მიზეზი მიუნხენელთა ჰოლანდიელი გარემარბის, არიენ რობენისა და "შტუტგარტის" იტალიელი მცველის, კრისტიან მოლინაროს ორთაბრძოლების კასკადია, რაც პირველივე ტაიმში მოლინაროს მოედნიდან გაძევებით დამთავრდა. შვაბები 27 წლის რობენს სიმულანტობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, ჰოლანდიელი იდეალურად მსახიობობდაო.
დისკუსია, რა თქმა უნდა, მოლინარომ წამოიწყო: "რობენი სიმულანტობდა და მსაჯის პროვოცირებას ცდილობდა. მე ეს არ მიკვირს, რადგან იტალიაში ხშირად სიმულანტობენ, მაგრამ ფეხბურთელს გა
არის თუ არა არიენ რობენი მართლაც სიმულანტი? გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი და 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი მათიას ზამერი მოლინაროს ეთანხმება: "გასაკვირი არაფერია, რობენი ხშირად ცდილობს ხოლმე მსაჯის პროვოცირებას.
ჰოლანდიელი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, რაც სიმულანტობის საშუალებას აძლევს. თუ მის თამაშს კარგად დავაკვირდებით და ძველი შეხვედრების ჩანაწერებსაც ვნახავთ, გამოჩნდება, რომ რობენი ხშირად ელის ისეთ მომენტს, როცა უმტკივნეულო ფოლს თეატრალურად გააფორმებს," - აცხადებს 44 წლის ზამერი, რომელიც აქტიური სპორტული კარიერის დროს მოლინაროს დარად მცველი იყო და სიმულანტებთან ორთაბრძოლები ხშირად უწევდა.
საინტერესო ის არის, რომ შტუტგარტელები აღიარებენ, მოლინარო გაძევებას იმსახურებდაო და ამას არც თავად იტალიელი უარყოფს, შვაბები იმის გამო ბრაზობენ, რომ 30-ე წუთზე, როცა "შტუტგარტი" კაცნაკლული დარჩა, რობენი ძალიან დიდხანს იწვა მოედანზე - თითქოს ფეხი სასტიკად ტკიოდა.
"ბაიერნის" სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი შტუტგარტელთა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, ამ განცხადებებით გუნდის ფეხბურთელები და ხელმძღვანელები თავიანთ პრობლემებს გაურბიან და გულშემატკივრების ყურადღების სხვა რამეზე გადატანა სურთო. "რობენი არც მსახიობია და არც პროვოკატორი. მოლინარო თამაშის წესებს არღვევდა. არიენს უბრალოდ ძალიან არ უნდა, რომ კიდევ ერთხელ დაშავდეს, ტრავმებისგან ხომ ისედაც უკიდურესად დატანჯულია," - აცხადებს ნერლინგერი.
მართლაც: მორიგი, ვინ მოთვლის, მერამდენე ტრავმის მოშუშების შემდეგ, რობენი ორთაბრძოლებისას აშკარად ფრთხილობს ხოლმე. როცა ფეხებში უვარდებიან, ყოველთვის ცდილობს, მალე დაეცეს, ან სწრაფად ახტეს - სავარაუდოდ იმიტომ, რომ ტრავმის მიღების ეშინია.
...ან იქნებ მართლა მსახიობ-პროვოკატორია?
"ტრავმის მიღების ყველას გვეშინია, დაშავება არცერთ ფეხბურთელს არ უნდა. რობენი რომ იოლად შავდება, ეს ჩვენი ბრალი არ არის. ფაქტი ისაა, რომ არიენი ძალიან იოლად ეცემა ხოლმე და ხშირად, კონტაქტამდეც კი მინდორზე იშხლართება," - ეს შტუტგარტელთა ავსტრიელი ნახევარმცველის, მარტინ ჰარნიკის სიტყვებია.
სამაგიეროდ, "ლევერკუზენის" გარემარბი სიდნი სემი მიიჩნევს, რომ რობენი მსახიობი არ არის, რასაც "ნიურნბერგის" მცველი დომინიკ მაროც ეთანხმება, რომელიც ამბობს, ხანდახან სიმულანტობს ხოლმე, მაგრამ მსახიობი არაა, ბუნდესლიგაში მასზე გაცილებით უარესი სიმულანტები თამაშობენო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"