დაცვასაც მიხედეს და თავდასხმასაც

AutoSharing Option
ბუნდესლიგის აუტსაიდერმა "ფრაიბურგმა" ორი საინტერესო ტრანსფერი სრულყო. გუნდმა, რომელსაც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხე ემუქრება და პირველი წრის შემდეგ ფაქტობრივად უპერსპექტივოა, დაცვა და თავდასხმა გააძლიერა.

ბრაისგაუელებმა სანკტ პეტერბურგის "ზენიტიდან" დანიელი მცველი მიქაელ ლუმბი სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს და მისი უპირატესი შესყიდვის უფლებაც მიიღეს. რაც შეეხება წინა ხაზს: "ფრაიმ" "კიოლნის" ფორვარდი სებასტიან ფრაისი გადაიბირა.

24 წლის ლუმბი "ფრაიბურგს" ესპანეთში შეუერთდა და "ხერესთან" ამხანაგურ მატჩში (3:1) გოლის გატანაც შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ბრაისგაუელთა ახალმა მწვრთნელმა კრისტიან შტრაიხმა ლუმბი "ვინტერტურთან" ტესტ-მატჩშიც ათამაშა, რაც იმას ნიშნავს,
რომ მას გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი განაღდებული აქვს. ფრაისი კი, რომელსაც "კიოლნში" ბოლო დროს მუდმივად სათადარიგოთა სკამს ახეხინებდნენ, სრულფასოვანი ფრაიბურგელი გახდა. ტრანსფერის ღირებულება გასაიდუმლოებულია.

ფრაისის ტრანსფერის შემდეგ უფრო რეალური გახდა, რომ "ფრაიბურგი" მთავარმა გოლეადორმა პაპის დემბა სისემ (9 გოლი პირველ წრეში) დატოვოს. ახალი ინფორმაციით, ამ უკანასკნელს "სანდერლენდში" ეპატიჟებიან და ინგლისური კლუბი მზადაა, "ფრაიბურგს" 12 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაზეც ბრაისგაუელები უარს ვერ იტყვიან. სისეს არაერთხელ უთქვამს, რომ ინგლისში თამაშზე ოცნებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული