"ხუმარების" მთავარ მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს ნახევარდაცვის ცენტრში, კერძოდ, საყრდენების პოზიციებზე უჭირს. 30 წლის ჯერმეინ ჯონსს ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, 21 წლის ლუის ჰოლტბი კი ტრავმირებულია. "შალკეს" ექიმებს ჯერჯერობით უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენ ხანს მოუწევს ახალგაზრდა ნახევარმცველს დასვენება, თავად ფეხბურთელს კი გული ცუდს უგრძნობს - ჰოლტბი ამბობს, მარცხენა მუხლი ისე მტკივა, რომ ვფიქრობ, ხანგრძლივ პაუზას ვერ გადავურჩებიო. 58 წლის სტევენსის თქმით,
მიუხედავად ასეთი ვითარებისა, სტევენსი ნახევარდაცვაში არც 19 წლის კირიაკოს პაპადოპულოსს დააბრუნებს და არც 20 წლის ჯოელ მატიპს - ჰოლანდიელ სპეციალისტს ორივე დაცვის ცენტრში სჭირდება. თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები მაინც არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, სტევენსი იძულებული გახდეს, ამგვარ როტაციას მიმართოს, რადგან "ალ აჰლისთან" ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც "შალკემ" 1:2 წააგო, საყრდენებად 21 წლის კრისტოფ მორიტცი და 22 წლის მარკო ჰიოგერი ათამაშა, მატჩის შემდეგ კი უკმაყოფილო იყო - მორიტცი სულაც 30 წუთის შემდეგ გაიყვანა მოედნიდან.
ჰიოგერი შედარებით უკეთ გამოიყურებოდა და მას ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა თითქმის განაღდებული აქვს. რაც შეეხება მეორე საყრდენს: სტევენსმა ბევრი უნდა იფიქროს. "ხუმარებს" მიონხენგლადბახელი რომან ნოიშტედტერის გადაბირება ახლავე სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს და რაკი 23 წლის ფეხბურთელი "შალკეში" მხოლოდ სეზონის ბოლოს გადავა, მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი აღარ გამორიცხავს იმას, რომ გელზენკირხენელები იანვარში სატრანსფერი ბაზარზე მაინც გააქტიურდნენ.
ჰუნტელაარი: რა თქმა უნდა, შეგვიძლია!
მიუხედავად იმისა, გაძლიერდება თუ არა "შალკე", გუნდის გოლეადორ კლაას-იან ჰუნტელაარს სჯერა, რომ ლევან ყენიას კლუბს გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ამ სეზონშივე შეუძლია. "რა თქმა უნდა, ეს რეალურია, - აცხადებს ჰოლანდიელი თავდამსხმელი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - პირველი წრე იმდენივე ქულით დავასრულეთ, რამდენიც დორტმუნდის "ბორუსიამ" დააგროვა, "ბაიერნს" კი მხოლოდ სამით ჩამოვრჩით.
სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ "ვერცხლის სინისთვის" უნდა ვიბრძოლოთ. შანსი აშკარად გვაქვს და რატომ არ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მისი გამოყენებისთვის?"
შეგახსენებთ, რომ ჰუნტელაარმა ბუნდესლიგის პირველ წრეში 15 გოლი გაიტანა და ამ შედეგით "შალკეს" საუკეთესო გოლეადორია. ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში კი ჰოლანდიელი მეორე ადგილზეა და ბაიერნელ მარიო გომესს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"