"შალკემ" თქვა: პოდოლსკი!

AutoSharing Option
ლუკას პოდოლსკი რომ „კიოლნიდან“ წასასვლელად ემზადება, ამაზე ბოლო დროს რამდენჯერმე დავწერეთ. გერმანიის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელს არაერთი მთხოვნელი გამოუჩნდა, რადგან ძალიან კარგ ფორმაშია – ყველაზე მეტად ლონდონის „არსენალი“ აქტიურობდა. სერიოზულადაა დაინტერესებული რომის „ლაციოც“, სადაც ლუკასის მეგობარი მიროსლავ კლოზე თამაშობს.

ახლა კი, პოლდისთვის ბრძოლაში „შალკეც“ ჩაება – როგორც ჩანს, გელზენკირხენელებს პოდოლსკი რაულის შემცვლელად სურთ (34 წლის ესპანელს სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და წასვლა უნდა).

გუშინ „შალკეს“ შეფებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ პოდოლსკის უმიზნებენ. ჯერ მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა თქვა, ლუკასი ბრწყინვალე ფეხბურთელია და
შესაბამისად, მასზე ჩვენც ვფიქრობთო, მერე კი გელზენკირხენული კლუბის მთავარმა ბოსმა კლემენს ტიონიესმაც განაცხადა, ლუკასი ჩვენთვისაც თემააო.

„შპორტ აინსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოდოლსკიზე „შალკეს“ თავკაცმა ჰუუბ სტევენსმაც ისაუბრა – ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, რომელიც ლუკასს „კიოლნში“ ჯერ კიდევ 2005 წელს ავარჯიშებდა, თქვა: „პოდოლსკი სწრაფია, აქვს უძლიერესი დარტყმა და შესანიშნავი საგოლე ალღო. თანაც, ჯერ მხოლოდ 26 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერის საუკეთესო წლები წინ აქვს.“

ცხადია, კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა: „ვიცი, რომ „შალკე“ დაინტერესებულია. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პირველ რიგში „კიოლნს“ ველაპარაკები.“

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „კიოლნი“ პოდოლსკის 25 მილიონ ევროდ აფასებს. მას „თხებთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და სპორტულ დირექტორ ფოლკერ ფინკეს ახალი ხელშეკრულების გაფორმება ძალიან უნდა, მაგრამ დიდი შანსია, რომ არაფერი გამოუვიდეს, რადგან თავდამსხმელს აშკარად წასვლა სურს. 25 მილიონი გაბერილი თანხაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ინგლისური პრესის ცნობით, „არსენალი“ მზადაა, 23 მილიონი გადაიხადოს. ამას წინათ, „კიოლნს“ მოსკოვის ლოკომოტივის ბოსები დაუკავშირდნენ და 13 მილიონი შესთავაზეს, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს.

მიმომხილველთა აზრით, პოდოლსკი საბოლოო გადაწყვეტილებას ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს. ესეც გასაგებია, რადგან იმედი აქვს, რომ ევრო 2012-ზე კარგად ითამაშებს და უფრო დიდ გუნდებსაც დააინტერესებს. სწორედ ასე მოხდა მესუთ იოზილისა და სამი ხედირას შემთხვევაში, რომლებიც 2010 წლის მუნდიალის შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადავიდნენ. ასე რომ, ზაფხულამდე პოდოლსკის ნამდვილად არსად ეჩქარება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული