გუნდი, რომლის მიზანი მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა, 16 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულა აშორებს. მიუხედავად ამისა, "დესპოტი ფელიქსი" მაინც არ ნერვიულობს, რადგან დარწმუნებულია, რომ მეორე წრეში საქმეები უკეთესად წაუვა.
- ჰერ მაგათ, შეგირდებს საშობაოდ რა უნდა აჩუქოთ?
- რაც არ უნდა სამწუხარო იყოს მათთვის, უმრავლესობას არაფერს ვაჩუქებ.
- უმცირესობას?
- რამდენიმე ფეხბურთელი ჩემგან ვარჯიშის გეგმას მიიღებს. ზოგიერთისთვის თავისუფალ დღეებში ვარჯიში
- საოცარია, ინდივიდუალურ ვარჯიშებს მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს რომ უნიშნავთ. შარშან და შარშანწინ თქვენგან ასეთი გეგმა ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა მიიღო. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამ სეზონში თქვენი გუნდის თამაშითა და შედეგებით კმაყოფილი ხართ?
- დასამალი არაფერია: კარგი იქნებოდა, ექვსი ქულით მეტი რომ გვქონოდა. თანაც, ეს საკმაოდ რეალური იყო.
- ექვსი ქულით მეტი? ხუმრობთ?
- არა, რატომ? ექვსი ქულით მეტი რომ გვქონოდა, 23 ქულას დავაგროვებდით და ახლა მეშვიდე ადგილზე ვიქნებოდით, საიდანაც ევროტურნირების ზონამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. მეექვსე ადგილზე მყოფ "ლევერკუზენთან" შედარებით მხოლოდ სამი ქულით ნაკლები გვექნებოდა.
- რეალობა შემდეგნაირია: "ვოლფსბურგი" 17 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას სულ რაღაც სამი ქულა გაშორებთ...
- გასაგებია, რისი თქმაც გინდათ და მეც გეთანხმებით. ახლა ღამ-ღამობით მშვიდად ნამდვილად არ მძინავს, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებ, რომ ძალიან ვნერვიულობ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მეორე წრეში ყველაფერი კარგად, გაცილებით უკეთესად იქნება.
- მაშინ გვითხარით, თქვენი აზრით, რა იყო არასწორი იმ გადაწყვეტილებებიდან, რაც ზაფხულში მიიღეთ? სად დაუშვით შეცდომები?
- თავიდან მინდოდა, ფონს გასვლა არსებული შემადგენლობით მეცადა, მაგრამ სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე მივხვდი, რომ ტრანსფერები საჭირო იყო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "ვოლფსბურგმა" მხოლოდ ერთი ძვირადღირებული და ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა...
- სამაგიეროდ, ძალიან ბევრი იაფფასიანი ტრანსფერი შედგა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ შეძენილი ფეხბურთელების უმეტესობა არ გამოგადგათ. 80 პროცენტი ახლა მოყვარულთა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თქვენვე თქვით, რომ მათ თქვენს ხელში შანსი აღარ აქვთ...
- ბევრი ფული არ გვქონდა და რაულის დონის ვარსკვლავების ყიდვაზე უარი ამიტომაც ვთქვით. იძულებული ვიყავი, შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებით მემოქმედა. თან, სახელფასო ფონდიც არ უნდა გაზრდილიყო. რაკი ფული არ გვქონდა, ჩემი მიზანი იყო, გუნდში დიდი კონკურენცია შემექმნა, რაც შევძელი კიდეც. ასე რომ, პრინციპში სასაყვედურო ბევრი არაფერია. ვფიქრობ, რომ "ვოლფსბურგმა" პირველი წრე ცუდად ჩაატარა, მაგრამ არა იმდენად ცუდად, რომ განგაშის ზარებს შემოვკრათ.
- და რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მილიონები წყალში გადაიყარა და ახლა ზაფხულში ნაყიდი ფეხბურთელები ისევ თავიდან უნდა მოიშოროთ?
- რას ვიზამთ, ეს ლოგიკურია იმ ფონზე, რომ ტრანსფერებისთვის ბევრი ფული არ გვქონდა. იაფფასიანი მოთამაშე ყოველთვის ისე ვერ გამოგადგება, როგორც თავის დროზე ედინ ჯეკო, გრაფიტე და ზვიედან მიშიმოვიჩი გამოგვადგნენ. პირდაპირ გეტყვით: იმედები ყველაზე მეტად ოხმა და რუსმა გამიცრუეს.
- ისინი ამ განცხადებით განაწყენდებიან...
- ჩემი მიზანი მათი განაწყენება ნამდვილად არ არის. იმის თქმა მინდა, რომ ეს ფეხბურთელები ძალიან ახლოს არიან, უფრო სწორად, იყვნენ გერმანიის ნაკრებში მოხვედრასთან, ახლა კი "ვოლფსბურგის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც უჭირთ. იმედი მქონდა, რომ ახალ გუნდში უფრო მოინდომებდნენ და "ვოლფსბურგს" პირველივე ტურებში შესამჩნევად გააძლიერებდნენ. სხვათა შორის, მათზე ხელი ჯერ ბოლომდე არ ჩამიქნევია და იმედი მაქვს, რომ მეორე წრეში მაინც განიცდიან პროგრესს. საერთო ჯამში, იმის თქმა მინდა, რომ "ვოლფსბურგისთვის" ძველი დიდების დაბრუნებისთვის იმაზე მეტი დრო მჭირდება, ვიდრე მეგონა, რომ დამჭირდებოდა.
- და ეს კონკრეტულად რისი ბრალია?
- როგორც გამოჩნდა, ჩემს მიერ შეძენილი ახალი ფეხბურთელების უმრავლესობა არ აღმოჩნდა მზად იმისთვის, რასაც "ვოლფსბურგთან" ერთად მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ჰქვია. მოლაპარაკებების დროს მათ ხშირად ვუმეორებდი, ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს და საბოლოო ჯამში გერმანიის ჩემპიონები უნდა გავხდეთ-მეთქი. არ მითქვამს, რომ პირველობისთვის აუცილებლად ამ სეზონშივე ვიბრძოლებდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი მიზანი სწორედ ჩემპიონობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებმა ორჯერ მეტი უნდა მოინდომონ და ჩემი ყველა დავალება უნდა შეასრულონ. როგორც ჩანს, უმრავლესობა ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ჩემთვის ეს კრახია, რომელიც იმას ნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად უბრალოდ იმაზე მეტი დრო დამჭირდება, ვიდრე მეგონა.
- ზაფხულში დაშვებული სატრანსფერო შეცდომების გამოსწორება იანვარში შეგიძლიათ...
- ზაფხულში ჩემთვის მთავარი რაოდენობა იყო, და არა ხარისხი, იანვარში კი მთავარი ხარისხი იქნება. შესაბამისად, შეცდომებზე ლაპარაკიც არასწორია. მე არ ვფიქრობ, რომ შეცდომები დავუშვი.
- ტომაშ როსიცკის ყიდვას მართლა აპირებთ?
- ჰო, ვაპირებ, რადგან როსიცკი ძალიან კარგი ფეხბურთელია. რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელია. რამდენიმე წლის წინ მისი გადაბირება ევროპის სუპერგრანდებს სურდათ.
- გავიგეთ, რომ "ბაიერნისა" და ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელ ივიცა ოლიჩსაც უმიზნებთ.
- კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადამიდგამს, მაგრამ ოლიჩზე მართლა ვფიქრობ. მასზე ცნობები შევაგროვე და ჩემი დასკვნა ასეთია: ივიცას "ბაიერნიდან" წამოსვლა უნდა. ზაფხულში ოლიჩი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და სავარაუდოდ ეს მისი უკანასკნელი დიდი სანკარებო ტურნირი იქნება. ამიტომაც უნდა, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რათა ევრო 2012-წ მაქსიმალურად კარგად მომზადებული შეხვდეს. მოკლედ, ოლიჩიც მინდა, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რა უნდა "ბაიერნს"...
- კიდევ რომელ ფეხბურთელებზე ფიქრობთ?
- ჯერ არ ვიცი. ფაქტია, რომ ერთი-ორი მაღალი კლასის მოთამაშე გვჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება.
- როცა "ვოლფსბურგში" მეორედ დაინიშნეთ, განაცხადეთ, რომ არა მარტო გერმანიის ჩემპიონობა, არამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გინდათ გასვლა...
- იმედია, თქვენ არ იფიქრეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას მომდევნო სეზონში ვგეგმავდი... ისე კი, აზრი არ შემიცვლია: გერმანიის ჩემპიონობას ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა მოყვება, მე კი ყველგან და ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვი. უბრალოდ, ნებისყოფა კარგი მაქვს და ვიცი, რომ გუნდის ფეხზე დაყენებას დრო სჭირდება. კარგია, რომ "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელებსაც ჩემნაირი ნებისყოფა აქვთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"