ერთგული რაული, სულელი რიბერი და ა.შ.

AutoSharing Option
პირველი წრის ბოლო ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა: ბერლინის „ჰერტას“ ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მწვრთნელი მარკუს ბაბელი გაეთავისუფლებინათ, ფრანკ რიბერი ცუდად მოიქცა და მოედანი ნაადრევად დაატოვებინეს, რაულმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მარკო როისი ყურადღების ცენტრში დაბრუნდა და ა.შ.

სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე ძლიერმა გუნდებმა, „ბაიერნმა“, „დორტმუნდმა“, „შალკემ“ და „გლადბახმა“ უპრობლემოდ გაიმარჯვეს. ერთადერთი რამ, რის გამოც ახლა უკვე ოფიციალურად „შემოდგომის ჩემპიონ“ „ბაიერნში“ უკმაოფილებამ დაისადგურა, რიბერის გაძევება გახლდათ.

რატომ ახსენა ული ჰიონესმა „ჯეკ დენიელსი“, რატომ მიიღო მოქმედმა ჩემპიონმა ფრიადი მინუსით
და რატომ უნდა გააკეთონ „გლადბახისა“ და „შალკეს“ ბოსებმა ყველაფერი იმისათვის, რომ თავიანთი ლიდერები როისი და რაული შეინარჩუნონ? ამ ყველაფერზე ქვემოთ ვიმსჯელოთ.

სულელი რიბერი
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში მარტო რიბერი არ გაუძევებიათ, ყველაზე ცუდი საქციელის ავტორი მაინც მიუნხენური გრანდის ფრანგი დრიბლიორია. პრინციპში, არანაკლებ ცუდი იყო ბერლინელი რაფაელისა და მაინცელი შეხტერის ქმედებებიც, უბრალოდ, რიბერის მათზე გაცილებით მეტი მოეთხოვება, პირველ რიგში კი ნერვების მოთოკვა. კიოლნელმა ენრიკე სერენომ რიბერი თავის „დაკრულზე აცეკვა“ - იმდენად იოლად შეძლო ფრანგის პროვოცირება, რომ ყველანი პირდაღებულები დარჩნენ.

სხვა საქმეა ის, რომ ამან „კიოლნს“ ვერ უშველა, „ბაიერნს“ კი ვერაფერი დააკლო. მიუნხენელები ერთი საათის განმავლობაში კაცნაკლულები იყვნენ და „თხებს“ მაინც სამი გოლი გაუტანეს.

„ბაიერნის“ მენეჯერმა კრისტიან ნერლინგერმა რიბერიზე თქვა, არ მოიქცა ჭკვიანურადო, ბუნდესლიგის ექსპერტმა თომას ჰელმერმა კი ფრანგ გარემარბს პირდაპირ სულელი უწოდა. წყობიდან გამოვიდა თვით ძალიან მშვიდი იუპ ჰაინკესიც, რომელიც მიუხედავად „შემოდგომის ჩემპიონობისა“, რიბერის საქციელის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავდა.

მსახიობი ჯეკ დენიელსი
სამაგიეროდ, „კიოლნთან“ 3:0-ის შემდეგ ბრწყინვალე ხასიათზე იყო „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი.

„ძალიან კმაყოფილი ვარ და თანაც ყველაფრით, - სიხარულს ვერ მალავდა ენაჭარტალა ული, - ბუნდესლიგის პირველი წრე მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგაშიც საუცხოოდ ვითამაშეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და რაც ასევე მნიშვნელოვანია, გერმანიის თასზე ასპარეზობასაც ვაგრძელებთ. მე საახალწლოდ მეტი არც არაფერი მინდოდა.“

ჰიონესი იმდენად იყო ეიფორიაში, რომ შემდეგი განცხადებისას ლეგენდარული მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი ასევე ლეგენდარული ვისკის სახელწოდებაში აერია: „ყველაფერი ისეა, როგორც იმ ცნობილ ფილმში, ჯეკ დენიელსი რომ თამაშობს: „უკეთესად წარმოუდგენელია!“

მატყუარა ბაბელი ან მატყუარა პრეეტცი
„ჰოფენჰაიმისა“ და „ჰერტას“ დაპირისპირება 1:1 რომ დამთავრდა, ეს ბერლინში მეორე დღეს აღარავის აინტერესებდა, რადგან ლევან კობიაშვილის გუნდში სულ სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები მოხდა. ყველაფერი მწვრთნელ მარკუს ბაბელის განცხადებით დაიწყო, რომელმაც კვირის ვარჯიშის შემდეგ თქვა, მორჩა და გათავდა, შეფებს აღარ ველაპარაკებიო.

მისი გაბუტვის მიზეზი ის გახლდათ, რომ მენეჯერი მიხაელ პრეეტცი ამტკიცებდა, ბაბელმა მხოლოდ გასულ სამშაბათს გვამცნო, რომ ჩვენთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებსო, თავად მარკუსი კი ირწმუნებოდა, რომ ეს გაცილებით ადრე გააკეთა.

ამრიგად, პრეეტცმა ბაბელს უწოდა მატყუარა, ბაბელმა კი პრეეტცს და რა გასაკვირია, რომ ეს ამბავი მარკუსის პოსტიდან გათავისუფლებით დამთავრდა. პრეეტცმა ოფიციალურ განცხადებაში თქვა, ერთმანეთის მიმართ ნდობა იმდენად დავკარგეთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდაო.

„ბილდის“ ინფორმაციით, ბაბელისა და პრეეტცის დავა ახლა სასამართლოში გაგრძელდება.

ესენი ოცნებობენ ბარსას დამარცხებაზე?
„...და თქვენ უნდა ითამაშოთ ბარსელონასთან?“ - ყვიროდნენ „ლევერკუზენის“ გამწარებული ფანები საკუთარ მოედანზე „ნიურნბერგთან“ აბსოლუტურად ლოგიკური (!) 0:3-ის შემდეგ. მათი ნამდვილად გვესმის, რადგან თუკი „ბაიერს“ გოლები დანიელ დიდავიმ, იენს ჰეგელერმა და ტომას პეკჰარტმა გაუტანეს, იოლი წარმოსადგენია, რა ამბავს დაატრიალებს „ლევერკუზენის“ საჯარიმოში თუ მის მისადგომებთან ლეო მესი - ხომ გახსოვთ, „ბაიერი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სწორედ „ბარსას“ უნდა დაუპირისპირდეს.

რა გასაკვირია, რომ ამ უმძიმესმა და პირდაპირ ვთქვათ, აუხსნელმა ფიასკომ „ლევერკუზენის“ ისედაც ფეთქებადი სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი წყობიდან გამოიყვანა: „ეს იყო ნამდვილი კატასროფა! განსაკუთრებით სამარცხვინოდ პირველ ტაიმში ვითამაშეთ,“ - ყვიროდა რუდი მიკროფონში...


დორტმუნდი: ფრიადი მინუსით
დორტმუნდის „ბორუსიამ“ უმარტივესი გამარჯვება მოიპოვა - პრინციპში, მოქმედი ჩემპიონისგან უსუსურ „ფრაიბურგთან“ სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი.

დორტმუნდელებმა ოთხი გოლი გაიტანეს და პირველი წრე მეორე ადგილზე, „ბაიერნის“ უმთავრესი მდევრის რანგში დაასრულეს. სწორედ ამიტომ დაუწერა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავის შეგირდებს ფრიადი მინუსით, ოღონდ ისიც დასძინა, არც „ბაიერნი“ იმსახურებს ფრიადს, რადგან მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიუნხენელებს პირველი წრე მინიმუმ შვიდქულიანი უპირატესობით უნდა დაესრულებინათო...

