კურანი იმედს არ კარგავს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებიდან 2008 წელს მოკვეთილი თავდამსხმელი კევინ კურანი ბუნდესგუნდში დაბრუნების იმედს არ კარგავს.

"გამორიცხული არასდროს არაფერია. არც ის, რომ გერმანიის ნაკრებში დამაბრუნონ. ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი და ამ შეცდომის გამო ბოდიშიც არაერთხელ მოვიხადე. მეტი რა უნდა ვქნა?" - აცხადებს 29 წლის თავდამსხმელი, რომელიც ახლა მოსკოვის "დინამოს" ღირსებას იცავს.

2008 წლის შემოდგომაზე, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კევინი ბუნდესგუნდიდან იმის გამო მოკვეთა, რომ იმხანად "შალკეს" თავდამსხმელმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის (რუსეთთან) დროს, სტადიონი ჯერ კიდევ შეხვედრის დასრულებამდე დატოვა. კურანი მაშინ
იმის გამო განაწყენდა, რომ ლიოვმა 18-კაციანი განაცხადის მიღმა დატოვა.

ლიოვმა თქვა, სანამ გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ვარ, კურანი ბუნდესგუნდში ვეღარ ითამაშებსო. მიუხედავად იმისა, რომ მას მერე კევინმა ბოდიში მართლაც არაერთხელ მოიხადა, იოგი "შტუტგარტისა" და "შალკეს" ყოფილ ფორვარდს, რომელსაც გერმანიის პირველ გუნდში 52 მატჩი აქვს ჩატარებული (19 გოლი), ყურადღებას არ აქცევს.

2010 წლის მუნდიალის შემდეგ კურანიმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში დაისახა მიზნად. რაც არ უნდა იყოს, კევინს ბუნდესგუნდში მოსკოვის "დინამოდან" მოხვედრა მაინც გაუჭირდება. თანაც, რუსული კლუბის დატოვებას არ აპირებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული