რუმენიგეს როისი არ ეჩქარება

AutoSharing Option
"ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე მიუნხენური გრანდის პირველი ფუნქციონერი იყო, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, მარკო როისის ყიდვა მინდაო.

როგორც იცით, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და დორტმუნდელ მარიო გიოტცესთან ერთად, წლის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენაა. რუმენიგემ გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა როისზე და გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ამჯერად მინიმუმ ერთი წლით "გლადბახში" დარჩენა ურჩია.

"ხანდახან ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მისწრებაა ის, რომ შედარებით დაბალი რანგის კლუბში დარჩეს, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. "გლადბახში" და სხვათა შორის, დორტმუნდის "ბორუსიაშიც", საიდანაც
მარიო გიოტცე მოგვწონს, გაცილებით ნაკლები სიმძიმის წნეხია, ვიდრე ჩვენთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი კლუბებიდან "ბაიერნში" გადმოსვლისას მოთამაშე ასი პროცენტით მზად უნდა იყოს.

მოკლედ, როისს ვურჩევ, რომ მიონხენგლადბახში კიდევ ერთი წელი გაატაროს, მერე კი ჩვენ მის ტრანსფერზე სერიოზულად ვიზრუნებთ. მართალია, 17.5 მილიონი ევრო ძალიან დიდი თანხაა და "გლადბახი" დაკლებას არ აპირებს, მაგრამ თუ მარკო სწორად განვითარდება და პროგრესს განაგრძობს, მის სანაცვლოდ ასეთ დიდ თანხასაც გადავიხდით," - განაცხადა რუმენიგემ გადაცემა "ლიგა ტოტალში".

ხსენებულ გადაცემაში საუბრისას რუმენიგე სხვა არაერთ საინტერესო საკითხსაც შეეხო - მათ შორის ფიფას და მის მრავალგზის გაკრიტიკებულ პრეზიდენტ ზეპ ბლატერს.

"ფიფას პრეზიდენტს ბევრი ვერაფერი გავუგე, ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ მისი მოშორება ძალიან ძნელი იქნება. მისმა შემცვლელმა კი ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს, - ამბობს კალე და იქვე დასძენს, - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბლატერს იმის გამო ვაკრიტიკებ, თითქოს მე მინდა ფიფას პრეზიდენტობა, ძალიან ცდება. უეფას ან ფიფას სათავეში ყოფნა არასდროს მინდოდა, რადგან ორივე უწყება ზედმეტად პოლიტიზირებულია, მე კი არ მინდა, რომ პოლიტიკასთან თუნდაც პატარა შეხება მქონდეს. ფიფა არ არის დემოკრატიული და ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიო ფეხბურთი დიქტატურით იმართება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული