49 გოლი 2011 წელს

AutoSharing Option
ეს არის შედეგი, რომელიც 2011 წლის შეჯამების თვალსაზრისით ძალიან საამაყოა, 2012 წლის პერსპექტივაში კი მთელი საფეხბურთო გერმანიისთვის იმედის მიმცემი.

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების 26 წლის გოლეადორ მარიო გომესს შეუძლია, თამამად თქვას, რომ 2011 წელი მის კარიერაში საუკეთესო იყო.

წელს მან საერთო ჯამში 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 49 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მას მერე, რაც ფეხბურთის თამაში პროფესიულ დონეზე (2003 წელს) დაიწყო.

32 გოლი ბუნდესლიგაში (16 გასული სეზონის მეორე წრეში, 16 მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში), 2 გოლი გერმანიის თასზე
(1/1), 8 გოლი ჩემპიონთა ლიგაში (2/6) და 7 გოლი გერმანიის ნაკრებში - საერთო ჯამში, წელს გომესს საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.9 გოლი გაჰქონდა, რაც, დაგვეთანხმებით, ბრწყინვალე შედეგია. თუ მარიო ასე გააგრძელებს, შეუძლია, რომ უდიდესი და ერთი შეხედვით დაუმხობადი რეკორდები დაამხოს.

შეგახსენებთ, რომ გომესი ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საუკეთესო შანსი აქვს, ეს ტიტული შეინარჩუნოს. სხვათა შორის, "ბაიერნის" ბოლო თავდამსხმელი, რომელიც ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, მიუნხენური გრანდის ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგეა - მან ეს 1980 (26 გოლით) და 1981 (29) წლებში მოახერხა.

უკანასკნელი ფორვარდი, რომელიც ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი 30-ზე მეტი გოლით გახდა, "კიოლნის" გოლეადორი დიტერ მიულერი გახლდათ, რომელმაც 1976/77 წლების სეზონში ბუნდესლიგაში 34 გოლის გატანა შეძლო. უფრო მეტიც: თეორიულად, გომესს გერდ მიულერის 40-გოლიანი ბარიერის დამხობაც შეუძლია.

ბავარიული გრანდის თავკაც იუპ ჰაინკესს ეს ყველაფერი რეალურად მიაჩნია. "რაც მთავარია, გომესმა კომბინაციური თამაში გააუმჯობესა და ზოგადად, ბოლო დროს უდიდესი პროგრესი განიცადა. ახლა მას მხოლოდ მაშინ უჭირს გოლის გატანა, როცა საგოლე მომენტი კართან ზურგით მდგომს ექმნება," - აცხადებს ჰაინკესი.

კირსტენი: რონალდოს გომესი მირჩევნია!
"ბილდმა" ბუნდესლიგის სხვადასხვა სეზონების საუკეთესო ბომბარდირებს მარიო გომესის შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვა. ცხადია, ყველაზე საინტერესო ნაციის ბომბარდირად წოდებული გერდ მიულერის მოსაზრებაა, რომელიც 1967-დან 1978 წლამდე შვიდჯერ იყო გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი და რომელსაც ბუნდესლიგის 427 შეხვედრაში 365 გოლი აქვს გატანილი.

"ჩემი აზრით, ნამდვილად არ არის არარეალური ის, რომ მარიომ სეზონში 40 გოლზე მეტი გაიტანოს და ამით ჩემი მიღწევა გაიმეოროს ან სულაც გააუმჯობესოს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ახლა პერსონალურ დაცვას აღარ თამაშობენ," - აცხადებს 66 წლის გერდი.

"მარიო არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც პუბლიკას დრიბლინგებით გაანებივრებს, მაგრამ ასეთი არც გერდ მიულერი იყო. გომესი სრულყოფილი საგოლე მანქანაა," - ამბობს 40 წლის ფრედი ბობიჩი, რომელიც ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი 1996 წელს, "შტუტგარტის" რიგებში 17 გოლით გახდა.

"მარიო არა მარტო გერმანული ფეხბურთის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია და მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორიცაა. პირადად მე კრიშტიანო რონალდოს გომესი მირჩევნია - მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი არ არის კლასიკური ცენტრფორვარდი. მარიო ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესს განაგრძობს," - ეს 46 წლის ულფ კირსტენის სიტყვებია, რომელიც ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი 1997 და 1998 წლებში (22-22 გოლით) იყო.

ჰანეს ლიორი (69 წლის, ბუნდესლიგის ბომბარდირი 1968 წელს 27 გოლით): "გომესმა სენსაციური პროგრესი განიცადა და ახლა თავდაჯერებულიცაა, რაც ყველა თავდამსხმელს სჭირდება. ვფიქრობ, ამ სეზონში მინიმუმ 30 გოლს გაიტანს, რაც არა მარტო მისი, არამედ იმის დამსახურებაცაა, რომ "ბაიერნში" ბრწყინვალე მეპასეები ჰყავს."

ბუნდესლიგის ბომბარდირების რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი წელი გოლები
1. გ. მიულერი ბაიერნი 1972 40
2. გ. მიულერი ბაიერნი 1970 38
3. გ. მიულერი ბაიერნი 1973 36
4. დ. მიულერი კიოლნი 1977 34
5. ლ. ემერიხი დორტმუნდი 1966 31
6. უ. ზეელერი ჰამბურგი 1964 30
7. გ. მიულერი ბაიერნი 1969 30
8. გ. მიულერი/ი. ჰაინკესი ბაიერნი/გლადბახი 1974 30
9. ი. ჰაინკესი გლადბახი 1975 29
10. კ. ფიშერი შალკე 1976 29
11. კ.ჰ. რუმენიგე ბაიერნი 1981 29
12. ლ. ემერიხი/გ. მიულერი დორტმუნდი-ბაიერნი 1967 28
13. აილტონი ვერდერი 2004 28
14. გრაფიტე ვოლფსბურგი 2009 28
15. მ. გომესი ბაიერნი 2011 28

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული