკო როისის გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა - შესანიშნავ ფორმაში მყოფ "დორტმუნდთან" ფრე, თანაც უმთავრესი ლიდერის გარეშე, "გლადბახისთვის" დიახაც წარმატებაა.
ვოლფსბურგში კი "მაგათის ეფექტს" ისევ უშედეგოდ ელოდებიან. "მგლები" "მაინცთან" საშინაო შეხვედრა დიდხანს იგებდნენ, თანაც ორბურთიანი
ბაიერნის ქურდები
"ბაიერნმა" "ვერდერი" რომ გაანადგურა, მეორე დღეს გერმანულ პრესაში ისევ ჭარბობდა სათაურები სიტყვებით "რობერი" და "ღობґნґღიბ". ეს იმიტომ, რომ არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ დუბლები შეასრულეს.
არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ამ შეხვედრის გმირი გომესი გამხდარიყო. პირველი პენალტის დროს ბურთისკენ მარიოც გაეშურა, მაგრამ რობენი უფრო ენერგიული და მონდომებული აღმოჩნდა, რის შედეგადაც ფორვარდი შემოეჩაგრა - პენალტი ჰოლანდიელმა დაარტყა.
ბავარიელთა მესამე გოლის დროსაც, სწორედ გომესი იყო ის მიუნხენელი, ვინც "ვერდერის" მეკარე მილიტცი მოატყუა და ის ის იყო, დარტყმასაც აპირებდა, რომ რიბერიმ დაასწრო, ბურთი მოპარა და კარში შეაგორა. მერე მიუნხენელებმა კიდევ ერთი პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღეს და რობენმა გომესს ისევ არ დაარტყმევინა. მოკლედ, ჰოლანდიელმა და ფრანგმა მარიოს არც მეტი, არც ნაკლები, ჰეთ-თრიკი მოპარეს!
ამიტომაც იყო, მატჩის შემდეგ რიბერიმ გომესი რომ შეიცოდა: "ვფიქრობ, მეორე პენალტი გომესს უნდა დაერტყა. ეს მისი თავდაჯერებისთვის კარგი იქნებოდა. ჩემი აზრით, ჩვენს თანაგუნდელებზეც უნდა ვიფიქროთ ხოლმე," - ამით რიბერიმ რობენი გააკრიტიკა, თუმცა მერე დასძინა, საერთო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ თამაში მოვიგეთ, ოთხი გოლი გავიტანეთ და ლიდერობა დავიბრუნეთო. იმედია, გომესიც ასე ფიქრობს...
გლადბახი მარტო როისი არ ყოფილა
მარკო როისის ბრწყინვალე თამაშის შედეგი იყო ის, რომ მიონხენგლადბახურმა კლუბმა "ბოროისიას" სახით ახალი მეტსახელი მიიღო. შაბათს, დორტმუნდულ სეხნიასთან მატჩში კი ლუსიენ ფავრის გუნდს თავისი მარგალიტი ტრავმის გამო აკლდა. შედეგად, "გლადბახს" უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს გუნდი მარტო როისი არ არის. ფავრის შეგირდების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს მოახერხეს!
გუნდმა როისის გარეშეც კარგად ითამაშა და მოქმედ ჩემპიონთან ქულა დაიმსახურა. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ "გლადბახი" ნამდვილადაა მინიმუმ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის კანდიდატი. და თუ მიონხენგლადბახელებმა ეს მოახერხეს, რაღატომ უნდა წავიდეს მარკო "ბაიერნში"? განა "ბოროისია" გაცილებით უკეთ არ ჟღერს, ვიდრე "როიბერი"?
ფინკს შესძლებია
"ჰამბურგის" მთავარ მწვრთნელად რომ დაინიშნა, ტორსტენ ფინკმა ისეთები ილაპარაკა, გუნდის ხელმძღვანელებმა ერთი გაფიქრება ისიც გაიფიქრეს, ხომ არ შევცდითო - HSV ბოლო ადგილზე იყო, ფინკი კი ამბობდა, გერმანიის თასის მოგება შეგვიძლიაო, სადაც მივდივარ, ყველგან წარმატებები მიმაქვსო და ა.შ.
მერე ქალმა გულშემატკივრებმა ტორსტენი ბუნდესლიგის ყველაზე სიმპატიურ მწვრთნელადაც დაასახელეს და ჟურნალისტებიც მზად იყვნენ, ფინკი სასაცილოდ აეგდოთ, მაგრამ ნახეთ: "ჰამბურგი" მის ხელში დაუმარცხებელია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩრდილოელები გასავარდნი ზონიდანაც ამოძვრნენ. შესაბამისად, მხოლოდ ერთი რამ უნდა ვთქვათ: შესძლებია ამ კაცს მუშაობა!
ვოლფსბურგი მაგათის ხელში ვეღარ გაფრინდება?
მართალია მცირე, მაგრამ "ვოლფსბურგში" ჯერ კიდევ აქვთ იმის იმედი, რომ ისტორია განმეორდება. როცა ფელიქს მაგათმა ოთხი წლის წინ, "ვოლფსბურგი" პირველად ჩაიბარა, გეხსომებათ, "მგლებმა" პირველი წრე მაშინაც საშინლად ჩაატარეს. სამაგიეროდ, მეორე წრეში ითამაშეს ფანტასტიკურად და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეს. "ვოლფსბურგმა" ვერც მომდევნო სეზონის პირველ წრეში ითამაშა კარგად (მე-11 ადგილი), მაგრამ სეზონის მეორე ნახევარი ისევ ბრწყინვალედ ჩაატარა და სულაც გერმანიის ჩემპიონი გახდა. სწორედ ამ ისტორიების გამეორების იმედი აქვთ ქვემო საქსონიაში, მაგრამ...
შაბათს კინაღამ შარშანდელი ისტორია განმეორდა - ერთი წლის წინ (მაშინ "მგლების" თავკაცი მაგათი არ იყო), "ვოლფსბურგი" "მაინცს" 3:0-ს უგებდა და 3:4 წააგო. "მგლები" ამჯერადაც იგებდნენ, ოღონდ 2:0-ს და უპირატესობა მაინც ვერ შეინარჩუნეს - 2:2. "დესპოტი ფელიქსის" სასარგებლოდ მხოლოდ ის უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ასეთი ცუდი შედეგებისა, "ვოლფსბურგი" ევროზონას "მხოლოდ" რვა ქულით ჩამორჩება. ასე რომ, ზამთარში ნორმალური ტრანსფერების განხორციელებისა და მეორე წრის ტრადიციულად კარგად ჩატარების შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია...
პრინცი ისევ გასაქცევად ემზადება
აი, "კიოლნში", კარგი ისტორიები ხშირად მეორდება და ყოველი მათგანი ლუკას პოდოლსკისთანაა დაკავშირებული. შტუტგარტში შესრულებული დუბლით "პრინცმა" "თხებს" ამჯერად ქულა გადაურჩინა. პოდოლსკი ამ სეზონში მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია - ეს მისი მე-11 გოლი გახლდათ მე-13 მატჩში. "კიოლნის" ფანებს კი სხვა ისტორიის გამეორება არ სურთ - ბოლოს პოდოლსკი მათთან რომ თამაშობდა და ასეთ ფორმაში იყო, იმ სეზონს ლუკასის კიოლნიდან აბარგება მოჰყვა. 26 წლის ლუკასის ყიდვა ყველაზე მეტად ლონდონის "არსენალს" უნდა. მართალია, "კიოლნის" ფანებს ამის გაგონებაც არ უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ მოვიდა დრო, პოლდიმ ბედი უფრო მაღალ კლასში სცადოს, რადგან როდისღა, თუ არა ახლა?
მე-15 ტურის სიმბოლური ნაკრები (3-4-3, კიკერი)
იაროსლავ დრობნი (ჰამბურგი, I) - დანტე (ბორუსია მ, III), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ, V), კრისტიან ფუხსი (შალკე, II) - არიენ რობენი (ბაიერნი, II), კრისტიან გენტნერი (შტუტგარტი, I), ტონი კროოსი (ბაიერნი, I), ფრანკ რიბერი (ბაიერნი, VI) - კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე, IV), პაოლო გერერო (ჰამბურგი, I), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი, V).
ფრანკ რიბერი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეექვსედ მოხვდა, რაც ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. მასთან ძალიან ახლოს არიან დორტმუნდის "ბორუსიას" დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი (5) და "კიოლნის" ლიდერი ლუკას პოდოლსკიც (5). საინტერესოა ის, რომ ტონი კროოსს "კიკერის" სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის ბედნიერება წილად პირველად ხვდა. არადა, რეკორდმაისტერის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება.
ტურის გმირი
ფრანკ რიბერი (ბაიერნი, I)
"რიბო" შაბათს ძალიან კარგ ხასიათზე იყო, რასაც თუნდაც იმაზე შეატყობდით, რომ ყველა ჟურნალისტს აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხობდა. 28 წლის ფრანგ ნახევარმცველს მართლაც კარგი დღე ჰქონდა: ორი გოლი და ერთი საგოლე პასი "ვერდერთან". საერთო ჯამში, 15 ტურის შემდეგ მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
საუკეთესო ფეხბურთელები
15 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.25
2. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.47
4. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.50
5. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.50
6. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.59
7. დანიელ ვან ბუიტენი ბაიერნი 2.61
8. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.67
9. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.67
10. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.68
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 15 8 9 17
2. მარიო გომესი ბაიერნი 14 13 3 16
3. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 14 13 3 16
4. კლაუდიო პისარო ვერდერი 13 11 5 16
5. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 13 11 5 16
6. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 15 10 5 15
7. მარკო როისი ბორუსია (მ) 14 10 3 13
8. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 15 9 3 12
9. მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 15 8 3 11
10. რაული შალკე 15 7 4 11
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"