სკიბე "ჰერტაში" დიდი ამბიციებით მივიდა - მე ამისგან გავაკეთებ...

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ ბერლინის „ჰერტამ“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა: სკანდალურად გაშვებული მარკუს ბაბელი მიხაელ სკიბემ შეცვალა. ამ უკანასკნელმა ლევან კობიაშვილის გუნდთან კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა. ბერლინში სკიბე გუშინ ოფიციალურად წარადგინეს.

„ჩემი პირველი სამუშაო დღე 3 იანვარია. მიხარია, რომ გერმანიაში დაბრუნების საშუალება მომეცა. როგორც ადრეც ვთქვი, ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. „ჰერტაში“ მუშაობას სიამოვნებით დავთანხმდი და იმედი მაქვს, რომ ამ გუნდთან ერთად წარმატებებს მივაღწევ.

ბანალურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ „ჰერტას“ შესაძლებლობებში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენი მიზანი
მხოლოდ პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა იყოს.

ბერლინი არის ქალაქი, რომელიც ვალდებულია, ძალიან ძლიერი საფეხბურთო გუნდი ჰყავდეს და იმედი მაქვს, ასეთი გუნდის ჩამოყალიბებას მოვახერხებ,“ - განაცხადა 48 წლის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

სკიბემ ამ სეზონის კონკრეტულ გეგმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ჰერტამ“, რომელიც ელიტაში ახლახან დაბრუნდა, პირველი წრე სტაბილურად ჩაატარა, მეორე წრეში კი გუნდის მიზანი კიდევ უფრო უკეთ თამაში უნდა იყოს.

„მარტო გადარჩენით ვერ ვიამაყებთ, ჩვენ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ. დიახ, მინდა, რომ „ჰერტა“ ევროპაში ახლავე დავაბრუნო,“ - თქვა სკიბემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული