შვაინი და ლამი სამუდამოდ, კლოზე ეშმაკებისკენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ბასტიან შვაინშტაიგერი ამბობდა, "ბაიერნში" კი ვრჩები, მაგრამ ძალიან მინდა, რომ უცხოეთშიც ვითამაშო და მომავალში ალბათ სადმე გადავალო. ახლა კი, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა, რადგან ჟურნალ "11 ფროინდესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, დიდი შანსია, კარიერა მიუნხენში დავასრულოო.

"ბაიერნთან" კონტრაქტი 2012 წლამდე მაკავშირებს და აქ თავს იდეალურად ვგრძნობ. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ "ბაიერნი" უდიდეს პროგრესს განიცდის და სამომავლოდ გრანდიოზულ პერსპექტივებს ვხედავ. ამიტომაც ვფიქრობ იმაზე, რომ კარიერის ბოლომდე რეკორდმაისტერში ვითამაშო და უცხოეთში მხოლოდ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ ვიმოგზაურო", -
უთხრა შვაინიმ ზემოთ ხსენებულ ჟურნალს.

შვაინშტაიგერის სურვილი, კარიერის ბოლომდე რეკორდმაისტერში იასპარეზოს, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მიუნხენურ გრანდს სათავეში ლუის ვან გაალი უდგას. "მას მერე, რაც "ბაიერნს" ვან გაალი წვრთნის, მხოლოდ ვპროგრესირებთ. ლუისის სტილი ჩვენი გუნდისთვის ზედგამოჭრილია და ვხედავ, რომ აქ დიდი გუნდი შენდება. შესაბამისად, მეც მინდა, რომ ამ დიდი პროექტის ნაწილი ვიყო", - ამბობს ბასტიანი.

ხსენებულ ინტერვიუში შვაინშტაიგერმა მეტად საინტერესო ამბავი გაიხსენა: "მსოფლიოს ჩემპიონატზე, არგენტინასთან მოგებული მატჩის შემდეგ გასახდელში ვზეიმობდით და ტანსზემოთ ყველანი გახდილები ვიყავით, როცა მოულოდნელად, ჩვენთან კანცლერი ანგელა მეკრელი შემოვიდა. ყველანი ძალიან დავიბენით. მე უცებ პირსახოცს ვტაცე ხელი და მკერდზე შემოვიხვიე, ფრაუ მერკელმა კი ლუდის ბოთლს დაავლო ხელი, ჩემთან მოვიდა, მომიჭახუნა და გადამეხვია. ეს მომენტი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. სხვათა შორის, ფრაუ მერკელმა არაერთხელ მთხოვა, შენობით მომმართეო, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ"...

შვაინშტაიგერთან ერთად, კარიერის "ბაიერნში" დასრულებაზე ფილიპ ლამიც ფიქრობს, რომელსაც მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი ასევე 2012 წლამდე აქვს გაფორმებული. "კლუბის ხელმძღვანელებთან ახალ ხელშეკრულებაზე ამ სეზონში დავილაპარაკებ. ვფიქრობ, ჩემი გაშვება არავის უნდა და არც მე მსურს "ბაიერნიდან" წასვლა. დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან მინდა, რომ მიუნხენში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე, რადგან მჯერა, რომ ამ სეზონშიც და მერეც, მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. 11 წლის ვიყავი, როცა "ბაიერნში" მოვედი და არა მგონია, სადმე ამაზე უკეთდ ვიგრძნო თავი", - განუცხადა ლამმა "ბილდს".

აი, მიროსლავ კლოზე კი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ კარიერა მშობლიურ "კაიზერსლაუტერნში" დაამთავროს, თუმცა ამ მომენტში პენსიაზე ჯერ არ ფიქრობს. "კაიზერსლაუტერნი" ჩემი მშობლიური, შესაბამისად, ჩემთვის უსაყვარლესი კლუბია. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ბოლოს სწორედ "ლაუტერნში" გადავიდე და კარიერის ბოლო წელი ან წლები "ეშმაკებში" გავატარო, - განაცხადა 32 წლის კლოზემ და იქვე დასძინა, - თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობ. სანამ შემეძლება, ვითამაშებ. მინდა, რომ ფეხბურთში კიდევ 4-5 წელი დავრჩე." კლოზეს "ბაიერნთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. სხვათა შორის, ხვალ, ბუნდესლიგის მეორე ტურში, კლოზე და "ბაიერნი" სწორედ კაიზერსლაუტერნში ითამაშებენ...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული