პოგრებნიაკს აგდებენ!

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის ბოლოს "შტუტგარტში" არაერთ ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი და ერთ-ერთი მათგანი 28 წლის რუსი თავდამსხმელი პაველ პოგრებნიაკია.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შვაბებს მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ სურთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში პოგრებნიაკი "შტუტგარტს" დატოვებს.

შვაბებმა პაველი 2009 წელს შეიძინეს. მას "შტუტგარტში" მარიო გომესი უნდა შეეცვალა, რომელიც იმხანად მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდა. რუსმა თავდამსხმელმა მას მერე რამდენჯერმე მართლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ფაქტია, რომ გომესის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ გახდა. გუშინ მისმა მრჩეველმა ოლეგ არტიომოვმა რუსულ გაზეთ "სპორტ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა,
რომ "პაშკა" "შტუტგარტთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. ოღონდ, მისი ვერსიით, ეს თავად პოგრებნიაკის სურვილია. "ბილდი" კი წერს, რომ რუს ფორვარდს შტუტგარტელები უშვებენ.

აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ პოგრებნიაკმა "შტუტგარტი" ახლავე დატოვოს. "შტუტგარტს" ეს აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში მის სანაცვლოდ ფინანსურ ხეირსაც ნახავს, ზაფხულში კი თავის დროზე 4.8 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელის დათმობა უფასოდ მოუწევს.

ამასობაში, "შტუტგარტი" უფრო და უფრო აქტიურად ცდილობს "ვოლფსბურგიდან" სრდიან ლაკიჩის გადაბირებას. შვაბთა ბოსმა გერდ მოიზერმა ეს ცნობა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა - ლაკიჩი სწორედ ისეთი ცენტრფორვარდია, როგორიც გვჭირდება და იმედია, რომ მისი გადმობირებას ახლავე შევძლებთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული