ბალაკის გარეშე!

AutoSharing Option
კაპიტნის საკითხის გარკვევაც გადაიდო
დღეს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი იმ ფეხბურთელების გვარებს ჩამოთვლის, რომლებიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ორ მატჩში ბუნდესგუნდის ღირსებას დაიცავენ. 3 სექტემბერს გერმანია ბრიუსელში ბელგიას ეთამაშება, 7 სექტემბერს კი კიოლნში აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

"კიკერი" საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იოგი ამ მატჩებისთვის არ უხმობს მიხაელ ბალაკს. მართალია, ეს უკანასკნელი გამოჯანმრთელდა და ერთი კვირის წინ, ბუნდესლიგის პირველ ტურში, დორტმუნდის "ბორუსიასთან" 90 წუთი ითამაშა, მაგრამ ლიოვი ამ მატჩს ესწრებოდა და შეუნიშნავს, რომ ბალაკი არცისე კარგ
ფიზიკურ ფორმაშია. სწორედ ამიტომ, ლიოვი ბალაკზე უარს ამბობს. შესაბამისად, გადაიდება კაპიტნის ყბადაღებული საკითხიც. როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბალაკმა ტრავმის გამო ვერ იასპარეზა და მუნდიალზე გერმანიას ფილიპ ლამმა უკაპიტნა. მას მერე გაურკვეველია, ბუნდესგუნდის თავი კვლავ ბალაკი იქნება, თუ გერმანიას ლამის სახით ახალი კაპიტანი ეყოლება.

ამასობაში, ბასტიან შვაინშტაიგერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანი ბალაკი უნდა იყოს და რომ დაწყებული დისკუსია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. "ეს დისკუსია არავის აწყობს, გარდა პრესისა. კაპიტანს მთავარი მწვრთნელი ირჩევს და დარწმუნებული ვარ, რომ ლიოვი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე არ მინდა, რომ ჟიური ვიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბალაკიცა და ლამიც კაპიტნობისთვის არიან ზედგამოჭრილები. თუმცა მე ვფიქრობ, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტნის შეცვლის მიზეზი არ არსებობს.

მიხაელ ბალაკმა ბუნდესგუნდს ძალიან ბევრი გაუკეთა და კიდევ ბევრს გაუკეთებს. მუნდიალის წინ მას ტრავმა რომ არ მიეღო, დისკუსია საერთოდ არ დაიწყებოდა. ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრების კაპიტანი მიხაელი უნდა იყოს და ვფიქრობ, ასეც იქნება," - უთხრა შვაინშტაიგერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული