ამ უქმეებზე საფეხბურთო გერმანიაში ყველაზე მეტი ლუკას პოდოლსკიზე ილაპარაკეს. 26 წლის კიოლნელმა „ფრაიბურგს“ თავისი მე-12 და მე-13 გოლები გაუტანა და მსურველებს ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაუღვივა. მოგეხსენებათ, „შალკეს“ ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მისი გადაბირება სურთ - გელზენკირხენში სუპერ-თავდასხმაზე ოცნებობენ: აქეთ ჯეფერსონ ფარფანი, იქით პოდოლსკი, შუაში რაული და წინ კლაას-იან ჰუნტელაარი.
ვერაფერს იტყვი, მართლაც საოცნებო წინა ხაზია, თუმცა გასულ პარასკევს „შალკეს“ სულ
„ვოლფსბურგმა“ ბრემენში მორიგი კრახი განიცადა (1:4) და ფაქტია, რომ ფელიქს მაგათი იანვარში ისევ მაგრად იშოპინგებს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ სასურველ ფეხბურთელთა სიაში პოდოლსკის გვარი მას ნაღდად არ უწერია. პრინცი პოლდი არც იურგენ კლოპისთვისაა თემა - დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცმა სახალხოდ თქვა, ლუკასი არაფერში მჭირდებაო...
აურზაური პოდოლსკის გარშემო
ერთი სიტყვით, პირველი წრის ბოლოსწინა ტურის მთავარი თემა პოდოლსკი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ „პრინცი პოლდი“ ამას დუბლის გარეშეც მოახერხებდა, რადგან „ფრაიბურგთან“ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მერე რა, რომ ეს გუნდი ამბიციური თავდამსხმელის ძალების საზომად არ გამოდგება - პოდოლსკი თავის შესაძლებლობებს ამ სეზონში თითქმის ყველა შეხვედრაში ამტკიცებს. „კიოლნში“ კი ლუკასის კარგ ფორმაში ყოფნისა და „ფრაიბურგის“ განადგურების გამო ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ის მითქმა-მოთქმა, რაც პოლდის მოსალოდნელ ტრანსფერს უკავშირდება.
„თხების“ მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა თქვა, პოდოლსკი ნებისმიერ გრანდს დაამშვენებდა, მას „შალკეზე“ გაცილებით უკეთეს კლუბშიც შეუძლია მოხვედრაო - კიოლნელებს აღარ უნდათ, რომ თავიანთი პრინცი კონკურენტს დაუთმონ. გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა გიუნტერ ნეტცერი კი სხვაგვარად ფიქრობს. მას მიაჩნია, რომ პოდოლსკის სწორედ „შალკეა“ ზედგამოჭრილი და არა „არსენალი“, „მილანი“ ან სხვა რომელიმე არაგერმანული გრანდი, რადგან ნეტცერი ლუკასს მეორედ გარისკვას არ ურჩევს. ამ ორომტრიალში ყველას დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ „კიოლნი“ ცხრილში ნელ-ნელა მაღლა მიძვრება და საკმარისია, დღეს გადადებულ მატჩში „მაინცი“ დაამარცხოს, რომ მე-7 ადგილზე აღმოჩნდება. ლუკასი და „კიოლნი“ ევროტურნირებზე? ეს, შესაძლოა, მართლაც იყოს პოლდის „თხებში“ დარჩენის მოტივაცია.
კლოპი პოლდის წინააღმდეგ
აი, დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაც იურგენ კლოპს კი პოდოლსკის მაინც არ სწამს.