როისი დაბრუნდა, გლადბახმა მოიგო
გამოჯანმრთელდა თუ არა მარკო როისი, მიონხენგლადბახის „ბორუსიამ“ ისევ მოიგო. ზედიზედ ორი მოუგებელი მატჩის შემდეგ ლუსიენ ფავრის ბიჭებმა როისთან ერთად „მაინცი“ 1:0 დაამარცხეს. ის გოლი კი ამჯერად მარკოს არ გაუტანია - ჰერმანმა შეაგდო, როისი კი ასისტენტად მოგვევლინა.

ამრიგად, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიონხენგლადბახელებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისათვის, რომ როისი ზაფხულში სხვა გუნდში, მაგალითად „ბაიერნში“ არ გადავიდეს.

„ქურდი“ რაული
ტურის წინ, ცენტრალური მატჩის მთავარ ინტრიგად „შალკესა“ და „ვერდერის“ გოლეადორების, კლაას-იან ჰუნტელაარისა და კლაუდიო პისაროს დუელი მოვიხსენიეთ. პისაროს საერთოდ არაფერი გაუკეთებია, ჰუნტელაარმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ისიც უმნიშვნელო, რადგან იმ მომენტისთვის გელზენკირხენელები ბრემენელებს უკვე 4:0-ს უგებდნენ.

პისაროსა და ჰუნტელაარს შოუ 34 წლის რაულმა მოპარა - პირველი სამი გოლი მის ანგარიშზეა. ვეტერანმა ესპანელმა მატჩის შემდეგ თქვა, „შალკეში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მეტიც, აქ ბედნიერი ვარ და სიამოვნებით დავრჩებიო. თამამად ვიტყვით: ამ სიტყვებით მან გელზენკირხენელ ფანებს საუკეთესო საშობაო საჩუქარი გაუკეთა!

მე-17 ტურის სიმბოლური ნაკრები (4-1-2-3, კიკერი)
მოჰამედ ამსიფი (აუგსბურგი, I) - ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე, I), კირიაკოს პაპადოპულოსი (შალკე, I), ფილიპ ვოლშაიდი (ნიურნბერგი, III), კრისტიან ფუხსი (შალკე, III) - ტონი კროოსი (ბაიერნი, III) - შინჯი კაგავა (ბორუსია დ, III), რაული (შალკე, I) - კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე, V), მარიო გომესი (ბაიერნი, VI), რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია დ, IV).

რაკი ამ ტურში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება „შალკემ“ მოიპოვა (5:0 ვერდერთან), ლოგიკურია, რომ „კიკერის“ სიმბოლურ ნაკრებში ხუთი გელზენკირხენელი მოხვდა. საოცარი ის არის, რომ იმ დროს, როცა „შალკეს“ მარცხენა მცველი კრისტიან ფუხსი სიმბოლურში უკვე მესამედ მოხვდა, რაულისთვის ეს პირველი შემთხვევაა.

ტურის გმირი
რაული (შალკე, I)
ჰეთ-თრიკი მე-17 ტურში? შეიძლება აღარ გახსოვდეთ და სიამოვნებით გაგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, 2010 წლის 18 დეკემბერს, „შალკემ“ „კიოლნს“ 3:0 მოუგო და სამივე გოლი მის ანგარიშზე იყო. ახლა კი იგივე „ვერდერთანაც“ გაიმეორა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი ვერაფერს აკლებს.

საუკეთესო ფეხბურთელები
17 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.30
2. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
3. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.50
4. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.53
5. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.59
6. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.59
7. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.69
8. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.71
9. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.71
10. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.74

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 16 15 5 20
2. მარიო გომესი ბაიერნი 16 16 3 19
3. კლაუდიო პისარო ვერდერი 15 12 7 19
4. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 16 14 5 19
5. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 17 12 6 18
6. ფრანკ რიბერი ბაიერნი 17 8 9 17
7. რაული შალკე 17 10 5 15
8. მარკო როისი ბორუსია (მ) 15 10 4 14
9. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 17 9 3 12
10. მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 14 9 2 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული