27 წლის ჰუნტელაარში "შალკემ" "მილანს" 14 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა იმ ფორვარდისთვის, რომელსაც ბოლო დროს ისეთი პატივსაცემი აღარ არის, როგორც ერთ დროს, კერძოდ, ამსტერდამის "აიაქსში" თამაშის დროს იყო. ჰუნტელაარს "მილანთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებ
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჰუნტელაარმა მსოფლიოს ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჰუნტელაარს "შალკეში" "ძველი ნაცნობი", რაული დახვდება. ჰოლანდიელი და ესპანელი "რეალში" ერთად თამაშობდნენ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მოედანზე ერთად ყოფნა ძალიან იშვიათად უწევდათ.
რაც შეეხება ხურადოს ტრანსფერს: "შალკე" და "ატლეტიკო" გუშინ შეთანხმდნენ. "ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა უარს უბრალოდ ვერ ამბობ. ახლა სწორედ ასეთი შემთხვევაა და მიხარია, რომ "შალკეში" ვითამაშებ. ამ გუნდს უდიდესი მიზნები აქვს და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ "შალკესთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიო," - განაცხადა 24 წლის ხურადომ, რომელმაც პრიმერადივიზიონის პირველ ტურში "ხიხონთან" (4:0 "ატლეტიკოს" სასარგებლოდ) გოლი გაიტანა და რომელიც მატჩის 78-ე წუთზე შეცვალეს.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, "შალკეს" ხურადოს ტრანსფერი 13 მილიონი ევრო დაუჯდა. გასულ სეზონში ხურადომ "ატლეტიკოს" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლის გატანა შეძლო. ამრიგად, ხურადო რუმინელი ჩიპრიან დეაცის შემდეგ, "შალკესთვის" რიგით მეორე ახალი შემტევი ნახევარმცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ტრავმირებულ ლევან ყენიას კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა.
ბუნდესლიგაში განცდილმა ორმა მარცხმა ფელიქს მაგათი მიახვედრა, რომ მის გუნდს დაცვაშიც სჭირდებოდა გაძლიერება. სწორედ ამიტომ, "დესპოტმა ფელიქსმა" გუშინ მესამე ტრანსფერიც (!) გაჩარხა და ფრანგული "ლილიდან" ცენტრალური მცველი ნიკოლა პლესტანიც გადაიბირა. "გერმანიის თასზე, "აალენთან" და ბუნდესლიგის პირველ ტურში, "ჰამბურგთან" მატჩიც შევამჩნიე, რომ დაცვაში გვიჭირდა და მივხვდი, რომ ამ პოზიციაზე კიდევ უნდა გავძლიერებულიყავით," - უთხრა მაგათმა "კიკერს".
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში პლესტანმა "ლილში" მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მაგათის აზრით, ეს ფეხბურთელი არ არის დაბალი კლასის. საინტერესოა ისიც, რომ მაგათს ამ მცველის ყიდვა 2009 წელსაც სურდა, როცა ის ჯერ კიდევ "ვოლფსბურგის" თავკაცი გახლდათ. პლესტანის შეძენა ფელიქსისთვის პირველ რიგში იმის გამო გახდა პრიორიტეტული, რომ "რეალიდან" გადმოყვანილი კრისტოფ მეტცელდერი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩებში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.