„ლუკას პოდოლსკის „კიოლნში“ ზედმეტად აქებენ და აგულიანებენ. იმდენად ზედმეტად, რომ ამ ფეხბურთელს ეს ყველაფერი მერე თავში უვარდება და სტაბილურობას კარგავს ხოლმე, - თქვა კლოპმა „კაიზერსლაუტერნთან“ მატჩის (1:1) შემდეგ და იქვე დასძინა, - ხშირად მსმენია, პოდოლსკი გერმანიაში საუკეთესო თავდამსხმელიაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ - არც ახლა, როცა მართლა კარგ ფორმაშია. ასე იმიტომ არ ვფიქრობ, რომ არ არის სტაბილური ფეხბურთელი და საუკეთესო შემთხვევაში კარგად მხოლოდ თამაშ-გამოშვებით ასპარეზობს. მოკლედ, მე ეს ფეხბურთელი არ მაინტერესებს, ჩემთვის პოდოლსკი ზედმეტად ძვირია.“
ლუკასმა კლოპს კვირას, გაზეთ „კიოლნერ ექსპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უპასუხა: „რამდენი ულაპარაკია ჰერ კლოპს... შეიძლება, ჩემზე ნაწყენია იმის გამო, რომ უარი ორჯერ შევუთვალე, თუმცა გარკვეულწილად ვეთანხმები კიდეც: მე „ბორუსიასთვის“ მართლა ძვირი ვარ, რადგან დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგიდან ფული არ შემოუვიდათ. ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს, მთელი გერმანია შერაცხვინეს, უფულოდაც დარჩნენ და რა გასაკვირია, რომ ჩემს ტრანსფერს ვერ დააფინანსებენ.“
კლოპმა პოდოლსკიზე ასე რომ ისაუბრა, ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ მისმა შეგირდებმა საკუთარ მოედანზე „კაიზერსლაუტერნი“ ვერ დაამარცხეს და კიდევ: რაც „შალკეს“ უნდა, „დორტმუნდს“ არასდროს არ უნდა ხოლმე...
გაიცანით: ტეემუ პუკი!
პოდოლსკის გარშემო ატეხილ ამბებს „შალკეს“ ლეგენდა ოლაფ თონიც გამოეხმაურა, რომელმაც თავის სვეტში შემდეგი დაწერა: „პერუელი ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი მარჯვენა ფლანგზე ძალიან მაგარია და არაფრით ჩამოუვარდება არც ფრანკ რიბერის და არც არიენ რობენს. ჩვენ გვყავს ჰუნტელაარიც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია და ლეგენდარული რაული მეორე, უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზე. თუ ამ ტრიოს პოდოლსკიც დაემატება და მარცხნივ ითამაშებს, „შალკეს“ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ეყოლება!“
ჩვენი აზრით, უმჯობესია, ჯერ გადახტნენ და გელზენკირხენელებმა „ჰოპ“ მერე დაიძახონ. კიდევ უფრო უკეთესი კი ის იქნება, თუ მანამდე უკვე განხორციელებული კარგი ტრანსფერით გაიხარებენ: ნიჭიერი ფინელი თავდამსხმელი ტეემუ პუკი „შალკემ“ აგვისტოს ბოლოს იყიდა და მისთვის ყურადღება ფაქტობრივად არავის მიუქცევია. არადა, პუკი ნელ-ნელა მკვიდრდება ძირითად შემადგენლობაში და აგერ, „ჰერტასთან“ გამარჯვების გოლიც გაიტანა.
რატომ ერჩოდნენ შტუტგარტელები რობენს
ორი აზრი არ არსებობს: პოდოლსკი არც მიუნხენის „ბაიერნს“ აინტერესებს. ბავარიელებმა ლუკასი ერთხელ (2006-დან 2009 წლამდე) უკვე ნახეს საქმეში ამ ტრანსფერმა რეკორდმაისტერს დანაკარგის მეტი არაფერი მოუტანა და ხომ იცით, „ბაიერნი“ ერთი და იგივე რისკზე ორჯერ არასდროს მიდის.
ესეც რომ არ იყოს, მიუნხენურ გრანდს ფლანგებზე იდეალურად აქვს საქმე - რობენი და რიბერი მშვენივრად დათარეშობენ. კვირას, „შტუტგარტთან“ (2:1 ბაიერნის სასარგებლოდ) განსაკუთრებით კარგად ჰოლანდიელმა ითამაშა და სხვათა შორის, არა მარტო იმიტომ, რომ შვაბთა მარცხენა მცველი კრისტიან მოლინარო ისე აწვალა, პირველივე ტაიმში წითელი ბარათი მიაღებინა. თუმცა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ის, რომ შტუტგარტელი ფანები მოლინაროს გაძევების შემდეგ მხოლოდ ამ სიტყვებს სკანდირებდნენ: „ეცით ათიანს! მიარტყით, ძმებო!“
არადა, მსაჯ მანუელ გრეფეს გადაწყვეტილება კორექტული იყო - იტალიელი გაძევებას იმსახურებდა...
მაგათი ისევ ივაჭრებს
ჯერ არაფერი გვსმენია იმის შესახებ, რომ „ვოლფსბურგს“ პოდოლსკის გადაბირება უნდა და ალბათ არც მოუნდება, რადგან ფელიქს მაგათი თავად წვრთნიდა პოლდის „ბაიერნში“... ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ იანვარში მაგათი ისევ მაგრად ივაჭრებს. „ვერდერთან“ 1:4-ის შემდეგ „მგლების“ ფანები ყვიროდნენ, ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდაო, ფელიქსმა კი მოედანზე თამაშის გამოსასწორებლად მოყვარულთა გუნდის წევრი სებასტიან შინდცილორცი შეუშვა - არადა, ზაფხულში შეფებმა 12 ახალი მოთამაშე უყიდეს. მატჩის შემდეგ ფელიქსმა თქვა, დღეს ჩემი გუნდი პირველი ბუნდესლიგის დონეს არ აკმაყოფილებდაო. ნეტა, რატომ?..
მე-16 ტურის სიმბოლური ნაკრები (3-4-3, კიკერი)
იაროსლავ დრობნი (ჰამბუეგი, II) - იან-ინგვერ კალსენ-ბრაკერი (აუგსბურგი, I), ჯიბრილ სანკო (აუგსბურგი, I), ემანუელ პოგატეცი (ჰანოვერი, II) - კრისტიან კლემენსი (კიოლნი, I), ფილიპ ბარგფრედე (ვერდერი, I), ტონი კროოსი (ბაიერნი, II), ოლჩაი შაჰანი (კაიზერსლაუტერნი, I) - კლაუდიო პისარო (ვერდერი, IV), მარიო გომესი (ბაიერნი, V), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი, VI).
როგორც ხედავთ, „კიკერმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში „აუგსბურგის“ ორი ფეხბურთელი მოახვედრა და რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე მცველია! ეს იმიტომ, რომ გუნდმა, რომელიც ამ ტურამდე აუტსაიდერი იყო, მიონხენგლადბახის „ბორუსია“ დაამარცხა და თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვა, რაც სწორედ სანკოსა და კალსენ-ბრაკერის დამსახურება გახლდათ. ამ უკანასკნელმა კი სულაც გამარჯვების გოლიც გაიტანა.
ტურის გმირი
ლუკას პოდოლსკი (კიოლნი, II)
ლუკასზე ისედად ბევრი ვილაპარაკეთ და აქ მხოლოდ იმასღა დავძენთ, რომ აშკარად საუკეთესო სეზონს ატარებს. პოდოლსკიმ ამ სეზონში უკვე მეხუთედ შეასრულა დუბლი და მის ანგარიშზე უკვე 13 გოლია. ამაზე მეტი კი პოლდის არცერთ სეზონში არ გაუტანია, წინ კი მთელი მეორე წრეა...
საუკეთესო ფეხბურთელები
16 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.25
2. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
3. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.50
4. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.50
5. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.56
6. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.58
7. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.59
8. სვენ უნერშტალი შალკე 2.66
9. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.67
10. დანიელ ვან ბუიტენი ბაიერნი 2.75
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაუდიო პისარო ვერდერი 14 12 7 19
2. მარიო გომესი ბაიერნი 15 15 3 18
3. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 14 13 5 18
4. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 15 14 3 17
5. ფრანკ რიბერი ბაიერნი 16 8 9 17
6. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 16 10 5 15
7. მარკო როისი ბორუსია (მ) 14 10 3 13
8. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 16 9 3 12
9. რაული შალკე 16 7 5 12
10. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 16 6 5 11
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"