ბარიოსი: ყოფნა, თუ არყოფნა?

AutoSharing Option
2011 წლის უკანასკნელ საშინაო შეხვედრაში (კაიზერსლაუტერნთან 1:1) დორტმუნდის "ბორუსიას" 27 წლის თავდამსხმელი ლუკას ბარიოსი გრიპის გამო აკლდა და დიდი შანსია, რომ დორტმუნდის პუბლიკამ ეს გოლეადორი "ბორუსიას" ფორმით "ვესტფალენშტადიონზე" ვეღარასოდეს იხილოს.

საქმე იმაშია, რომ ბარიოსი უკმაყოფილოა და დორტმუნდიდან წასვლით იმუქრება. უკმაყოფილების მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ იურგენ კლოპი ლუკასს ამ სეზონში იშვიათად ათამაშებს.

"მე ფეხბურთის თამაში მინდა და მხოლოდ ისეთ კლუბში მსურს თამაში, რომელსაც ვჭირდები. მართალია, ეს სეზონი ჩემთვის ტრავმით დაიწყო, მაგრამ დიდი ხანია, გამოვჯანმრთელდი და კარგ ფორმაშიც
ვარ.

მიუხედავად ამისა, მაინც იშვიათად ვთამაშობ. ასე რომ, თუ "ბორუსიას" ძირითად შემადგენლობაში ვერ მოვხვდები, წასვლაზე სერიოზულად ვიფიქრებ," - განუცხადა ბარიოსმა არგენტინულ ვებ-გვერდ თყჩ შპორტს-ს.

გერმანიის ჩემპიონის მენეჯერმა მიხაელ ცორკმა განაცხადა, ეს განცხადება არგენტინელმა ჟურნალისტებმა მოიგონესო, მაგრამ "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბარიოსმა არგენტინული მედიისთვის მიცემული განცხადების რეალურობა დაადასტურა და დაამატა: "მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მართლაც არ მსურს. უკვე 27 წლის ვარ და შესაბამისად, სათამაშო პრაქტიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

ერთი სიტყვით, ბარიოსი "ბორუსიადან" წასვლით იმუქრება. გამოჯანმრთელების შემდეგ მან მოედანზე მხოლოდ 177 წუთი გაატარა, რაც მისი აზრით კატასტროფულად ცოტაა. დორტმუნდელთა თავკაცი კლოპი კი ამ ეტაპზე უპირატესობას პოლონელ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ანიჭებს, რომელსაც ამ სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი.

ფაქტია, რომ ბარიოსს ზაფხულში ძალიან ბევრი მსურველი ჰყავდა, მისი ფასი კი დაახლოებით 17 მილიონი ევროა. აგვისტოში ლუკასმა გადაწყვეტილება "დორტმუნდის" სასარგებლოდ მიიღო, რადგან იმედი ჰქონდა, რომ არაფერი შეიცვლებოდა და ამ სეზონშიც "ბორუსიას" ნომერ პირველი ფორვარდი იქნებოდა.

"ბილდის" ცნობით, ბარიოსი ამ გადაწყვეტილებას ძალიან ნანობს. ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ ბარიოსით, რომელსაც "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, ორი ინგლისური გრანდია დაინტერესებული - საუბარია "მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "ჩელსიზე".

"მესმის, რომ ლუკასს თამაში უნდა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომით უკმაყოფილოა, მაგრამ მოთმინება უნდა იქონიოს," - ეს "დორტმუნდის" გენერალური მენეჯერის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული