ბუნდესლიგა. ბურთი და მოედანი შერცხვენილებს

AutoSharing Option
გუშინ
კაიზერსლაუტერნი-ბაიერნი

დღეს
შალკე-ჰანოვერი 17:30
ვერდერი-კიოლნი 17:30
ვოლფსბურგი-მაინცი 17:30
აინტრახტი-ჰამბურგი 17:30
ნიურნბერგი-ფრაიბურგი 17:30
ზტ. პაული-ჰოფენჰაიმი 20:30

ხვალ
ლევერკუზენი-ბორუსია (მ) 17:30
შტუტგარტი-ბორუსია (დ) 19:30

ბუნდესლიგის მეორე ტური გუშინ "კაიზერსლაუტერნისა" და "ბაიერნის" დუელით დაიწყო. დღეს, "ვერდერს", "შალკეს", "ვოლფსბურგსა" და ფრანკფურტის "აინტრახტს" შანსი ეძლევათ, რომ პირველ ტურში განცდილი მარცხების გამო, გულშემატკივრებს გამარჯვებებით "მოუბოდიშონ". დიდ ინტერესს იწვევს "ზანკტ პაულისა" და "ჰოფენჰაიმის" დაპირისპირება, რომელიც საღამოს გაიმართება - შეგახსენებთ, პირველ ტურში ორივე გუნდმა მოიგო. ხვალ კი ის კლუბები ითამაშებენ, რომლებიც ხუთშაბათს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში ასპარეზობდნენ: "შტუტგარტი" და დორტმუნდის "ბორუსია" ერთმანეთს ხვდებიან,
"ლევერკუზენს" მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" დერბი აქვს.

შალკე წნეხის ქვეშ

გელზენკირხენის "შალკესთვის", რომელიც დღეს "ჰანოვერს" მასპინძლობს, აგვისტოს ბოლო დღეები ძალიან მძიმეა: "ჰამბურგთან" მარცხი, დისკუსიები ფელიქს მაგათის ძალაუფლებასთან დაკავშირებით, გაუგებრობები ფანებთან, ახალი მაღალი კლასის ფეხბურთელების მოლოდინი - ამ დღეებში გელზენკირხენში საფეხბურთო ცხოვრება დუღს. პირველ ტურში (1:2 ჰამბურგთან) "რეალიდან" ზარ-ზეიმით ნაყიდმა ვარსკვლავებმა, რაულმა და კრისტოფ მეტცელდერმა ძალიან ცუდად ითამაშეს. "კიკერისგან" ორივემ ცუდი შეფასება, 5 ბალი დაიმსახურა.

ამიტომაცაა, რომ "შალკეს" ფანები ძალიან ანერვიულდნენ. სამაგიეროდ, "ჰანოვერში" შესანიშნავი განწყობაა: პირველ ტურში ფრანკფურტის "აინტრახტის" დამარცხებამ, "წითლების" მთავარი მწვრთნელის, მირკო სლომკას გარშემო ატეხილი დისკუსიები ჩააცხრო. ამოისუნთქა კლუბის მენეჯერმა იორ შმადტკემაც, რომელიც გერმანიის თასის პირველივე ეტაპზე განცდილი კრახის შემდეგ, ასევე "ჩემოდნებზე იჯდა". მოკლედ, ამ კვირამ "ჰანოვერში" მშვიდად ჩაიარა და ვნახოთ, როგორ ითამაშებს "96" ფავორიტ "შალკესთან". ფაქტია, რომ ლევან ყენიას გუნდისთვის დღეს ორი ქულის დაკარგვაც უდიდეს წარუმატებლობად ჩაითვლება - "შალკეს" მხოლოდ მოგება უნდა.

დაღლილი ვერდერი დაჭრილ თხებთან

ბრემენის "ვერდერმა" "ჰოფენჰაიმთან" განცდილი სამარცხვინო წაგების (1:4) შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გენუის "სამპდორიასთან" უმძიმესი, 120-წუთიანი ომი გადაიტანა და იტალიური კლუბი გააგდო. შესაბამისად, დროა, "მუსიკოსებმა" მთელი კონცენტრაცია ბუნდესლიგისკენ მიმართონ, სადაც პირველი ტურის შემდეგ შერცხვენილები არიან და სასწრაფოდ რეაბილიტაცია სჭირდებათ. "ვერდერის" მეტოქე კი "კიოლნია" - გუნდი, რომელსაც ასევე არ ულხინს. "თხებმა" ერთი კვირის წინ საკუთარ მოედანზე "კაიზერსლაუტერნთან" წააგეს და ასევე წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ "კიოლნის" თავკაც ზვონიმირ სოლდოს წყალი აქვს შემდგარი და თუ "კიოლნმა" სასწრაფოდ არ გამოსწრორა შედეგები, შეიძლება, გაათავისუფლონ. ბრემენში რაინლანდელებს დაცვის ბურჯი მოჰამადი არ ეყოლებათ - ეს უკანასკნელი პირველ ტურში ბუნდესლიგისთვის სარეკორდო დროში, მატჩის დაწყებიდან 93 წამში გააძევეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით "ასიამოვნეს".

დეიგოს დებიუტი მაინცთან

"ვოლფსბურგმა" "ბაიერნთან" საკმაოდ კარგად ითამაშა და მინიმუმ ფრეს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, ბასტიან შვაინშტაიგერის გოლით წააგო. მაგრამ "მგელბში" მაინც კარგი განწყობაა. მით უმეტეს მას მერე, რაც "ვოლფსბურგმა" ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო (იუვენტუსიდან) გადაიბირა. დღეს "ვოლფსბურგი" "მაინცს" მასპინძლობს, გუნდს, რომელმაც პირველ ტურში "შტუტგარტი" დაამარცხა და სამი ქულა აქვს. თანაც, დიეგოს უკვე შეუძლია "მგლებში" თამაში. "ვოლფების" მენეჯერი დიტერ ჰიონესი ამბობს, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "მაინცთან" დიეგოს დებიუტი აუცილებლად შედგებაო. სხვათა შორის, ამ კვირაში "მაინცმაც" შეძლო კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელის ყიდვა: ალაგუის, რაზმუსენისა და ჰოლტბის შემდეგ, მაინცელებმა ლევერკუზენელი რისსე გადაიბირეს.

პირველ ტურში, მსაჯობით უკმაყოფილო მარტო ერთი გუნდი იყო - ფრანკფურტის "აინტრახტი", რომელიც "ჰანოვერთან" დამარცხდა (1:2). გარდა მსაჯობისა, ფრანკფურტელთა თავდამსხმელმა იოანის ამანატიდისმა თანამემამულე და თანაკლუბელი თეოფანის გეკასი გააკრიტიკა - მეტი უნდა იმოძრავოს და პასები უფრო ხშირად უნდა მომცესო. "აინტრახტის" თავდასხმის ბერძენ დუეტს მეორე შანსი დღეს, "ჰამბურგთან" მატჩში მიეცემა. HშV-მ ერთი კვირის წინ, "შალკესთან" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 2:1 მოიგო. განსაკუთრებით კარგად "ბებრებმა", 34 წლის რუუდ ვან ნისტელროიმ (დუბლი) და 36 წლის ზე რობერტომ ითამაშეს. ასე რომ, არმინ ფეეს გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და "აინტრახტთან" ფავორიტად სამართლიანად მიიჩნევა.

"ნიურნბერგს" მიონხენგლადბახში დამსახურებულად მოპოვებული ქულის (1:1) შემდეგ, საკუთარი გულშემატკივრების გახარება სურს და შინ "ფრაიბურგთან" სამი ქულის მოპოვებას გეგმავს, რათა გასავარდნ ზონას თავიდანვე მოშორდეს, თორემ ყველამ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან, ფრანკები მაინც ამ ზონის სიახლოვეს აღმოჩნდებიან და გადარჩენისთვის მოუწევთ ბრძოლა. როგორც იცით, წინა სეზონში "ნიურნბერგი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას მხოლოდ "აუგსბურგთან" სარელეგაციო დუელში მოპოვებული გამარჯვებით გადაურჩა. "ფრაიბურგმა" პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ზანკტ პაულისთან" წააგო და ლოგიკურად, დღესაც არ არის ფავორიტი (სულაც პირიქით), მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რობინ დუტის გუნდს სტუმრად უფრო ეხერხება ქულების მოპოვება. თანაც, "ფრაიბურგმა" ბოლო გასვლითი მატჩი სწორედ ნიურნბერგში მოიგო (1:0).

ისევ ის ჰოფენჰაიმი?

საღამოს, "ზანკტ პაულის" სტადიონ "მილერნტორზე" დიდი ზეიმია: ჰამბურგული კლუბი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგაში პირველ საშინაო მატჩს ატარებს. "კიცელებმა" ერთი კვირის წინ ფრაიბურგიდან სამი ქულა წაიღეს და ამრიგად, ბუნდესლიგაში სრულყლფილი სტარტი გამოუვიდათ, მაგრამ "ზტ. პაულიზე" უკეთესი სტრატი აიღო "კიცელთა" დღევანდელმა მეტოქემ, "ჰოფენჰაიმმა" - "სოფლელებმა" "ვერდერი" 4:1 გაანადგურეს.

გერმანიაში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ეს ისევ ის "ჰოფენჰაიმია", რომელმაც ორი წლის წინ ყველა გააოცა, ქვას ქვაზე არ ტოვებდა და ბუნდესლიგის პირველი წრე სენსაციურად მოიგო. ყოველ შემთხვევაში, "ჰოფენჰაიმმა" "ვერდერთან" ძველებურად ლაღი და ძალიან მიმზიდველი ფეხბურთი ითამაშა. ასე რომ, "ზტ. პაულისა" და "ჰოფეს" დაპირისპირება ძალიან საინტერესოა და ლამისაა, ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩად მოინათლოს.

ევროპელები კვირას

კვირა დღე ამჯერადაც ევროპის ლიგაში მოასპარეზე გუნდებისაა: წინა კვირას დორტმუნდიდან სამი ქულის წამღები "ლევერკუზენი" "გლადბახს" მასპინძლობს. "ფარმაცევტების" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი კვლავ ათამაშებს გუნდის ლიდერებს, მიხაელ ბალაკს, შტეფან კისლინგსა და სამი ჰიიპიას. "დონ იუპმა" ევროპის ლიგის მატჩში ეს ტრიო დაასვენა. ჰაინკესის გუნდს "გლადბახთანაც" მხოლოდ მოგება სურს. თანაც, ლევერკუზენელებს უნდათ, საკუთარი პუბლიკის წინაშეც დაამტკიცონ, რომ დორტმუნდში შემთხვევით არ მოუგიათ.

ტურს "შტუტგარტისა" და "დორტმუნდის" ძალიან საინტერესო, ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ტურის ცენტრალური
დაპირისპირება დახურავს. პირველი ტურის შემდეგ ამ ორივე თავმომწონე გუნდს ქულების გრაფაში ნული უწერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა BVB-სა და VFB-ს ერთი ქულაც კი აღარ აწყობთ. ეს უფრო "შტუტგარტზე" ითქმის, რომელიც მასპინძელია და ვალდებულია, მოიგოს. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ორივე გუნდმა წარმატებით დაძლია.
გოტფრიდ ლენცი
თ      მ      ფ      წ       ბ      ქ
1. ჰოფენჰაიმი	        1	1	0	0	4-1	3
2. კაიზერსლაუტერნი	1	1	0	0	3-1	3
3. ზტ. პაული	        1	1	0	0	3-1	3
4. ლევერკუზენი	        1	1	0	0	2-0	3
5. მაინცი	                1	1	0	0	2-0	3
6. ჰამბურგი	                1	1	0	0	2-1	3
7. ჰანოვერი	                1	1	0	0	2-1	3
8. ბაიერნი	                1	1	0	0	2-1	3
9. ბორუსია (მ)	        1	0	1	0	1-1	1
10. ნიურნბერგი	        1	0	1	0	1-1	1
11. აინტრახტი	        1	0	0	1	1-2	0
12. შალკე	                1	0	0	1	1-2	0
13. ვოლფსბურგი	        1	0	0	1	1-2	0
14. ფრაიბურგი	        1	0	0	1	1-3	0
15. კიოლნი	                1	0	0	1	1-3	0
16. ბორუსია (დ)   	1	0	0	1	0-2	0
17. შტუტგარტი	        1	0	0	1	0-2	0
18. ვერდერი	        1	0	0	1	1-4	0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული