ული ჰიონესი 60 წლისაა - დავბერდი, ანდერძს კი ვერ ვწერ...

AutoSharing Option
დღეს ული ჰიონესი 60 წლის გახდა. მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი, რომელიც არა მარტო მიუნხენში, არამედ გერმანიაში და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებული, უაღრესად წონადი ფიგურაა, "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავის საფეხბურთო და ცხოვრებისეულ ფილოსოფიას გვიმხელს.

"რომანტიკოსი ისედაც არ ვარ და რაკი თავისუფალი დრო დღესაც ძალიან ცოტა მაქვს, ჩემს წარსულზე ბევრს ვერ გესაუბრებით. წარსულზე საუბარი და განვლილ გზაზე ფიქრი არც მინდა. ფეხბურთში ყოველთვის აწმყოსა და მომავალზე უნდა იფიქრო," - უთხრა ულიმ "ბილდის" ჟურნალისტს მისალმების შემდეგ.

მერე იყო პირველი კითხვა:

- ჰერ ჰიონეს, 5 იანვარს
60 წლის ხდებით... რას ისურვებდით
"ბაიერნის" პრეზიდენტის რანგში?
- ვფიქრობ, ეს რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს: რა თქმა უნდა, 19 მაისზე ვოცნებობ - მინდა, რომ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეს. რომ წარმოვიდგენ, როგორი ატმოსფერო იქნება მიუნხენის "ალიანს არენაზე", თუკი "ბაიერნი" ფინალში გასვლას შეძლებს, თმები ყალყზე მიდგება და მაჟრიალებს ხოლმე. ასეთი რანგის ტურნირის ფინალში გასვლა მაშინ, როცა დასკვნითი მატჩი შენს სტადიონზე უნდა გაიმართოს, ფანტასტიკური რამ არის და ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ თუ ხდება - თუკი საერთოდ ხდება.

- 1982 წელს, დაბადების დღეზე ავიაკატასტროფაში მოყევით. ამბობენ, იმ დღის შემდეგ ული ჰიონესი იუბილეს დიდხანს არ აღნიშნავდაო.
- პირველი იუბილე ავღნიშნე და ისეთი განცდა მქონდა, თითქოს თავიდან დავიბადე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ზეიმის უფლება არ მქონდა. იმ ავიაკატასტროფას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რის გამოც დაბადების დღეების აღნიშვნის სურვილი გამიქრა. მას მერე იუბილეს ყოველთვის ძალიან მოკრძალებულად ვზეიმობ - ამას ზეიმი არც ქვია. რამდენიმე თვის წინ, გოლფის ტურნირზე დაღუპული პილოტის მეუღლე შემხვდა - თურმე მეორედ გათხოვდა და შვილიც გაუჩნდა... გამიხარდა, რომ კარგად არის. ავარიის ფოტოებს თვალი რომ გადაავლოთ, გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ მე აბსოლუტურად უვნებელი გადავრჩი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოხდა.

როგორც ჩანს, იმ დღეს ჩემზე 100 000 მფარველი ანგელოზი ზრუნავდა! სულ უკან, მარჯვენა სავარძელზე ვიჯექი და ეს იყო ერთადერთი ადგილი, რომელიც ფაქტობრივად არ დაზიანებულა. სხვათა შორის, მას მერე თვითფრინავში ყოველთვის უკან და მარჯვნივ ვჯდები.

- იმ დღის შემდეგ აღარაფრის გეშინიათ?
- არა, ასე არ არის. იმ დღის შემდეგ ფრენის ცოტათი უფრო მეტად მეშინია. მაგალითად, ყოველთვის ვაკვირდები, რომელ თვითმფრინავში ვჯები. ნაკლებად ცნობილ და საეჭვო ავიაკომპანიებს არ ვენდობი. როცა სამხრეთ ამერიკიდან მიწევს გამოფრენა, თუ ვნახავ, რომ სხვა ავიაკომპანია გერმანიაში პირდაპირი რეისით ჩამომიყვანს, ხოლო გერმანული "ლუფთჰანზას" არჩევის შემთხვევაში გადაჯდომა მომიწევს, მაინც "ლუფთჰანზას" ვირჩევ ხოლმე - იმიტომ, რომ გერმანულ ხარისხში დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ თვითმფრინავებს ზედმიწევნით ზუსტად ამოწმებენ. რეკლამა გამომივიდა (იცინის), მაგრამ ასეა. ჩემს შვილებს იაფფასიანი ავიაკომპანიებით ფრენა კატეგორიულად ავუკრძალე. ვუთხარი, ფასში განსხვავებას ყოველთვის მე გადავიხდი-მეთქი. უსაფრთხოება ფასდაუდებელია!

- 60 წლის ასაკში ავადმყოფობის ეშინიათ ხოლმე.
- ვფიქრობ, რომ ამას აზრი არ აქვს. მადლობა ღმერთს, ჩემი უახლოესი მეგობრები საუკეთესო ექიმები არიან. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი უდიდესი პრივილეგიაა.

- ანდერძი დაწერილი გაქვთ?
- არა და ჩემი მეუღლე სუზი ამის გამო ხშირად მეჩხუბება. უნდა ვაღიარო, რომ ამ მხრივ სერიოზული პრობლემა მაქვს - ანდერძის დაწერას ვერ ვახერხებ.

- რატომ?
- მიჭირს და მორჩა! ზოგადად დარწმუნებული ვარ, რომ როცა მოვკვდები, ჩემი ოჯახის წევრები ქონების გაყოფისას არ იჩხუბებენ. როცა ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ, მემკვიდრეობის ნაწილზე უარი ვთქვი და მთლიანად ჩემს ძმას, დიტერს დავუთმე, რადგან მაშინ ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ ფინანსურ მდგომარეობაში იყო.

ფაქტია, რომ ანდერძი დასაწერი მაქვს, რადგან ეს აუცილებელია და სხვათა შორის, მინდა, რომ რაც შეიძლება მალე დავწერო, რადგან არ ვიცი, რა იქნება მომავალში - იქნებ კანონები შეიცვალოს.

- ვიცით, რომ ინტერნეტს ვერ
"დაუმეგობრდით". პერსონალური ელექტრონული ფოსტა ისევ არ გაქვთ?
- არ მაქვს და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან რომ მქონდეს, ყოველდღე მინიმუმ 500 წერილის წაკითხვა მომიწევდა. ელექტრონული წერილების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ უაზროა და მე ნამდვილად არ მინდა, რომ ამაში ყოველდღე 2-3 საათი დავკარგო. ვისაც მართლა სერიოზული საქმე აქვს, შეუძლია დამირეკოს და თუ მაინცდამაინც წერილობით უნდა მომართვა და თანაც აუცილებლად ელექტრონულად, ჩემს მეუღლესთან გამოვაგზავნინებ. მერე სუზი ამომიბეჭდავს და მომცემს.

- ამ ინტერვიუს ჩაწერა ფაქსით გთხოვეთ. დღეს ფაქსს ფაქტობრივად აღარავინ იყენებს.
- ასეა, მაგრამ ეს კარგია. ასეთ შემთხვევაში ჩემამდე მხოლოდ ისეთი წერილი მოაღწევს, რამაც მართლა უნდა მოაღწიოს. იცით, ზოგადად ყველანი ყურადღებით უნდა ვიყოთ: ადამიანები ფიქრობენ, რომ არა ინტერნეტი, მსოფლიო ვერ იფუნქციონირებდაო, მაგრამ ეს ხომ აფსურდია? ინტერნეტი ისე უნდა გამოვიყენოთ, რაც სინამდვილეშია - საქმის გასამარტივებლად. დედამიწამ 21-ე საუკუნემდე ინტერნეტის გარეშე "როგორღაც" ხომ მოაღწია? სხვათა შორის, აი, ჩემს მობილურ ტელეფონში ნომრები არ მაქვს ჩაწერილი.

- ხუმრობთ?
- არ ვხრუმრობ! იმიტომ კი არა, რომ ტექნიკას ვერაფერი გავუგე, არამედ იმის გამო, რომ მეშინია, ერთ დღესაც არ დავკარგო. უახლოესი ხალხის ნომრები ზეპირად ვიცი. ჩემი აზრით, თუ ადამიანს ელემენტარულის დამახსოვრება ეზარება, ტვინის გაზარმაცებით ცხოვრებაში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რამეს ვეღარ შეამჩნევს.

- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება ფეხბურთი უახლოეს 10 წელიწადში?
- იმედი მაქვს, რომ ფეხბურთი თავის სტატუსს შეინარჩუნებს. ამაზე მეტ მნიშვნელობას კი სპორტის ეს სახეობა ნამდვილად ვერ შეიძენს, რადგან აბა, წარმოიდგინეთ: ნუთუ რეალურია ის, რომ საინფორმაციო გამოშვებაში პირველად შვაინშტაიგერის ტრავმის შესახებ გვამცნონ და მხოლოდ ამის შემდეგ თქვან, რომ ვლადიმირ პუტინი გადადგა?

- ამბობენ, მარკო როისი
"ბაიერნს" დორტმუნდის "ბორუსიას" ამჯობინებსო.
- ამ თემამ უკვე დამღალა. არა მგონია, რომ "ბაიერნი" შეტევაში გაძლიერებას საჭიროებდეს. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: როისმა რომ თქვას, "ბაიერნში" გადასვლა მინდაო, "ბაიერნი" ნამდვილად არ იტყვის, რომ როისი არ უნდა. ჩემი აზრით, დღესდღეობით ჩვენს გუნდს გაძლიერება უფრო უკანა ხაზში სჭირდება. ბრენოს ფაქტობრივად უკანასკნელი შანსი ეძლევა, რომ თავი გამოიჩინოს და "ბაიერნში" ადგილი დაიმკვიდროს. სეზონის ბოლომდე თუ არ დაგვიმტკიცა, რომ ბაიერნელობის ღირსია, ზაფხულში დავემშვიდობებით.

- 2022 წელს "ბაიერნის" დირექტორატში ოლივერ კანი, შტეფან ეფენბერგი და მეჰმეთ შოლი იქნებიან?
- მომდევნო 5-8 წლის განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ის იქნება, რომ ხელმძღვანელობაში ცვლილებები კარგად დავგეგმოთ.

- და ექს-ბაიერნელები პრივილეგიებით ისარგებლებენ?
- ცხადია, რადგან "ბაიერნს" ასეთი ტრადიცია აქვს. კანი, ეფენბერგი, შოლი, სანიოლი, იერემისი და სხვათა შორის, ბუტიც - აი, ამათზე ვფიქრობ. მაგრამ ისიც ცხადია, რომ "ბაიერნის" შეფი ვერ გახდება ისეთი პიროვნება, რომელსაც შესაძლებლობები სხვაგან არ აქვს დამტკიცებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული