პისარო ან ბერბატოვი მიუნხენში?

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელები ზაფხულისთვის "შალკეს" კაპიტნისა და დაცვის ბურჯის, ბენედიქტ ჰიოვედესის გადაბირებაზე ფიქრობენ.

უახლესი ინფორმაციით, თუ რეკორდმაისტერი ამ უკანასკნელს ვერ შეიძენს, მიზანს "შტუტგარტის" მცველ გეორგ ნიდერმაიერისკენ მიმართავს. აღსანიშნავია, რომ 25 წლის ნიდერმაიერი შვაბურ კლუბში სწორედ "ბაიერნიდან" (2009 წელს) გადავიდა.

დაცვის გარდა, ბავარიელები ზაფხულში თავდასხმის გაძლიერებასაც გეგმავენ. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ივიცა ოლიჩს მიუნხენიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს. "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, რეკორდმაისტერის შეფები სერიოზულად ფიქრობენ კლაუდიო პისაროს "ბაიერნში" დაბრუნებაზე, რომელმაც მიუნხენი 2007 წელს დატოვა და
ჯერ "ჩელსიში" თამაშობდა, მერე კი "ვერდერში" დაბრუნდა. ვეტერანი პერუელი "ვერდერში" ძალიან კარგად გამოიყურება და ფაქტია, რომ მიუნხენურ გრანდს მარიო გომესის ალტერნატივად გამოადგება.

"შპორტ ბილდი" იმასაც წერს, რომ თუ პისაროს ტრანსფერი არ გამოვიდა, "ბაიერნი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ბულაგრელი თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის გადაბირებას შეეცდება. რეკორდმაისტერი ზაფხულისთვის ახალი ცენტრფორვარდის ძებნას მას მერე შეუდგა, რაც ოლიჩმა "ქვა ააგდო და თავი შეუშვირა" - მიუნხენში მაქსიმუმ ზაფხულამდე დავრჩები, მერე კი აუცილებლად წავალო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ხორვატს გული "ვოლფსბურგისკენ" მიუწევს. ამასთან, "შპორტ ბილდის" ცნობით, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს ფრაიბურგელი პაპის დემბა სისეს ყიდვა აღარ უნდათ.

რაც შეეხება უკრაინელ საყრდენ ნახევარმცველ ანატოლი ტიმოშჩუკს. მოგეხსენებათ, მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება ავტომატურად იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ უკრაინელი ამ სეზონში მინიმუმ 25 შეხვედრას ჩაატარებს, თანაც ისე, რომ თითოეულში მოედანზე მინიმუმ 45 წუთს გაატარებს. ტიმოშჩუკს ამ მისიის შესრულებამდე 9 მატჩი აკლია.

დანიელ ვან ბუიტენისა და ბრენოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ "ბაიერნი" ახალ კონტრაქტებს ორივეს შესთავაზებს. ტაკაში უსამის ბედს კი, ბავარიული გრანდის პრეზიდენტი ული ჰიონესი ამ დღეებში გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ უსამი "ბაიერნს" "ოსაკადან" არენდით ჰყავს აყვანილი. სამაგიეროდ, ასი პროცენტით გადაწყვეტილია დანიელ პრანიჩის წასვლა. მასთან ერთად, ზაფხულში რეკორდმაისტერს ვეტერანები, როუვენ ზატელმაიერი და ჰანს-იორგ ბუტიც დატოვებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული